უკომპრომისო მოთამაშე

ინტერვიუ ანა ნაკაშიძესთან

© ანა ბოკო

ანა ნაკაშიძე AzerTelcom-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა და ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში, ტექნიკურ და კომერციულ ასპექტებში მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს. გული შესტკივა იმაზე, რომ გადაწყვეტილებების მიმღებთა რიგებში, ხშირად, მხოლოდ თავადაა ქალი.

როგორ დაიწყო მისი ისტორია, რამდენად პოზიტიურად უყურებს ქალთა ეკონომიკურ აქტივობას და რა რჩევები აქვს მას ჩვენთვის, ქალებისთვის, რომლებიც საზღვრებს შიგნითაც ვეძებთ მისაბაძ მაგალითებს.

ანა ნაკაშიძის ისტორია

მოდით დავიწყოთ ბავშვობით, როგორი ბავშვი იყავით სკოლაში? ამ პერიოდში ხომ არ გამოიკვეთა მოტივაცია, რამაც სწავლის მიმართ ინტერესი გაგიღვივათ?

საკმაოდ არაორდინალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ორივე მშობელი ფიზიკოსია. ძალიან არასტანდარტულად მოაზროვნე მამა მყავდა, რომელიც საოცარ თავისუფლებას მაძლევდა ყველაფერში. ამ თავისუფლებამ და არაორდინარულობამ ინსტინქტად ჩამომიყალიბა საზღვრების და შეზღუდვების ეჭვქვეშ დაყენება. ბავშვობაში ძალიან მინდოდა კოსმონავტობა, ეს დღემდე ჩემი ოცნებაა. ეს ოცნება დაიმსხვრა საბჭოთა კავშირის მსხვრევასთან ერთად. იმ გარდამტეხი პროცესების შემყურე, ზუსტად ვხვდებოდი, რომ კოსმონავტობა აუხდენელი ოცნება იყო. თუმცა ამ ოცნებამ მიდრეკილება უფრო საბუნებისმტყველო საგნებისადმი განმივითარა.

შემდეგ ჩავაბარე კომაროვში, სადაც ეს ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდა. კავშირგაბმულობის, როგორც პროფესიის შერჩევა, ძალიან შემთხვევით მოხდა. მკაფიოდ მახსოვს კომაროვის გამოსაშვები ბოლო გამოცდა მათემატიკაში, დიდი სტრესი….

კომაროვის მოსწავლეებისთვის ეს ნაცნობი ამბავია. ბოლო გამოცდაზე კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანი, თამაზ კუპატაძე შემოვიდა და ამ პროფესიის შესახებ გვესაუბრა, რამაც, საბოლოოდ, ჩემს პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ ადამიანს სჯეროდა ჩემი, ჩემში პოტენციალს ხედავდა. ადამიანმა და მისმა რჩევებმა ჩემს კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებელია ადამიანს თავიდანვე ჰყავდეს მენტორი და სწორი ორიენტაციით დაიწყოს განვითარება.

უნივერსიტეტის ბოლო კურსზე გაცვლითი პროგრამით ინგლისში მოვხვდი, მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში, სადაც თეზისი ამავე სფეროში დავიცავი და ბაკალავრიატი დავხურე. დღევანდელი შესაძლებლობები, რადიკალურად განსხვავდება მაშინდელისგან. წყლითა და შუქით დაწყებული, ინფორმაციის მოძიების წყაროებით დამთავრებული, არანაირი რესურსი არ არსებობდა. საკუთარ თავზე მუშაობა და თვითგანვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, განსხვავებით ამ პერიოდისგან, როცა პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის არსებული ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები მრავლად არსებობს.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოწვევა და რას თვლით თქვენს ყველაზე ღირებულ პროფესიულ მიღწევად?

ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოწვევა იყო ნებისმიერი მარცხი, პრობლემა და კრიზისული მდგომარეობა. საკუთარი გამოცდილებიდან ერთი მთავარი დასკვნა გამოვიტანე – ბედნიერების მისაღწევად, არა მხოლოდ პროფესიული მიმართულებით, არამედ პირად ჭრილშიც, ინტელექტუალურად, ემოციურად, ფიზიკურად, თვითრეალიზება და მუდმივი განვითარებაა საჭირო. განვითარება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა კომფორტის ზონას ტოვებ და კრიზისებში აბიჯებ. კრიზისები ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

© ანა ბოკო

ამჟამად AzerTelecom-ში მუშაობთ. კონკრეტულად რა შედის თქვენს სამსახურეობრივ პასუხისმგებლობაში?

ახლა ვარ AzerTelecom-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საოპერაციო დარგში. ჩემი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა ტექნიკური და კომერციული ასპექტების კურირებას მოიცავს. მაგალითად, ვმუშაობ საერთაშორისო საბითუმო ინტერნეტ ვაჭრობაზე, ინტერნეტ მომსახურების და სატელეკომუნკაციო მომსახურებების საბითუმო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ჯგუფში მყოფ ყველა კომპანიას ინტერნეტით ამარაგებს და მათ კავშირებს უზრუნველყოფს.

ჩემთვის აზერბაიჯანში გადასვლა, რომელიც განსხვავებული წესების მქონე ბაზარია, კომფორტის ზონიდან გასვლა იყო. როცა საქართველოში ამდენი წლის განმავლობაში მუშაობ, გარკვეულ რეპუტაციას იქმნი, ადგილობრივ დონეზე გამოცდილებას და ცოდნას აგროვებ, უკვე კომფორტის ზონაში ხარ. აქედან გამომდინარე, როცა ახალ ქვეყანაში გადადიხარ, თვითდამკვიდრება და სოციალური კაპიტალის მოპოვება ახალი გამოწვევა და კრიზისია, განვითარების ახალი ეტაპია.

რა მდგომარეობაა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მხრივ საქართველოს ბაზარზე და რამდენად პროგრესულები ვართ ამ მხრივ? რა არის საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ამ სფეროში?

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გამსხვილების ტენდენცია შეიმჩნევა: მაგალითად, “მაგთი”- “კავკასუსისა” და “ჯეოსელი” – “სილქნეტის” შერწყმით. გამოდის, რომ ბაზარს დომინირებს ორი კომპანია. გამოწვევა სწორედ ეს არის. აქსიომაა – რაც უფრო ნაკლები მოთამაშეა ბაზარზე, მით უფრო იზღუდება კონკურენცია და მით უფრო მაღალია გარიგებების რისკი ბაზრის მოთამაშეებს შორის. ამის შედეგად იზღუდება მომხმარებლის შესაძლებლობები არჩევანში, მომსახურების ტიპების, ფასის, მომსახურების განვითარებისა და ევოლუციის ნაწილში. კიდევ ერთი გამოწვევაა, ქვეყანამ სწორი პოზიციონირება მოახდინოს გლობალურ სივრცეში. დღეს არ ხდება საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო მდებარეობის ხაზგასმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში რეგულაციებისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ. ამისთვის საჭიროა პოლიტიკის მწარმოებლის მხრიდან მკაფიო მიზნების განსაზღვრა.

რას ნიშნავს იყო ქალი კაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში? რა არის თქვენი პირადი გამოცდილება და გიგრძვნიათ თუ არა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია?

მაღალი დონის შეხვედრებზე, თითქმის ყოველთვის, ერთადერთი ქალი, მე ვარ. ჩემთვის ეს არ არის უცხო – კომაროვიდან დაწყებული, სულ ისეთ ინდუსტრიაში მიწევს მუშაობა, სადაც ქალთა და კაცთა გადანაწილება 20/80-ზეა. ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე, ვაკვირდები ქალებს ამ სფეროში და ბევრს ვკამათობ მამაკაცებთანაც, მათ შორის პროგრესული აზროვნებით გამორჩეულებთან, რომლებსაც დისკრიმინაციის არსებობის აღიარება საკმაოდ უჭირთ.

ქალებს, 10-ჯერ მეტი ენერგიისა და რესურსის დახარჯვა გვჭირდება, რათა ჩვენი შესაძლებლობები სერიოზულად იყოს აღქმული. მუდმივი მტკიცება გვჭირდება, რომ გარკვეულ პოზიციას ვიმსახურებთ. ჩემთვის ეს ჭიდილია, პროცესია, რომელსაც მუდმივად ვაკვირდები და ვაფიქსირებ, როგორ იცვლება დამოკიდებულებები. მუშაობის პროცესში, თავდაპირველად, ხმის ამოღების შემდეგ 3-4 თვეა საჭირო იმისთვის, რომ მაგიდის მეორე მხარემ ქალის პროფესიონალიზმი დაიჯეროს, მას ენდოს და დახმარება ან რჩევა სთხოვოს. დისკრიმინაცია არსებობს, მეც მიგრძვნია. დისკრიმინაციად, ხშირად, მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას აღიქვამენ.

არადა ხშირ შემთხვევაში შეფარული დისკრიმინაციაა ყველაზე მავნებელი და ფიზიკური ძალადობის ამოსავალი წერტილიც…

გეთანხმებით, ჩემთვისაც ასეა, შეფარულია და ბევრად უფრო მავნეა, ვიდრე პირდაპირი შეზღუდვა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად ქალები უფრო აყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ, ვიდრე კაცები. შესაბამისად, ქალთა გაძლიერების ეს აქცენტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, ქალებმა დაიჯერონ თავიანთი შესაძლებლობების სიმტკიცის. კაცებისთვის თავდაჯერებულობა ბუნებრივია, მათთვის დედამიწა თვითდამკვდრებისა და რეალიზების უბარიერო ადგილია, ქალებს კი მუდმივად შიდა, თუ გარე წინაღობებთან ჭიდილი გვიწევს და იმის შეხსენება, რომ ჩვენ ღირსეული მოთამაშეები ვართ.

© ანა ბოკო

რამდენად მნიშვნელოვანია მასშტაბური სოციალური თუ ფინანსური კაპიტალის მქონე ადამიანებმა და კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობა აიღონ და ქალთა გაძლიერების პროცესში ჩაერთონ?

რიცხვებშია დათვლილი, თუ რამდენად იზრდება იმ კომპანიების პროდუქტიულობა, სადაც გადაწყვეტილებებს შერეული გუნდები იღებენ. ასეთი პოლიტიკა ამრავალფეროვნებს სამუშაო პროცესს. გენდერულ ბალანსს, კომპანიები სწორ გადაწყვეტილებამდე მიჰყავს. საჭიროა მასშტაბური დისკუსია, პრობლემის აღიარება და შემდეგ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

იმედი მაქვს, დადგება ნათელი მომავალი, როცა ქალთა გაძლიერებისთვის შემუშავებული სპეციალური ზომები აღარ იქნება საჭირო, რადგან მივაღწევთ გენდერულ ბალანსს, მაგრამ დღეს, აუცილებელია, კომპანიებმა სპეციფიკური მიდგომა შეიმუშავონ. არ მჯერა, რომ ეს საქმე ზოგადი ლოზუნგებით გაკეთდება. ვერ გაკეთდება. არ იქნება შედეგიანი. მსხვილი კომპანის ხელმძღვანელებმა უნდა ვაღიაროთ პრობლემის არსებობა, ვიპოვოთ გადაჭრის გზები და მოქმედება დავიწყოთ. გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო და აუცილებელია.

რა რეკომენდაციას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენს სფეროში უნდათ მოღვაწეობა? აქცენტს გავაკეთებდი გოგოებზე, რომლებსაც საზოგადოება აჯერებს, რომ ქალებს, ტექნოლოგიებთან მჭიდრო კავშირში მყოფ სფეროებში არ შეუძლიათ იგივე წარმატების მიღწევა, რაც კაცებს.

როგორც ვთქვი, ღრმად მწამს იმის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. სულ მინდა, რომ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით, გოგოებს ვუთხრა: შემართებით იბრძოლეთ მიზნების მისაღწევად! ჩემთვისაც ძალიან რთულია ვიპოვო სწორი მოდელი იმისთვის, რომ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი – ემოციური თუ პროფესიული – მაქსიმალურად განვავითარო. რთულია, იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც მოტივაციისა და შთაგონების წყარო გახდებიან, რჩევას მოგცემენ და გეტყვიან, რომ შენ შეგიძლია. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ერთმანეთისთვის ასეთი მხარდაჭერის გამოხატვა. დახურული კარებით სავსე სამყაროს გასაღები – შრომაა, თავდაუზოგავი შრომა. გვახსოვდეს, რომ there are no limits! Be brave, and never, ever give up.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.