50 over 50: Vision – ქალები, რომლებიც მეცნიერებისა და ხელოვნების მომავალს ქმნიან

Forbes-მა 50 წელს გადაცილებული წარმატებული ქალების კიდევ ერთი სია გამოაქვეყნა. არტისტებითა და მეცნიერებით დაკომპლექტებული ორმოცდაათეული ასაკობრივ სტერეოტიპებს ამსხვრევს.

ეილინ ფიშერი / ფოტო: GUERIN BLASK FOR FORBES

50 over 50 სია გამომცემლობამ მიკა ბრზეზინსკის Know Your Value ინიციატივასთან თანამშრობლობის შედეგად შეადგინა. პროექტის წყალობით მკითხველმა ის ქალები გაიცნო, რომლებიც შუა ხნის ასაკშიც დიდ წარმატებას აღწევენ. სიის პირველი ნაწილი ივნისში გამოიცა. ეტაპობრივად იგეგმება სხვადასხვა სფეროზე კონცენტრირებული სამი ნაწილის გამოქვეყნება.

50 over 50: Vision ამ სერიის მეორე ნაწილია. სიაში ვხვდებით 50 წელს გადაცილებულ ლიდერ ქალებს, რომლებიც კრეატიული იდეებით მეცნიერების, ხელოვნების, ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სექტორებს გარდაქმნიან.

საბოლოო სიის შესადგენად გამომცემლობას ცნობილი ჟიურის წევრები დაეხმარნენ. მათ შორის იყვნენ Grameen-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა იუნგი, მოდის ვარსკვლავი დაიენ ვონ ფურსტენბერგი და ჯენის ბრაიან ჰოუროიდი, Act One-ს დამაარსებელი და ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი თვითშემდგარი ქალი. ფორბსის რედაქტორებმა შეაფასეს, თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ნომინირებულების გამორჩეულ სამეცნიერო და არტისტულ ხედვას ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, რობოტიკა, მუსიკა, ცეკვა და ა.შ.

საბოლოო სიაში მაკართურის ფონდის მიერ დაფუძნებული „გენიოსის გრანტის“ სამ მფლობელს ვხვდებით, მათ შორის არიან ინჟინერი დანიელა რუსი, არქიტექტორი ჯენ გენგი და სამედიცინო ექსპერტი დაიენ მეიერი. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში გამარჯვებულების საშუალო ასაკი 45 წელს აჭარბებს.

56 წლის მეცნიერი ჯენიფერ ლუისი ჰარვარდის უნივერსიტეტში ბიოინჟინერიას ასწავლის. მისი კვლევითი ჯგუფი შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების ხელოვნურ მოდელებს ქმნის. მას 30-ზე მეტი პატენტი აქვს და ორი კომპანიის დამფუძნებელია. ლუისი 3D პრინტერის სხვა ფუნქციებსაც იკვლევს და ბიოთავსებადი მატერიის დამზადებაზე მუშაობს.

სიის წევრი 66 წლის ლილიენ კოლონი The Rockette-ს პირველი ლათინო-ამერიკელი მოცეკვავე იყო. ნიუ-იორკის ცნობილი საცეკვაო დასის წევრი 2002 წელს პენსიაზე გავიდა. მიუხედავად ამისა, ლილიენმა ცეკვა მაინც გააგრძელა. 2019 წელს გადაწყვიტა, რომ ლინ მანუელ მირანდას მიუზიკლის საეკრანო ადაპტაციაში მოსახვედრად შესარჩევი ტური გაევლო. კოლონი ერთადერთი 50 წელს გადაცილებული მოცეკვავეა ფილმში „ნიუ იორკი: ოცნების ქალაქი“.

„საკმაოდ საშიში იყო,“ იხსენებს მოცეკვავე. „მიმოვიხედე და ჩემი თანატოლი ვერ შევნიშნე. თავდაპირველად მეგონა, რომ არასწორ ოთახში ვიყავი. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა“.

კოლონი ამჟამად წიგნსა და შოუზე მუშაობს საკუთარი ცხოვრების შესახებ. ისტორია ბრონქსის ბავშვთა სახლში ვითარდება და არტისტის კარიერის შესახებ მოგვითხრობს.

სიის სხვა წევრები ხელოვნებასა და მეცნიერებას ინოვატორული გზებით აერთიანებენ. 71 წლის დიზაინერის, ეილინ ფიშერის ინსპირაცია ფრენკ ლოიდ რაიტის პრინციპი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი ამტკიცებდა, რომ ფუნქცია ფორმას წარმოშობს. ეილინმა კოლეჯში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლის დროს გადაწყვიტა, რომ ეს იდეა საკუთარ ნაშრომებში გამოეყენებინა. ფიშერმა ბრენდი ამ პრინციპზე დაყრდნობით შექმნა.

„ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული სხვების გრძნობებით… რას გრძნობენ ადამიანები ნაჭერთან შეხებისას“ – ამბობს ეილინი. „ამიტომ ვითვალისწინებ სამ კრიტერიუმს: ფუნქციას, ფორმასა და გრძნობას დიზაინების შექმნის დროს“.

ფიშერმა კომპანია 1984 წელს დააარსა. თავდაპირველად საბანკო ანგარიშზე მხოლოდ $350 ჰქონდა. წარუმატებლობის შემთხვევაში მიმტანად აპირებდა მუშაობას. თუმცა, მისი ბრენდი წარმატებული გახდა და დღეს ეილინ ფიშერის კომპანია წლიურად $350 მილიონიან მოგებას გამოიმუშავებს.

2009 წელს მეწარმემ Green Eileen-ის პროგრამა დაარსა. მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ 2020 წლისთვის კომპანია 100%-ით ეკო-მეგობრულ მასალებს გამოიყენებდა. ეილინმა გეგმა თითქმის შეასრულა და სამომავლოდ კიდევ უფრო ამბიციური მიზნები აქვს. ფიშერს სურს, რომ შეამციროს კომპანიის ნეგატიური ეფექტი გარემოზე და ეკოლოგიაზე იზრუნოს.

74 წლის კარლოტა ფლორესიც მსგავსი ეთოსით ცხოვრობს. არიზონელმა ლიდერმა საკუთარი ოჯახის საუკუნოვანი El Charro Café სარესტორნო ქსელად გადააქცია. ფიშერის მსგავსად მასაც სურს, რომ საზოგადოებაზე დადებითი ეფექტი ჰქონდეს. სხვა ქალების მსგავსად 50 over 50: Vision-ის სიაში, ფლორესი ახალი სამეწარმეო პროექტებისთვის ემზადება.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.