ევროკომისია Air France-ს 7 მილიარდით დაეხმარება

Photo credit to corporate.airfrance

ევროკომისიამ საფრანგეთის ეროვნულ ავიახაზებს, პანდემიის პირობებში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გამო, 7.7 მილიარდი ევრო გამოუყო.

„კომისიამ, ევროკავშირის სახელმწიფოთა დახმარების წესების გათვალისწინებით, საფრანგეთს 7 მილიარდის ოდენობით დახმარება გაუწია. ის მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე, აქციონერთა გარანტიებს და მიმართულია კომპანიის საჭიროებებისკენ კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში“, – განაცხადა კომისარმა მარგრეტე ვესტერგერმა.

Air France-ის შემთხვევაში, 4 მილიარდი ევრო არის საბანკო სესხი სახელმწიფოს 90%-იანი გარანტიებით, ხოლო დარჩენილი 3 მილიარდი პირდაპირი სახელმწიფო სესხია, რომლის სანაცვლოდაც ავიაკომპანია ვალდებულია, გაზარდოს მომგებიანობა და შეამციროს ატმოსფეროს დამაზიანებელი სათბურის აირების გამოყოფა.

„საფრანგეთმა აჩვენა, რომ ყველა სხვა პოტენციური გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ბაზარზე ლიკვიდურობის მოპოვება გამოკვლეული და ამოწურული იყო“, – განაცხადა კომისიამ.

„საზოგადოების მხარდაჭერის არქონის პირობებში, ბიზნესის უეცარი ჩამოშლის გამო, Air France გაკოტრების სავარაუდო რისკის წინაშე დგას. ეს კი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს საფრანგეთის ეკონომიკას“, – აღნიშნულია ნათქვამში.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ მარტის შუა რიცხვებში სახელმწიფოებზე სუბსიდიების გაცემის წესები მიზანმიმართულად გაამარტივა, რათა წევრ ქვეყნებს COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისებთან გამკლავება გაადვილებოდათ.

საფრანგეთსა და ნიდერლანდებს ცალ-ცალკე Air France ჯგუფში 14% უჭირავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლანდიის მთავრობა 2-4 მილიარდ ევრომდე სახელმწიფო დახმარების გაცემას იმავე პრინციპით, გარანტიებისა და სესხების სახით, აპირებს.