ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ევროპას კორონავირუსის 400 მილიონი ვაქცინით მოამარაგებს

ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და ნიდერლანდების სამეფოს COVID-19-ის 400 მილიონამდე ვაქცინით მოამარაგებს, – ამის შესახებ ინფორმაცია შაბათს გავრცელდა.

Photo Credits to Getty Images

ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ვაქცინა, რომელიც ჯერ კიდევ კლინიკურ ცდებს გადის, ქვეყნებს თვითღირებულებით გადაეცემა და მას პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მთავრობები გადაიხდიან. ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ვაქცინის შეძენის სურვილი ჩინეთმა, ბრაზილიამ, იაპონიამ და რუსეთმაც გამოთქვეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, AstraZeneca-მ მსგავსი შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს გაუფორმა. საერთო ჯამში, კომპანია მილიარდი ვაქცინის შექმნას გეგმავს.

„ასე და ამგვარად, ევროპაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს ვაქცინასთან წვდომა ექნება, თუკი, რა თქმა უნდა, ის ეფექტურია. ამას კი, ზაფხულის ბოლოს გავიგებთ“, – განაცხადა AstraZenecas აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიომ.

AstraZeneca დიდი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1999 წელს, შვედური Astra Ab-ისა და ინგლისური Zeneca Group-ის შეერთებით შეიქმნა. 2019 წელს, კომპანიამ 24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ფასიანი ქაღალდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.