BBC საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

Photo By Thought Catalog

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბავშვებს სწავლას გაგრძელება კვლავ სახლიდან უწევთ. ამისათვის BBC მათ ახალი, სპეციალური პროგრამით, Bitesize Daily დაეხმარება.

აპლიკაცია BBC iPlayer, Red Button, BBC Four-სა და BBC Sounds-ზე იქნება ხელმისაწვდომი. Bitesize Daily-ის გამოყენება 20 აპრილს დაიწყება და გაკვეთილები 14 კვირის განმავლობაში, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის (5-დან 14 წლამდე) ყოველდღიურად ჩატარდება.

სატელევიზიო პროგრამის ეპიზოდები, რომლებიც Royal Shakespeare Company-სთან, პრემიერ ლიგასა და Puffin Books-თან თანამშრომლობით შეიქმნა, თანხვედრაში იქნება ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრ. ირლანდიის საჯარო სკოლების სილაბუსებთან.

“ამ რთულ პერიოდში, როცა ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, მშობლები მხარდაჭერასა და ალტერნატიულ შეთავაზებებს ელიან. ვამაყობთ, რომ ხალხის გვერდით ვდგავართ. მასწავლებლებთან, სკოლებსა და მშობლებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ბავშვებს ნებისმიერი გზით ჰქონდეთ წვდომა განათლებასთან. ამ მხრივ, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა BBC-ის ისტორიაში” – განაცხადა BBC-ს გენერალურმა დერექტორმა, ტონი ჰოლმა.

აღსანიშნავია, რომ არსებულმა ინიციატივამ დადებითი შეფასებები მიიღო იმ მინისტრებისგანაც კი, რომლებიც რამდენიმე თვის წინ BBC-ს მწვავედ აკრიტიკებდნენ.

ოლივერ დაუდენმა, დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლობის საუკეთესო მაგალითი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ბავშვისთვისაა მნიშვნელოვანი.

“მოხარული ვარ, რომ BBC სახელმწიფოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა ამ რთულ ვითარებაში უზრუნველვყოთ ჩვენი ბავშვების განათლება, ინფორმირებულობა და გართობა.”