„არა“-ს ამბავი | რატომ გადავწყვიტე ჩემი ამბის მოყოლა?

„წარმატებული ადამიანები“ ‒ რომლის ზუსტი განმარტება მე პირადად გამირთულდება განვსაზღვრო ‒ წარმატების მწვერვალიდან გვმოძღვრავენ და გვიყვებიან, თუ როგორ დაიწყეს საკუთარი კარიერის შექმნა ნულიდან ‒ ერთი მაგიდიდან, ბოთლების შეგროვებიდან, საძილე ტომარაში ძილიდან და ბევრი დაცემა-ადგომის შემდეგ აი, უკვე აქ არიან ‒ მწვერვალზე.

ამ პედისტალიდან მოყოლილი ‒ ყველა ისტორია სიმართლეა ‒ ვინ გაბედავს შედავებას:

გამარჯვებული ‒ ყოველთვის მართალია!

თიკო მაღრაძე / ფოტო: თიკო ჭიღლაძე

არავის უთქვამს ჩვენთვის ‒ გამომყევი და ყოველდღიურად გაჩვენებ ჩემს ფიასკოს, ყოველდღე მიყურე, როგორ წავაგებ, დავეცემი, გამიჭირდება, შემრცხვება, დავსუსტდები და მერე იმიტომ, რომ შენ მიყურებ, იმისთვის, რომ მაგალითი ვიყო ‒ ავდგები ‒ ყველაფრის ფასად; გამომყევი, რომ ერთად მივაღწიოთ – მე შენი მაგალითი ვიყო, შენ ‒ ჩემი ძალა ‒ ჩვენ ერთად სხვისი სახელმძღვანელო გავხდებით.

რთულია?

რა თქმა უნდა ‒ პერსონალური ბრენდინგის და მარკეტინგული ტექნოლოგიების სამყაროში წარმატებული ქეისების მოყოლა უფრო ტრენდულად ითვლება;

მაგრამ, აქ, ძლიერი ქალების სამყაროში, ‒ რისკების შესაძლებლობად გადაქცევა და სუსტი მხარეების ძლიერად წარმოჩენა მასწავლეს;

ჰო-და,

მას შემდეგ, რაც ჩემი „100 ‒ არა“-ს ამბავი სახალხოდ გამოვფინე და ზოგისთვის სასაცილო, ზოგისთვის არარეალური, თუმცა უმეტესობისთვის, საბედნიეროდ ‒ სამოტივაციო აღმოჩნდა, გადავწყვიტე უფრო შორს წავსულიყავი და სხვა ძლიერი, წარმატებისთვის მებრძოლი ქალების „არა“-ს ამბავიც გამეგო.

პირველი ქალის ამბავი

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ გენდერული და რასობრივი თანაფარდობის საკმაოდ კარგი მაჩვენებლით გამოირჩევა.

ბიზნეს სკოლის პრესტიჟიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, აქ პროფესიონალი, გამოცდილი, განსაკუთრებული უნარების მქონე და საკმაოდ წარმატებული ჯგუფები იკრიბებიან.

გამოცდილების გაზიარება ‒ საუნივერსიტეტო ცხოვრების კულტურის განუყოფელი ნაწილი და ძირითადი ღირებულებაა.

აქ ხშირად გვიწევს სხვადასხვა თემის განხილვა და ძირითადად იმ სირთულეებზე ვმსჯელობთ, რომელიც არ ეხება კონკრეტულ სილამაზის ცენტრში არასათანადო მომსახურების ფაქტს, შემთხვევით მოტეხილ ფრჩხილს, ან ბრენდულ მაღაზიაში მიღებული ახალი კოლექციის ნიუანსებს… ‒ რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულ საკითხებს არ ვაკნინებ, უბრალოდ ჩვენი პრიორიტეტი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უფრო ბიზნეს განვითარება, კარიერული წინსვლა ან რაიმე საინტერესო/სასარგებლოს პროექტის შესრულებაა.

უსაგნო დრამა – სისუსტედ ითვლება;

სუსტი ვერ შეძლებს… სუსტი უბრალოდ ვერ გადაურჩება კონკურენციას…

რამდენიმე ქალს ვთხოვე, თავისი ისტორიის გაზიარება ‒ „არა“, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“ ‒ ვუთხარი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ უარის მიღება წარუმატებლობას, უნიჭობას ან უუნარობას ნიშნავს.

რომ ამით შეგვიძლია მოტივაცია მივცეთ ბევრ პოტენციურ პროფესიონალს, რომელსაც უარის მიღების შიშით ‒ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაუბედავს, არადა, ვინ იცის – მთების გადაბრუნებასაც შეძლებს!

პირველად ქეითლინის ისტორიას მოგიყვებით:

ქეითლინი ჩემი კონკურენტია ‒ დიახ, პირდაპირი კონკურენტი ‒ მე და ქეითლინმა ერთდროულად შევიტანეთ განაცხადი ჯანდაცვის პროექტის დაფინანსებაზე.

სტერეოტიპების დამანგრეველი რომ ვარ, ეს დიდი ხანია ყველამ იცის ‒ ქეითლინი ჩემი კარგი მეგობარია; მე დღეს ქეითლინის პროექტში მრჩეველთა ბორდის წევრი ვარ; ქეითლინი ‒ ჩემი პროექტის პარტნიორების მოძიებაზე ზრუნავს.

მე ვფიქრობ, შენი ყველაზე დიდი მეგობარი შენივე კონკურენტია ‒ მისი ქმედება შენთვის სარკეა, მისი რჩევა და კრიტიკა ‒ ყველაზე ღირებული და მისი აზრი ყველაზე საინტერესო.

აი, ამიტომაც ვთხოვე ამ არაჩვეულებრივ ქალს თქვენთვის თავისი ამბავი მოეთხრო.

მაშ ასე, დავიწყეთ:

ქეითლინ უესტი არის მეწარმე და ფინანსური ექსპერტი, რომელმაც ახლახან წამოიწყო საკუთარი საწარმო Alivio Technologies Inc, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ და ეფექტურ დახმარებას არაინვაზიურ მოწყობილობაში, სახელწოდებით 4Alivio. 4Alivio ქეითლინისთვის საკუთარი ფსორიაზული ართრიტისგან შვების პოვნის წარუმატებელი მცდელობების შედეგია. ქეითლინი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Stern-ის სკოლაში ბიზნესის მართვას ეუფლება, რომელშიც მაგისტრატურის ხარისხს 2024 წელს აიღებს. ის ამჟამად მუშაობს Qurate Retail-ში, როგორც ახალი ბიზნეს წამოწყების ფინანსური ლიდერი. ის მანამდე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Gap, Charming Charlie, BCBG და Turn 5. მას სჯერა მომავალში ინვესტირების, შესაბამისად აქტიურ მონაწილეობას იღებს ობოლი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში CASA-ს მეშვეობით. ის ასევე მონაწილეობს UPENN-ის ჰოსპის დახმარების პროგრამაში და გვევლინება როგორც ართრიტის ფონდის ლიდერი. თავისუფალ დროს ის სიამოვნებით ატარებს თავის პარტნიორთან, ლუისთან და მათ ორ ოთხფეხა მეგობართან, ჩარლი და დექსტერთან. ქეითლინი ასევე აქტიური ცხენოსანია.

როგორ განაპირობა სიტყვა „არა“-მ ქეითლინ უესტის ბიზნესის წარმატება

„არა ‒ არ არის საბოლოო და არ ნიშნავს წარუმატებლობას. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი „არა“ რაც კი ოდესმე მიმიღია იყო, როდესაც დავიწყე ჩემი საქმიანობა. მეწარმეობის კონკურსში ჩავერთე, სადაც შემეძლო 100,000 აშშ. დოლარამდე მომეგო ჩემი საწარმოსთვის. გულმოდგინედ ვიმუშავე ჩემს აპლიკაციაზე და პრეზენტაციაზე. ორ თვეში, მე შევძელი ჩემი საქმიანობის წამოწყება, დროებითი პატენტისა და კვლევის წინადადების წარდგენა და კონკურსის განაცხადის სრულად შევსება. ჩემს კონცეფციასა და კვლევაზე კონკურსში ჩართვამდე რამდენიმე წლით ადრე ვმუშაობდი და ეს დამეხმარა კონკურსის სხვა დავალებების დროულად შესრულებაში.

როცა მოუთმენლად ველოდებოდი შედეგებს, ვფიქრობდი, რომ სულ მცირე ფინალურ ტურში გავიდოდი. ჩემი სამედიცინო მოწყობილობა იყო ინოვაციური და უნიკალური მათთვის, ვისაც ქრონიკული ტკივილი და ანთება აწუხებდა. პასუხად კი მივიღე ‒ „სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მიგიღებთ მეწარმეობის კონკურსში“. სწორად გამოიცანით, ჩემი ცხოვრება ამ უარით არ დასრულებულა ‒ პირიქით, ის გაფართოვდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. მე მივიღე შეგნებული გადაწყვეტილება, შემენარჩუნებინა ოპტიმისტური განწყობა და ყოველი შემდეგი ნაბიჯი ცნობისმოყვარეობის პერსპექტივიდან გადამედგა. ვცდილობდი გამეგო, სად მჭირდებოდა გაუმჯობესება.

ვითხოვე უკუკავშირი ჩემი აპლიკაციის მიმომხილველებისგან და გაოგნებული დავრჩი. გამოხმაურება ძალიან პოზიტიური და გამამხნევებელი იყო ‒ მთავარი მიზეზი, რის გამოც გამოწვევაში არ მიმიღეს, იყო ის, რომ ჩემი წამოწყებისთვის „ძალიან ადრე იყო“. რეცენზენტებს სურდათ დაენახათ კონცეფციის მტკიცებულება ტექნიკური დიზაინის სახით და პირველი ფიზიკური პროდუქტის განვითარების გზა.

უკუკავშირის გაცნობის შემდეგ, შევქმენი მრჩეველთა მრავალფეროვანი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იყო დაზღვევის, სამედიცინო სფეროს, IT, პროგრამული უზრუნველყოფისა და მძლეოსნობის გამოცდილების მქონე ადამიანებით, რათა ამ საბჭოს ეხელმძღვანელა ჩემი მოწყობილობის შექმნის პროცესისთვის. მე შევძელი ინჟინერიის მეორე ფაზის დაფინანსება, რათა დამედგინა კონცეფციის დასამტკიცებლად საჭირო ტექნიკური ნახაზები. და ბოლოს, მე გულმოდგინედ დავიწყე მუშაობა მომხმარებელთა „აღმოჩენის“ ინტერვიუებზე, რასაც გავლენა უნდა მოეხდინა ჩემი მოწყობილობის პოპულარობაზე.

მე შევძელი გამომეყენებინა მიმომხილველების დადებითი გამოხმაურება, კითხვები და შეხედულებები ჩემი საწარმოს სასარგებლოდ. გაკვეთილი, რაც გამოცდილებიდან ვისწავლე იყო, ის თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს პოზიტიურ „არა“-ს. ყველა უარყოფა არ არის უარყოფითი ‒ ხანდახან „არა“ მიგიყვანთ სხვა გზაზე, რომელზეც ვერასოდეს იოცნებებდით, უკეთეს გზაზე. ენდეთ პროცესს, ენდეთ საკუთარ თავს და ენდეთ „არა“-ს ძალას, რომელიც დაგაყენებთ სწორ გზაზე“.

ჩემი მეორე რესპონდენტი, დინაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულია. მისი ისტორია, ისევე როგორც ამერიკაში მცხოვრები უამრავი იმიგრანტი ქალისთვის, დინასთვისაც ორმაგი ძალისხმევის, ურყევი თავდადებისა და მიზნების მისაღწევად დაუოკებელი მონდომების გზაა.

დინა გონჩაროვა არის ოპერაციების ექსპერტი, რომელიც გატაცებულია ჯანდაცვის ბიზნესით. დინა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Stern ბიზნესის სკოლის მაგისტრია.

დინა ზრდის ჯანდაცვის ბიზნესს მრავალფეროვანი და ინკლუზიური გუნდების შექმნით და მიზანმიმართულობაზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურის შექმნით. იგი სპეციალიზებულია საოპერაციო სრულყოფილებაში, რომელიც ფოკუსირებულია ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, დაინტერესებული მხარეებისთვის ღირებულების შექმნაზე და ბიზნესის ზრდაზე. დინა გატაცებულია ჯანდაცვის ინდუსტრიაში არსებული გადაუჭრელი პრობლემებით.

პროფესიული ცხოვრების მიღმა, დინა გატაცებულია ლაშქრობით და თავისუფალ დროს უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებს. მთები მისი ბედნიერების ადგილია.

„სულ რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, არ მეცოდინებოდა რას ნიშნავს ის ძალა, რასაც სიტყვა „არა” ატარებს. რა ვთქვა, უბრალოდ, ცხოვრებაში ძალიან ბევრი უარი არ მიმიღია. არა იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერში კარგი ვარ… მიზეზი, რის გამოც ბევრი „არა“ არ მიმიღია, საკმაოდ მარტივია – მე არ მითხოვია ის, რაც მინდომებია.

მას შემდეგ გავაძლიერე უარყოფის ტოლერანტობის კუნთი. ეს პირველად მაშინ დაიწყო, როცა ახალ სამუშაოს ვეძებდი. აღმოვჩნდი, რომ გაუთავებლად ვთხოვდი იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ვიცნობ, ინტერვიუებს, რეკომენდაციებს, კარიერულ რჩევებსა და შესავალს. ბევრი დამთანხმდა დახმარებაზე, ბევრმა უარი თქვა. რჩევა ხშირად იგივე იყო: გადადი შემდეგ მოთხოვნაზე, შემდეგ სამუშაოზე…

უკან რომ ვიხედები, „არამ“ დააჩქარა ჩემი ზრდა და მასწავლა, როგორი უნდა ვიყო ძლიერი, მოტივირებული და კრეატიული. სწრაფი „არა“ ზოგავს დროსა და ენერგიას, მაძლევს ახალ მიმართულებას და უფრო სწრაფად მიბიძგებს ჩემი მიზნებისკენ. „არა“ უსიამოვნოა, მტკივნეულია, მაიძულებს ჩემი კომპეტენცია ეჭვქვეშ დავაყენო, შეიძლება დემოტივირებული გამხადოს. მაგრამ როდესაც მიზანი ნათელია, “არა” ხელს უწყობს შემოქმედებითობას. „არა“, ისევე, როგორც „დიახ“ მიმიყვანს ჩემს მიზნამდე, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მე უნდა ვიპოვო ახალი გზა იქ მისასვლელად.

როდესაც „არა“-მ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ჩემს ცხოვრებაზე, საკუთარ თავს ვუსვამ სამ კითხვას.

სწორ კითხვას ვსვამ?

ზოგიერთმა “არამ” დამიტოვა დაუმთავრებელი საქმის განცდა. „არა“ არის სრული წინადადება, ის არის მკაფიო, ლაკონური და შეიცავს საკმარის ინფორმაციას შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მაგალითად, მინდა ჩემს მენეჯერს ვთხოვო ახალ პოზიციაზე დამნიშნოს, რადგან ეს ჩემს კარიერულ ტრაექტორიას გააუმჯობესებს. “არა” იქნება იმედგამაცრუებელი პასუხი და შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამ ჩემს თავს სამუშაო ადგილზე. მაგრამ რა მოხდება, თუ დავსვამ კითხვას “რატომ?”, თუ ვიტყვი, აი, აქ არის კარიერული განვითარების ის ეტაპი, რომელსაც წარმოვიდგენ ამ ორგანიზაციაში, როგორი უნდა იყოს ჩემი შემდეგი ნაბიჯები ამის მისაღწევად? ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ვიცით ზუსტი გამოსავალი, მაგრამ თუ დავსვამთ კითხვას „რატომ?“, მიზნამდე მიღწევის ალტერნატიული გზებსაც ვიპოვით.

და თუ არ ვიკითხავთ?…

იმის თხოვნა რაც მინდა, დაუცველ მდგომარეობაში მაყენებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე სხვას ვაძლევ კონტროლს იმაზე, რაც მოხდება. უარის მიღების შესაძლებლობა ხელს უწყობს ამ არაკომფორტულ გრძნობებს. წარსულში, როცა ხელფასის გაზრდას ვითხოვდი, ყოველთვის ვიღებდი დადების პასუხს, არა იმიტომ, რომ ჩემი შესრულება იყო გამორჩეული ან იმიტომ, რომ ჩემი უფროსი კმაყოფილი იყო, არამედ იმიტომ, რომ ხელფასის გაზრდა კარგა ხნის წინ უნდა მომეთხოვა. ამ მაგალითში, უარის თქმის თავიდან აცილება ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. იმის არ მოთხოვნას, რაც გინდა, ყოველთვის ფასი აქვს: დრო, კეთილდღეობა, ურთიერთობების ხარისხი, პიროვნული ზრდა და ა.შ. შეგიძლია გადაიხადო ფასი?

რა ქმედებაა შემდეგი?

“არა” დამღლელია. “არა” ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გააგრძელოთ ცდა, რომელსაც დიდ ენერგია მიაქვს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ მივიღოთ “დიახ”, მაგრამ მნიშვნელოვანია გვქონდეს გეგმა, რას მოვიმოქმედებთ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ “არას”. ყოველ მნიშვნელოვან „არას“ შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრების ტრაექტორია. მე ვაგებ გადაწყვეტილების ხეს, სადაც ერთი ტოტი არის “დიახ” და მეორე არის “არა”. „არას” ტოტზე გაჩერება მეხმარება იმის გაგებაში, მზად ვარ თუ არა კითხვის დასმისთვის. მაგალითად, პარტნიორისთვის იმის კითხვამ, მზადაა თუ არა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ურთიერთობაში და პასუხად „არას“ მიღებამ, შეიძლება შეცვალოს ცხოვრების ტრაექტორია. მზად ხართ იმისთვის, რაც “არას” შემდეგ მოდის?

აღსანიშნავია კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც წარსულში უფრო ხშირად არ მითქვამს უარი, ეს არის ის, რომ ხშირად თავად მე ვეუბნები საკუთარ იდეებსა და სურვილებს “არას”. „ამ უნივერსიტეტში არ მიმიღებენ”, “ამ სამსახურში არასდროს ამიყვანენ”, „არ არის კარგი დრო ხელფასის გაზრდის მოთხოვნისთვის“, „მეტად ღირებული უნდა გავხდე, სანამ მოვითხოვ იმას, რაც მინდა“ და ა.შ. ვისწავლე უფრო კეთილი ვიყო საკუთარი თავის მიმართ, უარყოფის ნაწილს გარე სამყაროს ვუტოვებ.