„XX და XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“ | საქართველოს ბანკი ხელოვნების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით განხორციელებული ერთ-ერთი შთამბეჭდავი ბოლოდროინდელი პროექტი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ მუზეუმში გამართული გამოფენა იყო, რომელმაც XX და XXI საუკუნეების ქართულ არტს, ლიკა ჭკუასელის კურატორობით, კერძო კოლექციებიდან მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში მოუყარა თავი.

როგორი იყო განვლილი ათწლეულები; როგორ აისახა ელვის სისწრაფით ცვალებადი პროცესები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებაზე, არტ ცნობიერებაზე?

გამოფენამ, სახელწოდებით „XX და XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“ თანამედროვე ქართული ხელოვნების სუბიექტური, კურატორული ვერსია შესთავაზა დამთვალიერებელს.

ქართველი მხატვრების ნაკლებად ცნობილი, უნიკალური ნამუშევრების დიდი ნაწილი პირველად გამოიფინა. ფართო საზოგადოებამ პირველად ნახა ისეთი არტ ნამუშევრებიც, რომელთა შესყიდვა და ევროპიდან დაბრუნება მხოლოდ ახლახან მოხერხდა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ეთერ ირემაძე
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეროვნულმა გალერეამ კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. რა იყო ამ პროექტის მიზანი?

ჩვენი მიზანი იყო, მხარი დაგვეჭირა ასეთი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის ღონისძიებისთვის, რომლის საშუალებითაც კვლავ გავაცოცხლეთ XX საუკუნიდან დღემდე მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანების შემოქმედება. მათ შორის ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხისა თუ სხვა გამორჩეული არტისტების ნამუშევრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოფენის ფარგლებში ფართო საზოგადოებას პირველად წარედგინა ის ნამუშევრები, რომელთა შესყიდვა და ევროპიდან დაბრუნება მხოლოდ უახლოეს წარსულში მოხერხდა. საუბარია შედევრებზე, რომელიც ქვეყანაში დაბრუნდა. ასეთია „არქივარიუსის“, „მეათე სართულის“, „მარჯანიშვილის თეატრის მხატვართა დაჯგუფების“ თუ ადგილობრივი და დასავლური არტ-სცენისთვის ცნობილი სხვა ქართველი ხელოვანების ნამუშევრები.

საქართველოს ბანკისთვის ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორ შეაფასებდით ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას? SOLO-ს, როგორც ხელოვნების მხარდამჭერის, სტრატეგიას?

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ‒ ქართული ხელოვნების მხარდაჭერაა, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ ის ქვეყნის იდენტობის უმნიშვნელოვანესი საგანძურია. ვალდებულებას ვგრძნობთ, წვლილი შევიტანოთ მის დაცვასა და პოპულარიზაციაში. შესაბამისად, წლების განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერი ან ინიციატორი ვყოფილვართ როგორც სრულიად ბანკის, ასევე პრემიუმ ბანკინგის ეგიდით. მაგალითისთვის, სწორედ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვენის ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინა ექსპოზიციაზე, სახელწოდებით “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds.“ გამოფენა ნიკო ფიროსმანის გარდაცვალების 100 წლისთავს უკავშირდებოდა. წარმოდგენილი იყო მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე, 1972 წელს პარიზში ილია ზდანევიჩის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“. ამ შემთხვევაშიც ჩვენი მიზანი იყო ქართველი მხატვრის შემოქმედებისა და, ზოგადად, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი პროექტი ასევე გახლავთ ეროვნულ გალერეაში გამართული სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტიული გამოფენა. ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლის იუბილეს მიეძღვნა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხელოვანის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ გაიმართა. ღონისძიებაზე თავმოყრილი იყო ცნობილი მხატვრისა და სცენოგრაფის 200-მდე უნიკალური ნამუშევარი, კოსტიუმი და მის სახლ-მუზეუმში დაცული საარქივო ნივთები. სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედების დიაპაზონი კი გამორჩეულად ფართოა ‒ როგორც სპექტაკლებისა და მსოფლიო თეატრების საბალეტო დადგმებისთვის, ასევე ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის შექმნილი ნამუშევრებით.

ვამაყობთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რეტროსპექტიული გამოფენის ფარგლებში სწორედ ეს მრავალფეროვანი, ისტორიული მნიშვნელობის ნამუშევრები გაგვეზიარებინა ფართო საზოგადოებისთვის და სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების მოყვარულებისთვის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ზოგადად, ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ცდილობს იყოს მნიშვნელოვანი პროექტების მხარდამჭერი და მინდა გამოვყო ერთი პროექტი ‒ ესაა ოროზმანის ექსპედიციის გენერალური პარტნიორობა. შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე მონიშნა როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანა.

ჩვენ არ ვჩერდებით და, შესაბამისად, გავაგრძელებთ ამ მხრივ საინტერესო პროექტების ძიებასა და განხორციელებას.

აქვე მინდა გკითხოთ Lifestyle-ზე ‒ SOLO-ს მნიშვნელოვან მიმართულებაზე. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს მიმართულება, რა პროექტებს, რა პრიორიტეტებს, რა მიმართულებებს მოიცავს?

როგორც იცით, SOLO რადიკალურად განსხვავებული საბანკო კონცეფციაა. მისი მთავარი იდეა არის ის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შევქმენით – დიზაინი, მომსახურება თუ დამოკიდებულება, აწყობილია SOLO მომხმარებლის მოლოდინების გარშემო. ჩვენი მომხმარებელი არის ყველა მოვლენის ცენტრში, სარგებლობს პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა თუ სერვისებით და იზიარებს SOLO LIFESTYLE-ის უსაზღვრო შესაძლებლობებს, რაც გულისხმობს დასწრებას განსაკუთრებულ ღონისძიებებზე, სემინარებსა და კონცერტებზე; ექსკლუზიურ შეთავაზებებს უამრავ ობიექტში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; არაჩვეულებრივ მოგზაურობებს; უნიკალურ პროდუქტებს SOLO ბუტიკში, გამორჩეულ კონსიერჟ-სერვისს. მოკლედ რომ ვთქვათ, SOLO Lifestyle ზრუნავს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე, გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებაზე.

ლიკა ჭკუასელი
ხელოვნების კონსულტანტი, გამოფენის კურატორი

„XX და XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“ ‒ მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, რომელიც თქვენი კურატორობით გაიმართა. როგორ გაჩნდა გამოფენის იდეა? როგორ, რა პრინციპით შეარჩიეთ ის არტისტები, რომელთა ნამუშევრებიც გააერთიანა გამოფენამ?

საქართველოში დაბრუნების შემდეგ როგორც ხელოვნების კონსულტანტმა, კოლექციონერებთან ერთად დავიწყე მათი კერძო კოლექციების შექმნაზე მუშაობა და დაახლოებით 4 წელიწადში მივხვდი, რომ ამ კონკრეტულ კოლექციებში, კონკრეტული დროის მონაკვეთში რა ნამუშევრების სელექციის გაკეთებაც მოესწრო, ისეთმა ნამუშევრებმა მოიყარა თავი, რაც ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო მათი ჩვენება საჯარო სივრცეში, თუნდაც ცოტა ხნით.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

არტისტები და ნამუშევრები შეირჩა მხოლოდ ერთი პრინციპით ‒ ჩემი მუშაობის შედეგად შექმნილი კოლექციებიდან, რაც, როგორც გამოფენაზე ნახეთ, საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს: XX საუკუნის ადრეული წლებიდან ‒ 2022 წელს შექმნილ ხელოვნებამდე. ბევრს ვმუშაობდი და დღემდე ვაგრძელებ მუშაობას 80-იანი წლების პერიოდზე, ე.წ. მე-10 სართულზე. სწორედ ამ პერიოდის რამდენიმე იკონური ნამუშევარი ნახა დამთვალიერებელმა: მამუკა ცეცხლაძის „ამერიკა“, კარლო კაჭარავას „სიბნელის ხელოვნება“ ‒ გარდაცვალებამდე დაწყებული სულ ბოლო ნამუშევარი, რომლის დასრულებაც ვერ შეძლო, ნიკო ცეცხლაძის ობიექტი “Ice”, გია რიგვავას დახვრეტილი ტილოების სერია, რომელშიც სულ ათი ნამუშევარი იყო, ხუთი რუსეთში გაიყიდა და ხუთი ჩვენ მოვახერხეთ რომ საქართველოში, კერძო კოლექციაში დარჩენილიყო.

რა იყო ამ პროექტის მიზანი? როგორი გამოხმაურება მოჰყვა მას?

პროექტის მიზანი, პირველ რიგში, მასშტაბური გამოფენის მოწყობა და დამთვალიერებლებისთვის ისეთი ნამუშევრების ჩვენება იყო, რომლებიც არცერთ საჯარო სივრცეში არ არის და კერძო კოლექციებშია დაცული. თვითონ ექსპოზიციის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოფენის ფარგლებში მისი თანმდევი საგანმანათლებლო და საჯარო პროგრამა (ლექციები გამოფენაზე წარდგენილი ნამუშევრების პერიოდებზე, არტისტების მიერ ჩატარებული ვორქშოპები, საბავშვო აქტივობები), რომელიც შევქმენით ყველა ასაკის ვიზიტორისთვის. ამ გამოფენით ასევე ვეცადე მეჩვენებინა რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საინტერესო კერძო კოლექციების არსებობას. ზოგადად, როგორ იქმნება კერძო კოლექციები; როგორია თანმიმდევრულობა, რაც მის შექმნას სჭირდება და პროცესი, რომელიც საუკეთესო შედეგისთვის ჯობია უწყვეტი იყოს და არა ფრაგმენტული.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ხაზი გაესვა ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არსებობის საჭიროებას; იმ სივრცის აუცილებლობას, სადაც ქართველი თუ უცხოელი დამთვალიერებელი ნებისმიერ დროს შეძლებს უფრო სრულყოფილად ნახოს ქართული ხელოვნების ისტორიის განვითარების ხაზი.

გამოხმაურება იყო დაუჯერებლად კარგი. ექსპოზიცია ნახა 7000-ზე მეტმა ადამიანმა. ბევრი გვესტუმრა განმეორებით, მეორედ და მესამედაც. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო უამრავი სკოლის მოსწავლისა და სტუდენტის ნახვა გამოფენაზე და მათი აქტიური დასწრება საჯარო პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საგანმანათლებლო თუ გასართობ ღონისძიებებზე.

გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელმა პირველად ნახა ქართველი მხატვრების ის ნამუშევრებიც, რომელთა შესყიდვა და საქართველოში დაბრუნება ახლახან მოხერხდა. ამის შესახებაც მოგვიყევით.

2015 წელს პირველ კოლექციაზე მუშაობისას, როდესაც 80-იანი წლების არტისტების ნამუშევრებს აქტიურად ვიკვლევდი და ვეძებდი, ევროპაში სხვადასხვა კერძო თუ სამუზეუმო კოლექციაში დაცულ ბევრ ნამუშევარს მივაგენი. ამის კარგი მაგალითია შურა ბანძელაძის მასშტაბური, აბსტრაქტული ტილოები, რომლებიც საქართველოში არასდროს ყოფილა ნაჩვენები და ძალიან მიხარია, რომ ეროვნულ გალერეაში ბევრმა ადამიანმა მოახერხა მათი ნახვა. სხვა კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი არტისტის ნამუშევრების დაბრუნების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. რა თქმა უნდა, ისევ კოლექციონერების მხარდაჭერით.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

როგორ შეაფასებდით, რამდენად დიდია საქართველოში ინტერესი თანამედროვე ხელოვნების მიმართ? იზრდება თუ არა ეს ინტერესი? რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ პროცესში გამოფენებს, თანამედროვე არტისტების ნამუშევრების ფართო საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას?

საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო თანამედროვე ხელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს რამდენიმე კარგი თანამედროვე ხელოვნების გალერეა, სადაც წლის განმავლობაში ბევრი გამოფენა ეწყობა და ამ ყველაფრის დამსახურებით ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში მეტად შეინიშნება ინტერესი თანამედროვე ხელოვნების მიმართ. თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში ასევე დიდი როლი შეასრულა 2014 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე ვიზუალური ხელოვნების სკოლის VAADS- ის დაარსებამ, რომლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები საინტერესო ხელოვანები არიან. ასევე უნდა აღინიშნოს თბილისის ხელოვნების ბაზრობა (TAF), რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ხელოვნების პოპულარიზაციაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე და რომელიც წელს, სექტემბერში, უკვე მესამედ გაიმართება ექსპო ჯორჯიაში. კიდევ უკეთესი შედეგისთვის, აუცილებელია თანამედროვე საჯარო ინსტიტუციების შექმნა და ასევე მნიშვნელოვანია გავცდეთ თბილისის ცენტრს და დიდი ყურადღება დავუთმოთ რეგიონებსაც.

როგორ ხედავთ თანამედროვე ხელოვნების მომავალს საქართველოში?

ვფიქრობ, საქართველო თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნელ-ნელა ძალიან მიმზიდველ სცენად ფორმირდება. უკვე ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა თუ გამოცემა წერს თბილისში მიმდინარე სხვადასხვა გამოფენასა თუ ხელოვანზე, ბევრი საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის ქართული ხელოვნების სანახავად, გვყავს უცხოეთში საკმაოდ წარმატებული ხელოვანები, რომელთა სახელებიც აქ ჩვენ ძალიან გვეხმარება: ანდრო ვეკუა, თეა ჯორჯაძე, ანა ქეი და ა.შ.