ჩინეთის ეკონომიკის ზრდა Covid-19– ის მიერ გამოწვეული მდგომარეობის ფონზე

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ჩინეთის ეკონომიკა გასულ წელს წინა ოთხ ათწლეულთან შედარებით ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა, თუმცა იგი არის ერთადერთი მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც 2020 წელს გაფართოვდა.

ჩინეთში გასულ წელს ეკონომიკა 2.3%–ით გაიზარდა, მიუხედავად Covid-19–ის  მიერ გამოწვეული მდგომარეობისა, რომელმაც 2020 წლის დასაწყისში ქვეყანაში წარმოების შემცირება გამოიწვია.

ვირუსის შეზღუდვისთვის მიღებულმა მკაცრმა ზომებმა და ბიზნესისთვის გადაუდებელმა დახმარებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის ეკონომიკის აღდგენას. შედეგად, 2020 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში  ეკონომიკის ზრდა 6.5%-ს შეადგენდა.

EIU-ს მთავარმა ეკონომისტმა, იუე სუმ განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკა თითქმის ნორმალიზებულია, თუმცა Covid-19-ის აფეთქება ჩრდილოეთ ჩინეთის რამდენიმე პროვინციაშია შესაძლოა დროებითი რყევების მიზეზი აღმოჩნდეს.

ქვეყნის მასშტაბით ქარხნებისა და წარმოების შეჩერებამ შედეგად მოგვცა ყველაზე ნელი ეკონომიკური ზრდა ჩინეთში, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს აღდგა ჩინეთის საწარმოო სექტორი, რადგან საბოლოო მონაცემებით, ინდუსტრიული საქონლის რაოდენობა 7.35%-ით გაიზარდა.

აღნიშნულ მატებას ექსპორტმაც შეუწყო ხელი. მონაცემებმა აჩვენა, რომ ჩინეთის ექსპორტი დეკემბრის თვეში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, რადგან კორონავირუსის ფონზე მთელ მსოფლიოში გაიზარდა მოთხოვნა ჩინურ საქონელზე. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის რაოდენობა გაიზარდა ჩინური ფულის ერთეულის – იუანის გამყარების მიუხედავად, რომელიც ჩინეთის ექსპორტირებულ საქონელს აძვირებს უცხოელი მყიდველისთვის.

BBC-ის აზიის ბიზნესის კორესპოდენტმა, კარიშმა ვასვანიმ განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკის ბოლო მონაცემები თვალსაჩინოს ხდის, რომ ჩინეთის სტრატეგიამ, ქალაქების სწრაფად ჩაკეტვამ, იმუშავა. მთავრობის მიერ ინვესტიციების და ჩინურ საქონელზე გლობალური მოთხოვნის კომბინაციამ ხელი შეუწყო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასა და ექსპორტის ზრდას.

თუმცა ჩარტერდ ბანკის უფროსმა ეკონომისტმა, ლი ვეიმ, განაცხადა, რომ ზრდის დიდ ნაწილს შეადგენს ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებული ექსპორტირებული საქონელი, ხოლო შიდა მოთხოვნა რეალურად უკანაა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ საცალო ვაჭრობა 2020 წლის ბოლოს 4.6%-ით გაიზარდა, წლის განმავლობაში ის 3.9%-ით შემცირდა.

ჩინეთი კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის არის აშშ-სთან სავაჭრო ომი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.