სვეტლანა ალექსიევიჩი ღია საზოგადოების პრემიით დაჯილდოვდა

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა ჟურნალისტი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი, 2020 წლის ღია საზოგადოების პრემიით დააჯილდოვა.

Photo Credits to Isolde Ohlbaum/laif/Redux

„თავის გამორჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორებიცაა – „ჩერნობილის ლოცვა“, „ცინკის ბიჭები“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „უკანასკნელი მოწმეები“, „სექენდ ჰენდის დრო“- სვეტლანა ალექსიევიჩი ნათლად გამოხატავს საბჭოთა კავშირის საზოგადოების ისტორიას. 2015 წელს მისი ნობელის პრემიით დაჯილდოებისას შვედურმა აკადემიამ შეაქო ალექსიევიჩის ნაშრომები, რომლებიც ტანჯვითა და სიმამაცითაა გაჯერებული.“ – განაცხადა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და რექტორმა – მაიკლ იგნატიევმა. მისივე თქმით, სვეტლანა ალექსიევიჩის ნაწარმოებები განსახიერებაა იმ ვალდებულებისა, გვერდით დავუდგეთ სიმართლისათვის მებრძოლ ხალხს და ამ ბრძოლაში გამოვიჩინოთ სიმტკიცე, რაც, იგნატიევის თანახმად, ღია საზოგადოების მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

უკრაინაში დაბადებული სვეტლანა ალექსიევიჩი გაიზარდა ბელარუსში, სადაც იგი ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლა (მინსკის უნივერსიტეტში). ის მუშაობდა მასწავლებლად, ჟურნალისტად და რედაქტორად. ალექსიევიჩის ნაწარმოებები გვიჩვენებს საბჭოთა კავშირის პერიოდის ცხოვრებას ცალკეულ ადამიანთა გამოცდილებებზე დაყრდნობით.