„1991“-იანელები კინოინდუსტრიაში – ინტერვიუ ანა ხაზარაძესა და ნინო ჩიჩუასთან

„1991“ საპროდიუსერო და სერვის კომპანიაა, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო დისტრიბუციისთვის დამოუკიდებელ ფილმებს აწარმოებს და საქართველოში, უცხოური პროექტების გადაღების მომსახურებას უზრუნველყოფს. კომპანია 2017 წელს დაარსდა და არაერთ ქართულ და საერთაშორისო პროექტს გაუწია ორგანიზება.

ყველაფერი სამშობლოში დაბრუნებული ორი მეგობრის იდეით დაიწყო, როდესაც ანა ხაზარაძემ და ნინო ჩიჩუამ კინოწარმოების მიმართულებით, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ საქმედ ქცევა გადაწყვიტეს. კომპანიის წარმატებული განვითარების საფუძველიც სწორედ ეს გახდა.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

ანა ხაზარაძე – ის ჯადოქრობა, რასაც კინო ჰქვია ყოველთვის მიტაცებდა. სკოლის პერიოდში უკვე ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებას კინოს, კერძოდ, რეჟისურას დავუკავშირებდი. უმაღლესი განათლებაც ამ მიმართულებით გავაგრძელე. რამდენიმე წლის დაბრუნებული ვიყავი ლონდონიდან, ნინო ნიუ-იორკიდან, სადაც ორივემ კინოწარმოების მიმართულებით საბაკალავრო განათლება მივიღეთ. სხვადასხვა პროექტზე ვიმუშავეთ და მივხვდით, რომ ინტერესები, მიზნები და ხედვა გვაერთიანებდა. იდეის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ საქართველო დავინახეთ, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი პოტენციალის მქონე გადასაღები მოედანი.

ორი წელი საფრანგეთში, AUP-ში (American University of Paris) კინო თეორიასა და კრიტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ხოლო, როდესაც მივხვდი, რომ მხოლოდ თეორიული განათლება არ იყო ჩემთვის საკმარისი ლონდონში – London College of Communication-ში კინო და ტელევიზიის ფაკულტეტზე გადავედი. ლონდონში გავიცანი ინგლისელი რეჟისორი უილიამ ოლდროიდი, რომელსაც მე და ჩემმა მეგობარმა სანდრო კალანდაძემ, ფილმის გადასაღებ ლოკაციად საქართველო შევთავაზეთ. ასე გავხდი სრულმეტრაჟიანი ექსპერიმენტული ფილმის პროდიუსერი. ფილმის, რომელიც საქართველოში, ბრიტანეთში გადაღების ფასის მესამედი ბიუჯეტით ვაწარმოეთ. ამ გამოცდილებამ დიდწილად განაპირობა და განსაზღვრა ჩემი, როგორც პროდიუსერის საქმიანობა. ამ გამოცდილების შემდეგ Cannes Producers Workshop 2014-ში მივიღე მონაწილეობა, სადაც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებს შევხვდი და უფრო მეტად გავეცანი ევროპული კინოწარმოების მოდელს. ამ გამოცდილებებისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და „1991 ფროდაქშენსი“ დავაარსე. სწორედ ამ გადაწყვეტილებით დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უამრავი სიახლითა და თავგადასავლით სავსე გზა.

ნინო ჩიჩუა – ადრეულ ასაკში ფოტოგრაფიით დავინტერესდი, რამაც კინოს სიყვარულამდე მიმიყვანა. ოთხი წელი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Tisch School of the Arts-ში ვსწავლობდი, რომელიც კინოს მიმართულებით ამერიკაში პირველ ადგილს იყოფს USC-სთან ერთად. შემდეგ, ერთი წელი ნიუ-იორკში, მსოფლიოს წამყვან დოკუმენტური ფილმების პროდაქშენ კომპანია Impact Partners-ში ვმუშაობდი, რომელიც მრავალჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული. ასევე, ერთი წლის განმავლობაში ცნობილი ფოტოგრაფის, Gregory Crewdsonის გადაღებებზე ვიმუშავე. სწავლის პერიოდში, სტაჟირება გავიარე ამერიკული დოკუმენტური ფილმის “Venus & Serena”-ს წარმოებაზე, New York International Children’s FIlm Festival-ზე. ამერიკაში დარჩენას განვი­ხილავდი, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესი მქონდა იმისა, თუ რა ხდებოდა საქართველოს კინოინდუსტრიაში, გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი და აქ გამომეყენებინა ამერიკაში მიღებული გამოცდილება. რა თქმა უნდა, რთული იყო იმ გარემოს, მეგობრების, დატოვება, ვისთან ერთადაც 5 წელი გავატარე, რომ აღარაფერი ვთქვათ მუშაობის განსხვავებულ სტილზე, რომელთანაც ადაპტაცია და დაბალანსება მომიწია. საბედნიეროდ, ჩემი და ანას პროფესიული ინტერესები მალევე გადაიკვეთა და მეგობრის გარდა მასში აღმოვაჩინე საერთო ფასეულობების მატარებელი სანდო პარტნიორი. ჩვენმა გაერთიანებამ ალბათ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს შემდგომ პროფესიულ განვითარებაში.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

1991 ფროდაქშენს ორი ძირითადი მიმართულება აქვს – უცხოელ პარტნიორებთან ერთად დამოუკიდებელი ფილმების წარმოება დისტრიბუციისთვის და საქართველოში, გადასაღებად ჩამოტანილი ისეთი პროექტების ორგანიზება, როგორებიცაა ფილმები, რეკლამები, სატელევიზიო გადაცემები და სხვა აუდიოვიზუალური პროექტები.

ანა ხაზარაძე – ჩვენთვის ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, თუმცა, განსაკუთრებით დამოუკიდებელი ფილმების წარმოებას გამოვყოფდი, რადგან გვაქვს ამბიცია შევქმნათ წარმატებული, ქართველი და უცხოელი რეჟისორების ფილმები, რომლებიც ქვეყნის გარეთაც იქნება აღიარებული. იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ორი განსხვავებული მიმართულება, ჩვენი სამუშაოც ორად იყოფა. როდესაც საუბარია დამოუკიდებელი ფილმების წარმოებაზე, ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ძლიერი ისტორიები, სცენარები და რეჟისორები, რომლებსაც ამა თუ იმ ამბის გადმოცემის ხედვა აქვთ. ვკრავთ პროექტებს და ვმონაწილეობთ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სხვადასხვა კონკურსში. თანხის მოპოვების შემთხვევაში უკვე თამამად ვიწყებთ უცხოელ პარტნიორებთან და კოპროდიუსერებთან თანამშრომლობას. რაც შეეხება კომერციულ პროექტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდერებში ვმონაწილეობთ. არის შემთხვევები, როდესაც უცხოეთიდან პირდაპირ ჩვენს კომპანიას უკავშირდებიან საქართველოში სერვისების გაწევის მიზნით. ამავდროულად, ჩვენც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან დიდ პროექტებთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი პროცესია.

ნინო ჩიჩუა – საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისგან მომსახურების შეღავათიანი ფასებით გამოირჩევა. გარდა ამისა „აწარმოე საქართველოში“ მხარს უჭერს გადამღებ ჯგუფებს, რაც ქვეყანას ძალიან მოქნილს ხდის და ის ბიუროკრატიული სირთულეები, რომლებსაც პროდიუსერები სხვა ქვეყნებში აწყდებიან ხოლმე, აქ ნაკლებად ხვდებათ. პროფესიონალური გადამღები ჯგუფი და სერვისები, რა თქმა უნდა, იგულისხმება, მაგრამ ის დამატებითი ელემენტი, რაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს საქართველოში დაბრუნების სურვილს უჩენს, სწორედ დადებითი ემოციები, სტუმართმოყვარეობა და განწყობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხვდებათ.

მნიშვნელოვანი პროექტები

ანა ხაზარაძე – კომერციული თვალსაზრისით პირველი წარმატება იყო, როდესაც გერმანული, სამოგზაურო ტანისამოსის ბრენდის – Camel Active – საიმიჯო რეკლამის საქართველოში გადაღებას, სრული მომსახურება გავუწიეთ. ამ პროექტში საქართველო ჩანს, როგორც საქართველო და არა რაიმე სხვა ლოკაციის ჩამნაცვლებელი, რაც ძალიან გვახარებს. გარდა ამისა, ვიდეო რგოლის ჩაშვებასთან ერთად, გერმანიაში, მრავალ ადგილას სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ფოტოსურათები განათავსეს.

უახლესი მიღწევა კი ჩვენი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „დიდება დედოფალს“ არის, (რეჟ: თათია სხირტლაძე), რომლის პრემიერა ამა წლის სექტემბერში, კინოფესტივალ „სინედოკზე“ შედგა. ეს პროექტი საქართველოს, ავსტრიისა და სერბეთის საერთაშორისო კო-პროდუქციაა და ჩვენი ჩემპიონი მოჭადრაკე ქალების, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის აწმყოსა და წარსულზე მოგვითხრობს. ეს პროექტი ჩვენთვის მიღწევაა, რადგან მაყურებელში დადებითი ემოციების აღძვრა შევძელით, ეს კი ჩვენთვის საუკეთესო შეფასებაა. იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან კინოთეატრები გაიხსნება და ფართო საზოგადოებაც შეძლებს ამ ფილმის ნახვას.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

კომპანიის სახელი სიმბოლურია და დამოუკიდებლობას ნიშნავს, თუმცა, მისი შერჩევა დამფუძნებლებისთვის მარტივი არ ყოფილა. მათ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ კომპანიის სახელი სწორედ ის თარიღი უნდა ყოფილიყო, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ქართული კინოს დამოუკიდებლობას უკავშირდება.

ნინო ჩიჩუა – კომპანიის დაარსების პროცესში ყველაზე რთული სწორედ სახელის დარქმევა აღმოჩნდა, ყველაფერი მზად გვქონდა, კომპანიის იდეა, ხედვა, ვებგვერდის მონახაზი, მაგრამ სასურველ დასახელებასთან ახლოსაც კი არ ვიყავით. პროფესიონალებსაც მივმართეთ და ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ არცერთი იყო ჩვენთვის ახლობელი. ერთ დღესაც თავისით მოვიდა შთაგონება და მარტივად ვთქვით, რომ ჩვენ ვართ „1991“. ჩვენ 1991-ში, თავისუფალ საქართველოში დავიბადეთ და ეს რიცხვი, ჩვენთვის სიმბოლური და იდენტობის ნაწილია. გარდა ამისა, ვფიქრობ, ადვილად დასამახსოვრებელი და ლამაზი რიცხვია.

უცხოელი პარტნიორები

ანა ხაზარაძე – ჩვენი მუდმივი უცხოელი პარტნიორი ლინდა ჯენსენია, HBO Europe-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი, რომელთანაც ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობებს მუდმივად განვიხილავთ. გვყავს მეგობარი – ამერიკელი “Indie” პროდიუსერი, რომელთან ერთადაც საინტერესო სამომავლო გეგმებს ვაწყობთ. ნინომ იმუშავა ამერიკულ მოწინავე კრეატიულ სააგენტო Odysseus Arms-თან (მისი კლიენტები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Youtube, Microsoft, Facebook), მათი წარმომადგენლები შთაბეჭდილებებით აღსავსე წავიდნენ საქართველოდან და სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში პროექტის განხორციელების სურვილი კიდევ აქვთ. ასევე, სხვადასხვა ქართულ ფილმზე ვთანამშრომლობთ ავსტრიულ, სერბულ და გერმანულ საპროდიუსერო კომპანიებთან.

მიმდინარე პროექტები

ნინო ჩიჩუა – ამჟამად ვასრულებთ ახალგაზრდა რეჟისორის, ლუკა ბერაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებებს. პროექტმა განვითარების ეტაპიდანვე დიდი საერთაშორისო ინტერესი დაიმსახურა. ის შეერთებული შტატების (American Film Showcase), გერმანიის (GoEast), ჩეხეთის (Ex Oriente), პორტუგალიის (Doclisboa) და ასევე საქართველოს (CineDoc New Talents) ინდუსტრიულ პლატფორმებსა
და ვორქშოფებზე მოხვდა, რომლებიც პროექტის ცნობადობის ამაღლებასა და მის დახვეწას უწყობს ხელს. ასევე ვავითარებთ რამდენიმე მხატვრულ პროექტს: უტა ბერიას მეორე სრულმეტრაჟიან ფილმს და ანა ხაზარაძის სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარს, რომლის განვითარების დაფინანსება, ეროვნული კინოცენტრიდან მოვიპოვეთ. ამას გარდა, რამდენიმე მცირე უცხოური გადამღები ჯგუფის ჩამოსვლას ველოდებით, და იმედი გვაქვს, რომ მათ მასპინძლობასა და გადაღებებში ეპიდსიტუაცია არ შეგვიშლის ხელს.

სამომავლო გეგმები

ნინო ჩიჩუა – ჩვენი დიდი სურვილი და უკვე გეგმაა, რომ დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი ფილმი ვაწარმოოთ საერთაშორისო მაყურებლისა და დისტრიბუციისათვის. მით უმეტეს, ასეთ პროექტს საქართველოში თუ გადავიღებთ, იდეალური ვარიანტი იქნება. ზოგადად, ჩვენი სურვილია ამერიკული მოდელით ფილმის პროდიუსირება, სადაც ევროპული მოდელისგან განსხვავებით ფილმი კერძო ინვესტორების მიერ ფინანსდება და მისი წარმატება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენი მაყურებელი ნახავს მას, ეს კი სხვა გამოსავალს არ გიტოვებს, გარდა იმისა, რომ ეცადო საუკეთესო ნამუშევარი შექმნა.

ამ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი კომპანიის ცნობადობა გავზარდოთ, რადგან კომპანიის მდგრად ზრდაზე ზრუნვა საჭიროა. ვფიქრობ, დღეს უკვე სწორ კალაპოტში ვართ მოქცეული, რომელიც შრომის შედეგად აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენ ყოველდღე თავს ვუძღვნით იმ საქმეს, რომლის კეთებაც გვსიამოვნებს და გვიყვარს და ეს ყველა სირთულეს გვაძლევინებს.

ანა ხაზარაძე – მიგვაჩნია, რომ ჩვენი კომპანია ხელს უწყობს საქართველოში დარგის და ინდუსტრიის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრს ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საერთაშორისო სტანდარტი დავნერგოთ და ისეთ ქვეყნებს გაუტოლდეთ, რომლებიც მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციებად იქცა. ეს კინოინდუსტრიის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

No Comments Yet

Comments are closed