მეი მასკის წიგნს ქართულად გიორგი არონია თარგმნის

მეი მასკის წიგნს „A Woman Makes a Plan: Advice for a Lifetime of Adventure, Beauty, and Success“ გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“ Forbes Woman Georgia-ს გუნდის წევრის, გიორგი არონიას თარგმანით გამოსცემს. წიგნი მაღაზიებში 2020 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდება.

„მეი მასკი განსაკუთრებული ადამიანია: ის ცნობილი ავტორი, დიეტოლოგი და ძალიან მოთხოვნადი სუპერმოდელია, აი, უკვე ორმოცდაათი წელიწადია. მეი სამოცდათორმეტი წლისაა და დღემდე სხვადასხვა ჟურნალების გარეკანებს ამშვენებს. გარდა ამისა, ის სამი ძალიან წარმატებული ადამიანის დედა და ცამეტი შვილიშვილის ბებიაა. თუმცა, ამ ყველაფრის უკან ბევრი ტკივილი იმალება. ეს წიგნიც, სწორედ ამ ტკივილის და მისი დაძლევის ამბავს გვიყვება. ისეთი წიგნია, ქართულად აუცილებლად უნდა აჟღერებულიყო და ძალიან მიხარია ის, რომ მისი გამოცემის უფლება „სეზან ფაბლიშინგმა“ მიიღო“ – ასე გამოეხმაურა გიორგი გამომცემლის შერჩევას.

ილონ მასკის დედამ, მეი მასკმა წიგნის ქართულად გამოცემის შესახებ პირველად საჯაროდ 2020 წლის პირველ ივლისს, ტვიტერზე განაცხადა. მეი მასკი ალექსანდრე ბერუაშვილის ტვიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წიგნს თარგმნიდნენ იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის გამომცემლობას იპოვიდნენ.

წიგნის გამოცემის მიზნით გამართულ აუქციონზე ქართველ გამომცემლებს შორის „სეზან ფაბლიშინგმა“ გაიმარჯვა. გამომცემლობამ შესაბამისი ლიცენზია $5000-ის სანაცვლოდ მოიპოვა. წიგნის სახელწოდების სამუშაო ვერსიაა „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვის“.