The Observer: 10 მწერალი, რომელთა დებიუტიც 2021 წელს შედგება

შესაძლოა ახლა აღმოჩენებისთვის შესაფერისი დრო არ იყოს. დაკეტილი წიგნის მაღაზიები, გადავადებული ლიტერატურული ფესტივალები, გაციფრულებული  და ვირტუალური შეხვედრები – დებიუტი და პირველი გამოჩენა ამ ყველაფრის ფონზე რთულად შესასრულებელ ამოცანას ჰგავს. თუმცა, მოცემული სიტუცია მაინც  ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ღირსეული ნაშრომები სათანადო ყურადღებასა და დაფასებას იმსახურებენ.

ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემის, The Observer-ის გუნდი New Review უკვე მერვე წელია რაც ლიტერატურულ ბაზარს იკვლევს  და ეძებს ავტორებს განსხვავებული ხედვებითა და გამორჩეული შესაძლებლობებით. წლევანდელ დებიუტანტთა სია, რომელიც ბრიტანელ და ირლანდიელ მწერლებს მოიცავს, მკითხველს მდიდრულ და საინტერესო არჩევანს სთავაზობს.

Open Water – ქეილებ აზუმა ნელსონი

წიგნი ნაზ და ამაღელვებელ სიყვარულზეა, რომელსაც ქეილებ აზუმა საინტერესოდ მოგვითხრობს. ნაწარმოებში ხაზი იმ მრავალფეროვან გრძნობებს გასდევს, რომელსაც სიყვარული წარმოშობს. მოქმედება ორი ფერადკანიანი ხელოვანი ადამიანის გარშემო ვითარდება. ერთი მათგანი – ფოტოგრაფი, ხოლო მეორე მოცეკვავეა. ორივე მათგანი  ქალაქში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ქალაქში, რომელიც მათ უარყოფს. ადამიანები, რომელთაც  თითქოსდა  ერთად ყოფნა  უწერიათ, შიშისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და საბოლოოდ მათი სიყვარულიც ინგრევა.

Photo Credits to Suki Dhanda/The Observer

აზუმა ნელსონიც ფოტოგრაფია, თუმცა ამბობს, რომ წიგნის პროტაგონისტი სხვა ადამიანია. ამისდა მიუხედავად, ნაწარმოებში აღწერილი ემოციებთან და სიტუაციებთან  გარკვეულწილად მაინც აიდენტიფიცირებს თავს: ,, დიდი სევდა ჩანს წიგნში, რომელიც ძირითადად იდენტობის დაკარგვას უკავშირდება. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც სხვები ვერ აღგიქვამენ ისე, როგორც გინდა რომ აღგიქვამდნენ. ტოვებ სახლს, ახალი სივრცის ნაწილი ხდები და აღმოაჩენ, რომ შენი პიროვნება იკარგება“.

Acts of Desperation – მეგან ნოლანი

ნოლანის ნაწარმოები იწყება ნარატორის თხრობით იმ  სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომლებიც თინეიჯერობის ასაკში ჰქონდა: ,, ვცდილობდი საკუთარი თავისთვის გამეგო და მივმხვდარიყავი იმას, თუ რატომ ვაკეთებდი  რაღაცებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რამდენად დამამცირებელი იყო ეს“ – ამბობს გმირი  და ამატებს, ,,ჩემი თავის დიდი ნაწილი დავკარგე იმისთვის, რომ ვქცეულიყავი იმად, ვისთანაც ყოფნა კაცებს მოეწონებოდათ“.

Photo Credits to Sophia Evans/The Observer

ირლანდიელი ავტორი მეგან ნოლანი ლონდონში 2015 წელს გადმოვიდა და ქალაქში ფრილანსერ ჟურნალისტად მუშაობდა. ნაწარმოების შექმნა მისთვის მარტივი სულაც არ აღმოჩნდა. 15,000 სიტყვა ერთი ხელის მოსმით გავანადგურე და ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე – იხსენებს ის.  კითხვაზე კი, თუ რამდენად არის წიგნი ავტობიოგრაფიული ხასიათის, ამბობს, რომ მთავარ გმირთან ბევრი საერთო აქვს და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სიტუაცია წარმოსახვითია, გრძნობები და ემოციები ნამდვილია. 30 წლის ნოლანი ახლა უკვე  New York Times-ის კონტრიბუტორია. ის დამწყებ მწერლებს ურჩევს, რომ ყველა არსებული შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ: „თუ ხართ იმდენად იღბლიანები, რომ გყავთ ადამიანი, რომელიც თქვენს ნამუშევარს წაიკითხავს და შეაფასებს, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. სწორედ იმ ადამიანთა არსებობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც ოდნავ მაინც დაგარწმუნებენ იმაში, რომ თქვენი ნაშრომი სანაგვეში მოსასროლი არაა“.

Moth – მელოდი რაზაკი

რაზაკი დაიბადა და გაიზარდა ლონდონის დასავლეთ ნაწილში. მისი სადებიუტო ნაშრომი  ლიბერალ ბრაჰმინთა ოჯახზე მოგვითხრობს, რომლებიც 1940-იან წლებში დელიში ცხოვრობდნენ. წიგნის მთავარ  ფოკუსში ოჯახის ქალი წევრები არიან: დედა და  მისი ქალიშვილები, ალმა და როუპი. მწერალს პერსონაჟები ისე ჰყავს წარმოჩენილი, რომ მათი სახეები ნაწარმოების დასრულების შემდეგაც თქვენს გონებაში დარჩება.

Photo Credits to Anka Gujabidze/The Observer

რაზაკი დიდი ხნის განმავლობაში რესტორანში მზარეულად მუშაობდა. ამ გამოცდილების ზეგავლენა შეინიშნება წიგნშიც, სადაც საჭმლის მომზადების არაერთი ტექნიკა  დეტალურად არის აღწერილი. ის ამბობს, რომ დაახლოებით 20 წლისა იყო, როდესაც სცადა მწერლობისთვის ხელის მოკიდება. თუმცა, პროცესი იმდენად რთული აღმოჩნდა მისთვის, რომ მელოდიმ დანებება გადაწყვიტა. წლების შემდეგ მან სამაგისტრო მიმართულება content writing-ის მიმართულებით დაიწყო, იმ მიზნით, რომ კულინარიული წიგნი დაეწერა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა: „პირველი სემესტრის შემდეგ, როცა კურსის ფარგლებში მოკლე ისტორიების წერა დავიწყე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, აღმოვაჩინე, რომ მომწონდა ამბების შეთხზვა“.

Girl A – აბიგაილ დინი

პატარაობიდანვე წერდა და ოცნებობდა აბიგაილი, რომ გამხდარიყო ნოველისტი: ,, ერთ პატარა სოფელში გავიზარდე, როგორც დედისერთა ბავშვი, რომელსაც ძალიან დიდი დრო ჰქონდა თავისთვის“- იხსენებს ის. თუმცაღა, მოგვიანებით სურათი განსხვავებული გახდა. კემბრიჯის უნივერსიტეტში მოხვედრამ მის შესაძლებლობებს მიმართულება უცვალა. Content Writing-მა გაიტაცა სასწავლებელში და მწერლობის სურვილი ნელ-ნელა გაფერმკრთალდა. ათეული წლის შემდეგ ის უკვე დაქორწინებული ქალი იყო და იურიდიულ ფირმაშიც მუშაობდა, მაგრამ შეხვედრები, ოფისები და აეროპორტის ტერმინალები   ბედნიერებას აღარ ანიჭებდა. ასე დაუბრუნდა დინი მწერლობას.

Photo Credits to Andy Hall/The Observer

მისი ნაწარმოები Girl A გვიყვება  გოგონაზე, რომელიც ნიუ-იორკში ერთ ერთი წარმატებული ადვოკატია და რომელსაც ბავშვობაში დიდი ტრამვა  გადახდა თავს. ის ჩრდილოეთ ინგლისში ცხოვრობდა თავის ხუთ და-ძმასთან ერთად, რომლებსაც მშობლები ჩაკეტილად ზრდიდნენ. „საშინელებათა სახლი“ ამ სიტყვებით აღწერს ავტორი საცხოვრებელს , საიდანაც მთავარი გმირი გაქცევას გადაწყვეტს.  ლექსის თავის დაღწევით ხალხისთვის და პრესისთვის ცნობილი გახდება ფაქტი იმ არაადამიანური მოპყრობების შესახებ, რასაც მისი მშობლები ბავშვების მიმართ ახორციელებდნენ. საბოლოოდ, მამამისი თავს იკლავ, დედას კი სამართლებრივი პასუხისგება უწევს. წლების შემდეგ დაკარგული და-ძმები ერთმანეთის პოვნას იწყებენ.

„ჩემი რჩევა ახალგაზრდა მწერლებისთვის იქნებოდა ის, რომ წერონ და დრო გამოყონ ამისთვის, რაოდენ უბრალოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო ჯდომა და ლოდინი, რომ მუზა მოსულიყო ჩემთან. რეალურად კი საჭიროა სიტყვები, რომელსაც დაწერ ფურცელზე და ამის შემდეგ იწყება მუშაობა. მუშაობა, რომ ისტორია გარდაქმნა შენად“.

Highway Blue – აილსა მაკფარნეილი

აილსა მაკფარლეინი სიეტლიში დაიბადა. ის ვეტერინარობას სწავლობდა, მანამ სანამ კოლეჯი არ მიატოვა იმისათვის, რომ ამერიკის გარშემო ემოგზაურა. Highway Blue დაიწერა მაშინ, როდესაც აილსა 20 წლის იყო. ის ყვება ისტორიას ახალგაზრდა ქალბატონზე, ანა მარიზე  და მის ურთიერთობაზე ქარიზმატული ყოფილ მეუღლესთან. ანა-მარი გამოგონილ ქალაქ სან პადუაში ცხოვრობს,  ძალიან ბევრს სვამს და ფიქრობს მის ცხოვრებაში გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე.

Photo Credits to Stephen Burke/The Observer

აუხსნელი გაუჩინარებიდან ორი წლის შემდეგ მისი ყოფილი ქმარი კვლავ უკან ბრუნდება. ნოველა ამერიკის სიყვარულზეა, როგორც ქვეყნის, რომელიც სავსეა, როგორც თანამედროვეობით, ასევე ნოსტალგიით. დამწყებ მწერლებს ავტორი ურჩევს, რომ წერონ იმაზე რაც მათ აინტერესებთ: ,, წერეთ იმაზე, რაც დაუმუშავებელი და უხეშია, მაგრამ გაფიქრებინებთ, რომ ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან“.

The Paper Lantern – ვილ ბერნსი

ნაწარმოებს იმ წარმოსახვითი პაბის სახელი ჰქვია, რომელშიც ნარატორი თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს და საიდანაც პირველი ლოქდაუნის პერიოდში მისი მოგზაურობა იწყება. ეს არის ნოველა, რომელიც წარმოსახვასა და რეალობას შორის ცდილობს ხაზის გავლებას. წიგნი გვიყვება იმაზე, თუ რას ნიშნავს იყოს ინგლისელი და ასევე იმაზე, თუ რა ზეგავლენა იქონია კოვიდ 19-ის ვირუსმა ერის ფსიქიკაზე.

Antonio Olmos/The Observer

ვილ ბერნსს ყოველთვის მწერლობა როდი სურდა: „იყო პერიოდი, როდესაც ყოველკვირა სხვადასხვა გატაცება მქონდა და სხვადასხვა პროფესიის მინდოდა ვყოფილიყავი, მათ შორის მუსიკოსი. თუმცა, მწერლობის სურვილი მუდმივად ბრუნდებოდა“. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ამბის გადმოსაცემად ნოველის ფორმა და არა პოემა ან სიმღერა ასე უპასუხა: „ნოველები კომპლექსურ საკითხებზე პასუხის გაცემის უკეთეს საშუალებას გვაძლევს. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ საკამათო თემაში ორივე მხარის არგუმენტებს აკვირდება, მანამ სანამ საკუთარ პოზიციაზე შეჯერდება. ნოველაში სწორედ ამის შესაძლებლობა ეძლევა ყველას“.

Learwife – ჯენიფერ თორფი

ჯენიფერის ნაწარმოები გვიყვება შექსპირის მეფის ცოლზე, რომელსაც ქმარი გარდაეცვლება. დედათა მონასტერში გადასახლებული, სადაც იძულებულია, რომ იზოლირებულად იცხოვროს, ფიქრობს შურისძიებაზე. შურისძიებაზე, რომლისკენაც ღალატმა, მოტყუებამ და არაერთმა შეთქმულებამ უბიძგა. თუმცა მონაზვნებს შორის მალევე იდუმალი ავადმყოფობა იწყებს აფეთქებას.

Tristan Hutchinson/The Observer

იდეა, რომელმაც ისტორიისკენ უბიძგა ავტორს ელისონ ვიარის ბიოგრაფიაა: „საინტერესო ამბის კვალი ვიპოვე. მონასტერში გადასახლებული ქალი, რომელიც ორი მეფის ცოლი იყო. დავფიქრდი, თუ რა შეიძლებოდა შემექმნა“. თუმცაღა, რამის შექმნა მისთვის მარტივი არ იყო, ალბათ, სწორედ ამიტომ უზიარებს ის დამწყებ მწერლებს თავის რჩევას, რომ მარტივად გაუმკლავდნენ უარყოფას : „ყველა ადამიანს, რომელსაც მბრწყინავი პრიზებით ხედავთ, წარმატების გზაზე არაერთი უარყოფა მიუღია. ყოველთვის არ შეგაქებენ, ამიტომ უნდა ისწავლოთ, თუ როგორ მიიღოთ შენიშვნა კომფორტულად, ისე, რომ ამან თქვენს თვითღირებულებაზე ან შემოქმედებითობაზე არ იქონიოს ზეგავლენა“.

Little Scratch – რებეკა ვოტსონი

ვოტსონის სადებიუტო რომანის შთაგონების წყაროდ პატარა უხერხული ინციდენტი იქცა. მისმა თანამშრომელმა მას მიმართა შეკითხვით, თუ რას კითხულობდა ის, და ეს იყო მომენტი, როდესაც რებეკას გონება დაებინდა: „მესმოდა კონდიციონერის გაბმული შიშინის ხმა, ვხედავდი პატარა ნამცეცებს მაგიდაზე და მაინც, ვერ ვიხსენებდი ვერც ერთ წიგნს, რომელიც ოდესმე წამიკითხავს“. წიგნშიც თხრობა სწორედ ასე დინამიურად მიმდინარეობს, აქ აღწერილია ერთი ჩვეულებრივი დღე, როდესაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და მაინც, ის უცნაური თუ მუდმივი ფიქრები, რაღაცის კეთებისას რომ ეუფლებათ ადამიანებს, კომედიურ ელფერს აძლევს ყველაფერს.

Photo Credits to Sophia Evans/The Observer

ერთი რჩევა, რომელიც მისგან შეიძლება ადამიანებმა მიიღონ არის ის, რომ „ყველა ვერ იქნება მწერალი, მაგრამ ყველას აქვს უფლება წეროს.“

Assembly – ნატაშა ბრაუნი

ნოველაში სიტუაცია ფერადკანიანი ქალის ირგვლივ ტრიალებს, რომელსაც სამსახურში დააწინაურებენ. ის ამ დღის აღსანიშნავად წვეულებას ამზადებს თავის თეთრკანიან მდიდარ შეყვარებულთან და მის ოჯახთან ერთად. თუმცა განწყობები, შეხედულებები და სტიგმები, რომელსაც ის ამ პროცესისას აწყდება, ეჭვქვეშ აყენებინებს მთავარ გმირს იმ წარმატებას, რომლისთვისაც ასე დიდხანს იბრძოდა.

Antonio Olmos/The Observer

ბრაუნი თავად მუშაობს საფინანსო სექტორში და ამბობს, რომ აინტერესებდა თუ რა წინაღობებს ხვდებოდნენ აქ ფერადკანიანი ქალები – „იცხოვრო სამყაროში, როგორც ფერადკანიანმა ქალმა, ძალიან ძნელია. არ აქვს  მნიშვნელობა სად იმუშავებ, საფინანსო სექტორში თუ სადმე სხვაგან.“  რჩევა, რომელსაც ის ახალგაზრდებს მისცემდა არის, ის, რომ წერონ ბევრი და ეს აქციონ რუტინად.

Dead Souls – სემ რივიერა

სემი ვიზუალური არტისტია, რომელმაც მწერლობაში გადაინაცვლა. მას რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, მათ შორის Kim Kardashian’s Marriage. მისი პირველი ნოველა, გარდაცვლილთა სულები, გოგოლის ნაწარმოების სათაურიდან მოდის. სოლომონი, რომლის ნაშრომიც დისკრედიტირებულია პლაგიარიზმის დეტექტორის მიერ ხვდება პროტაგონისტს. წიგნი სავსეა პოსტმოდერნისტული ფრაზებით, ოდნავ ცინიკურობით, თვალის ჩაკვრებითა და კომედიური დადგმებით. „ეს არის წიგნი პოეტსა და ტექნოლოგიაზე“ – ასე აღწერს ავტორი ნაწარმოებს ერთი წინადადებით.

Katherine Anne Rose/The Observer