შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს, 24 აგვისტოს, მთავრობამ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
გუშინ, 23 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან და გარდაიცვალა 12 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. სპეციალური სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია. რაც შეეხებათ დაშავებულ მგზავრებს, სამივე მათგანი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.