27 წლის ფარმაცევტი ხელოვნებისთვის

ინტერვიუ გვანცა აბსანძესთან

ავტორი: სოფო ბერიძე

ფოტო: ანა ბოკო

ბარ-რესტორანი „არტ ჰაუსი“ ზუგდიდში თითქმის ყველამ იცის, ყველაზე უკეთ კი მათ, ვისაც ხელოვნება უყვარს. თუ სამეგრელოს ამ ქალაქს ესტუმრებით, ცენტრალურ ქუჩაზე ჩავლისას ეს ადგილი შეუმჩნეველი არავის დაგრჩებათ. „არტჰაუსში“ სტუმრობის შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ! ეს იმიტომ, რომ აქ ისე გიმასპინძლებენ, როგორც არსად სხვაგან ამ ქალაქში! მთავარი მასპინძელი 27 წლის გვანცა აბსანძეა, პროფესიით ფარმაცევტი.

წითელი აგური, ცისფერი ჰამაკები, ნათელი ფერები, პოეზიის საღამოები, ცოცხალი მუსიკა, შეხვედრები მწერლებთან, საუბრები ლიტერატურაზე ─ ამ კომბინაციით შექმნილი ჯადოსნური გარემო უკვე 5 წელია გვანცას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ხელოვნება მთელი მისი ოჯახისთვის.

„ხელოვანის ოჯახში გავიზარდე. მამა, რობერტ აბსანძე მხატვარ-კერამიკოსია, ძმა ‒ დაჩი, პროფესიით ექიმია, თუმცა მის მთავარ საქმიანობად დიზაინერობა იქცა. ბარ-რესტორან „არტ-ჰაუსის“ შექმნის იდეაც ხელოვნების სიყვარულმა და სიახლოვემ განაპირობა. დაჩიმ შექმნა სამყარო, რომელიც საზოგადოებამ მალევე შეიყვარა. ჩვენი ოჯახის მიზანი ყოველთვის იყო, ზუგდიდს შემოქმედებითად დატვირთული, კულტურული სივრცე ჰქონოდა. შევძელით და მიზანი რეალობამ 2014 წელს ვაქციეთ“.

2014 წლიდან „არტჰაუსი“ იქცა სივრცედ, რომელიც ქართველ ხელოვანებს საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციაში ეხმარება. გვანცას ხელმძღვანელობით მათ ბარრესტორნის სივრცე უსასყიდლოდ ეთმობათ, იმისთვის, რომ საკუთარი შემოქმედება აუდიტორიას წარუდგინონ. შედეგად „არტჰაუსში“ ცოცხალი მუსიკისა და პოეზიის საღამოები იმართება. აქ შექმნილი მეგობრული გარემო საუკეთესო საშუალებაა გაექცეთ დამღლელ და ყოველდღიურ რეალობას, განიტვირთოთ.

„ჩვენთვისაც და სტუმრებისთვისაც „არტ-ჰაუსი“ ლიტერატურულ სალონთან ასოცირდება და, პარალელურად, ის საუკეთესო ადგილია საქმიანი საუბრებისთვისაც. როცა ამ სივრცეს ვქმნიდით, აქცენტი ცოცხალ, ნათელ ფერებზე გავაკეთეთ, ინტერიერი კი ისეთი ნივთებით შევავსეთ, რომელიც თავისი ორიგინალობითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. უკვე მეხუთე წელია „არტ-ჰაუსი“ ზუგდიდელების საყვარელი ადგილია. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მაღალი ხარისხის მომსახურეობაზე. ჩვენთან შემოსულ სტუმრებში აღფრთოვანებას იწვევს ქართულ-ევროპული სამზარეულო, ქართული რეწვის კერამიკული ნამუშევრები, რომელზეც თავად ვესაუბრები და ვუხსნი იმ ნამუშევრების ისტორიას, რომელიც „არტ-ჰაუსს” უნიკალურს ხდის. აქ, სრულყოფილება, რომელიც ჩემმა ძმამ შექმნა, მე მთელი გულით შევიყვარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და „არტ-ჰაუსი“ ერთად გავიზარდეთ, სტუმრებს მისი დაარსების დღიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვმასპიძლობ. როგორ შეგვაქვს წვლილი ხელოვნების პოპულარიზაციაში? ამას ჩვენ მიერ მოწყობილი ღონისძიებებით ვცდილობთ. მაგალითად, 2016 წელს მოვაწყვეთ საღამო „ნაცნობ ქიმერთა ფერხული“, რომლის ფარგლებშიც გელა ჩარკვიანმა ჩვენი სტუმრებისთვის საკუთარი საფორტეპიანო ნაწარმოები შეასრულა. „არტ-ჰაუსის“ კედლებს ახსოვს ლევან ბერძენიშვილის, გიორგი ზანგურის, კონსტანტინე გამსახურდიას, ნინო სადღობელაშვილის, გიორგი კეკელიძის და მრავალი გამოჩენილი ავტორის შეხვედრა მკითხველთან, რომლის დროსაც დასწრება თავისუფალია და ყოველი საღამო ‒ ინტერაქციული.

უკვე მეორე წელია, „არტ-ჰაუსი“ მასპინძლობს ზუგდიდელი ახალგაზრდა ავტორის ინიციატივით შექმნილ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს F5, რომელშიც წელს მონაწილეობა უცხოელმა ავტორმა მიიღო. ვგეგმავთ, რომ მომავალი წლიდან ფესტივალმა საერთაშორისო დატვირთვა შეიძინოს. ხშირად ვიწვევთ ქართველ მომღერლებს. მახსენდება მებო ნუცუბიძის ლაივ კონცერტი, რომელიც მსმენელის თხოვნით „არტ-ჰაუსში“ სამჯერ გაიმართა. გამოვარჩევდი გიგი და შოთა ადამაშვილის კონცერტებს. ჩვენი სივრცე 125 ადამიანს იტევს, ამ კონცერტებზე კი 150 მსმენელი მივიღეთ. „არტ-ჰაუსი“ განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ზუგდიდელ შემსრულებლებს. ჯგუფი UNDER7 და მისი სოლისტი ბუბა სორდია ჩვენი მხარდამჭერები არიან და „არტ-ჰაუსის“ გახსნის დღიდან გემოვნებიანი მუსიკით გვანებივრებენ“.

ერთია კარგი იდეები და მეორეა მისი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები. ზუგდიდისთვის ამ გამორჩეული სივრცის შექმნაში გვანცას „საქართველოს ბანკი“ დაეხმარა. ფინანსურმა ინსტიტუტმა 5 წლის წინ მასთან ბიზნესიდეით მისულ გოგონას მოუსმინა, ენდო და საჭირო ფინანსური რესურსიც გამოუყო. ასე მოხდა მაშინაც, როცა გვანცამ ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა და ბანკს სესხისთვის, ამჯერად, ჰოსტელის პროექტით მიაკითხა. ჰოსტელიც, ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე „არტჰაუსის“ სიახლოვეს მდებარეობს.

„ჰოსტელის იდეა „არტ-ჰაუსის“ სტუმრებისგან და მეგობრებისგან გაჩნდა. ამ შემთხვევაშიც ჩვენს ფინანსურ მხარდამჭერს „საქართველოს ბანკს“ მივმართეთ, რომელსაც „არტ-ჰაუსის“ მსგავსად, ჰოსტელის იდეის სრულყოფაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. მათი დახმარებით მალევე დავიწყეთ მშენებლობა, დღეს კი „ბუდეში“ დამსვენებელი ხელმისაწვდომ ფასად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობს, რაც „არტ-ჰაუსის“ და „ბუდეს“ ერთიანობამ განაპირობა. ჰოსტელი მომხმარებელს სთავაზობს სრულ პაკეტს ‒ დაისვენონ „ბუდეში“, მიირთვან „არტ-ჰაუსში“ და, ამავდროულად, სურვილისამებრ, გაიარონ მასტერკლასები რობერტ აბსანძის მცირე სახელოსნოში, სადაც მეც ვიქნები ჩართული და რომელიც მალე ჰოსტელის ტერიტორიაზე განთავსდება. ამ ეტაპზე ჩვენთან 10 ადამიანია დასაქმებული, ეს რიცხვი მზარდია, რადგან სამომავლოდ ვგეგმავთ ჰოსტელის ტერიტორიაზე მოვაწყოთ ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ, რაც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების კომუნიკაციას“.

უკვე წლებია „საქართველოს ბანკს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა გაცხადებული აქვს.ბანკი განსაკუთრებით ცდილობს ბიზნესში ქალების წახალისებას.

„საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესებს, როგორც ჩამოყალიბების, ასევე განვითარების ეტაპზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს აქტიურად დავუჭიროთ მხარი არა მხოლოდ დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებულად ვცდილობთ, წავახალისოთ ქალები ბიზნესში, რათა მივცეთ მათ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ დაიწყონ, განავითარონ და მართონ საკუთარი ბიზნესი. სწორედ ასეთი წარმატებული მაგალითია ჩვენთვის „არტ ჰაუსი“, რომლის ხელმძღვანელიც და იდეის ავტორიც ქალბატონია. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქალებს ბიზნესში ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შეუწყოთ მათ ამაში. მოხარულები ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გვანცამ წარმატებული ბიზნესი წამოიწყო, წელს კი რესტორანს უკვე ჰოსტელიც მიამატა, რომლიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს“, ‒ აცხადებენ საქართველოს ბანკში.