საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებულის გარეშე | რა ხდება პერუში?

პერუს პრეზიდენტობის კანდიდატის, პედრო კასტილიოს, მხარდამჭერი აქცია ლიმაში.
Sebastian Castaneda/ Reuters

2021 წლის 6 ივნისს პერუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. Მასში ერთმანეთს ორი სრულიად განსხვავებული შეხედულებების მქონე კანდიდატი დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ორი კვირის წინ ჩატარდა, ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რის გამოც გამარჯვებულის ვინაობა დღემდე უცნობია.

საარჩევნო პროცესების მართვის ეროვნული სამსახურის შედეგებით, პედრო კასტილიომ, რომელიც მემარცხენე პოლიტიკური პარტია „თავისუფალი პერუ“-ს ლიდერია, საერთო ხმების 50.125% მიიღო და მემარჯვენე პარტია „ხალხის ძალა“-ს ლიდერი ქალი კეიკო ფუხიმორი დაამარცხა, რომელსაც ხმების 49.875% ერგო. აღნიშნული მონაცემებით, კასტილიომ 0.25%-იანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ჯამში 44 058 ხმას შეადგენს.

ხმების დათვლის პროცესის დასრულებისთანავე, პედრო კასტილიომ Twitter-ზე პროფილი შეცვალა და ავტობიოგრაფიაში „არჩეული პრეზიდენტი“ მიუთითა. Მოგვიანებით კი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც აცხადებდა, რომ პერუს ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება და მისი რეჟიმი მოქალაქეების ღირსებასა და სამართლიანობას დაიცავს.

თუმცა კასტილიოს ეს გამარჯვება კეიკო ფუხიმორმა არ აღიარა და აღნიშნა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ფუხიმორის განცხადებით, 2021 წლის არჩევნები განმსაზღვრელია პერუს ახალი საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბების საქმეში და სწორედ ახლა წყდება შენარჩუნდება პერუში სოციალისტური რეჟიმი თუ ქვეყანა ახალი რეფორმების გზით კორუფციული ჭაობიდან ამოვა და გაზრდის გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიის ხარისხს. 

პერუს პრეზიდენტობის კანდიდატის, კეიკო ფუხიმორა საკუთარი მხარდამჭერების აქციაზე. Gerardo Marin/ Reuters

დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამარჯვებული კანდიდატის გამოცხადებაზეა პასუხისმგებელი, ეროვნული საარჩევნო კოლეგიაა. კეიკო ფუხიმორის პარტიამ არაერთი საჩივარი უკვე წარუდგინა აღნიშნულ კოლეგიას, რითაც მათ კასტილიო ხმების მოპარვაში დაადანაშაულეს და საარჩევნო ოქმების განმეორებითი გადახედვა მოითხოვეს. 

გასულ კვირას ფუხიმორმა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები წარმოადგინა და 200 000 ხმის განულება მოითხოვა. ამასთანავე, ეჭვქვეშ დააყენა განაპირა სოფლების საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა მიხედვითაც, ფუხიმორს არცერთი ხმა არ მიუღია.

ფუხიმორის ამ განცხადების შემდეგ კასტილიოს თავისი მომხრეები ამოუდგნენ მხარში და განაცხადეს, რომ პარტია „თავისუფალ პერუ“-ს განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს სოფლად, რის გამოც ასეთი შედეგები გასაკვირი არ უნდა იყოს. ამის მიუხედავად, კასტილიოსა და ფუხიმორის მხარდამჭერების დაპირისპირება ლიმას ქუჩებში კვლავ გრძელდება.

ეროვნული საარჩევნო კოლეგიის პრეზიდენტმა, ხორხე ლუის სალას არენამ, პერუელებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ გამარჯვებულის ვინაობა მანამდე არ გამოცხადდება, სანამ კოლეგია ყველა სადავო შემაჯამებელ ოქმს არ განიხილავს. მოსმენები, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირაც გაიწელოს. 

წყარო: BBC

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.