უსაზღვრო შესაძლებლობები სტარტაპერი ქალებისთვის – 500 Georgia

ქალი ანტერპრენერების ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს, ამასთან, რიცხვებიც პოზიტიურია – ქალების მიერ დაფუძნებული სწრაფად მზარდი სტარტაპების რაოდენობა მუდმივად იზრდება თუმცა,  დღეს ქალებისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება დაფინანსების მოზიდვა და ინვესტორების მხარდაჭერის მოპოვება.

საქართველოში მეწარმე ქალების თითქმის 40% გეგმავს ახალი პროდუქტის ან სერვისის შექმნას და ახალ ბაზრებზე გასვლას. ამასთან, მეწარმე ქალების 74% დაინტერესებულია ცოდნის გაღრმავებით და საგანმანათლებლო სემინარებში მონაწილეობით.

სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს 500 Georgia, 500 Startups-ის, საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად შემუშავებული აქსელერაციის პროგრამა, რომელიც სტარტაპებისთვის გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების შესაძლებლობას ქმნის.

ამჟამად აქსელერაციის პროგრამის 6 კვირიანი, ინტენსიური კურსი მიმდინარეობს და მასში 10 კომპანიაა ჩართული საქართველოდან, ლატვიიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან. 12 მარტს კურსი დასრულდება, სტარტაპებს კი შესაძლებლობა ექნებათ დემო დღეზე ინვესტორების წინაშე წარსდგნენ და საკუთარი სტარტაპებისთვის დამატებით კაპიტალი და დაფინანსება მოიზიდონ. აღსანიშნავია, რომ 10 კომპანიიდან 4-ის თანადამფუძნებელი ქალია, მათ შორისაა My Nanny და Simpolium.

My Nanny

„მშობლებს სასურველ ძიძასთან და ტუტორთან სწრაფად და მარტივად ვაკავშირებთ, მათ საშუალებას ვაძლევთ მოკლე ვადით დაიქირავონ ზუსტად ისეთი ძიძა, როგორიც მათ სურთ, იმ ბიუჯეტით, რისი საშუალებაც აქვთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ, როცა სჭირდებათ,“ – ნინო დვალიძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა  დაკავებული მშობლებისთვის იდეალური გამოსავალი შეიმუშავეს პლატფორმა My Nanny-ის სახით.

„500 Startups აქსელერატორი ჩვენთვის უაღრესად დროული და საჭირო შესაძლებლობა იყო, იმისთვის რომ სტარტაპის წარმატებული გაშვების შემდეგ ტემპი არ დაგვეგდო. პროგრამა ბრწყინვალე შესაძლებლობას გვაძლევს ცოდნა საუკეთესო ექსპერტებისგან მივიღოთ, თან ეს ყველაფერი ჩვენზე იქნება მორგებული. ესაა უდიდეს რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა, რისი ფუფუნებაც ქართულ სტარტაპებს ამ დრომდე არ ჰქონიათ. ეს პროცესი სრულიად შეცვლის ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას და ამაში „საქართველოს ბანკის“ დამსახურება ძალიან დიდია“ – ამბობს ნინო დვალიძე, პლატფორმა My Nanny-ის დამფუძნებელი.

ნინოს თქმით,  პლატფორმის შექმნის იდეა 5 წლის წინ დაიბადა. ჯერ იყო Facebook ჯგუფი 1500 წევრით, ნელ-ნელა კი ძიძის მომსახურება ონლაინ სერვისად გარდაიქმნა. სტარტაპის დამფუძნებლებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს: ნინო დვალიძე, ლევან დვალიძე და ლევან ჯანაშია რამდენიმე თვეა პლატფორმას პირდაპირ რეჟიმში ტესტავენ და სტარტაპიც წარმატებით აგრძელებს განვითარებას. სერვისი მალე უკრაინაშიც გახდება ხელმისაწვდომი და ამ მიმართულებით გუნდს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. პირველი დაფინანსება „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ 100,000 ლარიანი გრანტი იყო, რაც საწყისი ეტაპისთვის საკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, მათი გეგმები საერთაშორისო ბაზრების ათვისებას და გლობალურ ბრენდად ჩამოყალიბებას უკავშირდება.

Simpolium

21-ე საუკუნეში ინფორმაციასთან ერთად დრო ყველაზე ღირებული აქტივია. ყოველდღიურ რუტინაზე ნაკლებად დახარჯული საათები ხშირად პირდაპირ აისახება შემოსავლებზე, განწყობაზე, ახალ იდეებზე. ამ გამოწვევას არცთუ ისე იშვიათად, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები და მათი სპეციალისტებიც ვერ უმკლავდებიან. აღნიშნული გამოწვევა უფრო მწვავედ ჩანს გრაფიკის ინდუსტრიაში. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შექმნეს მარიამ და სანდრო ჯაფარიძემ Cityscape Pro, რომელიც 3D ანიმაციის სპეციალისტებს სამუშაო დროის 40%-ის დაზოგვის საშუალებას მისცემს და ამასთან, ამარტივებს სამუშაო პროცესს.

 

„Cityscape Pro-ს დახმარებით არქიტექტურული კომპანიები და ფრილანსერები შეძლებენ თავიანთი პროდუქტის პრეზენტაციას უფრო მოკლე ვადაში, ანალოგიური დავალების შესასრულებლად საჭირო იქნება ნაკლები ადამიანური რესურსი და შესაძლებელი გახდება უფრო მეტი დრო დაეთმოს კრეატიულ ნაწილს, რაც საბოლოო ჯამში, ხარისხზე აისახება. პროგრამა შექმნილია გარემოს პარამეტრული მოდელირებისთვის და მას ანალოგი არ აქვს ინდუსტრიაში. სპეციალისტი პროგრამას აწვდის საჭირო ზონების ორგანზომილებიან კონტურებს და მას შეუძლია მთელი ქალაქის მასშტაბით ლანდშაფტის, რეალისტური გზების და მათი ელემენტების ავტომატური მოდელირება სულ რამდენიმე ღილაკის დაჭერით.“ – გვიყვება მარიამი.

ამჟამად მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ გადმოწეროს პროგრამა, გამოიყენოს 45 დღიანი საცდელი ვერსია ვიდეო გაკვეთილებთან ერთად, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აითვისოს პროგრამა. მომავალში Simpolium გეგმავს Cityscape Pro მულტიპლატფორმული გახდეს და ინდუსტრიაში არსებული სხვა ხელსაწყოებიც გაუმჯობესდეს. კომპანია დღემდე მხოლოდ დამფუძნებლების დანაზოგით მოვიდა. აქსელერაციის პროგრამა, რომელიც „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობს, ინვესტიციების მოზიდვის იდეალური შანსი იქნება.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო „საქართველოს ბანკის“ დიდი წვლილი, მისი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ტოპ აქსელერატორის პროგრამაში ქართული  სტარტაპების მონაწილეობა. ვფიქრობთ, ტექნოლოგიური კომპანიების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რადგან ამ კუთხით პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. 500 Georgia ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პირველ რიგში, ეს არის უზარმაზარი გამოცდილების მქონე პროფესიონალების და მენტორების გუნდი, რომელიც ხელს შეგვიწყობს დახვეწაში და მასშტაბების გაზრდაში. გამოცდილებასთან ერთად Networking-საც გამოვყოფდი, სხვა სტარტაპერებთან ყოველდღიური კომუნიკაციაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“ – ამბობს მარიამ ჯაფარიძე.

500 Georgia

აქსელერაციის გლობალური პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქალი სტარტაპერებისთვის, მოიზიდონ დამატებითი კაპიტალი და დაფინანსება, ამასთან, ჰყავდეთ მენტორები გლობალური გამოცდილებით, დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეები და მოემზადონ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებისთვის.