სულ სხვა მუსიკა ქალებისთვის

გსმენიათ მუსიკათერაპიის შესახებ? ეს სტრესის დაძლევის ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო პროცესია. ყველაზე აღმაფრთოვანებელი კი, რასაც მუსიკათერაპია იძლევა ეს არის საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება, გახსენება, ან აღმოჩენა. მუსიკით მკურნალობის სერვისს საქართველოში „ბეკარი“ გთავაზობთ, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიაში ამ მეთოდზე დაფუძნებული პირველი ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრია. ცენტრის ღირებულების მთავარ ღერძს წარმოადგენს ინდივიდი ბედნიერების განცდის უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე თერაპიის მიღებამდე იყო. „ბეკარი“ „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.

როგორ დავძლიოთ სტრესი მუსიკით და როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა? ამას ამ სტატიაში „ბეკარის“ დამფუძნებლები ნანა გოთუა, რომელიც „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელია,  და მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი მოგვიყვებიან. მარინა რაიდტ-ალთუნაშილი „ბეკარში“ მთავარი მუსაკთერაპევტი, გერმანული და ბრიტანული მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგია, ის პარალელურად საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა წარმატებული პროექტის ავტორი და განმახორციელებელია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„ბეკარის“ დაფუძნების იდეა 2017 წელს გაჩნდა, როდესაც მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი საქართველოში სპეციალური მოწვევით, აქტიურად ჩაერთო სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდში „აი ია“ ბავშვთა მუსიკალური თერაპიის დანერგვასა და განვითარებაში. სამწლიანმა ნაყოფიერმა თანამშრომლობამ დადებითი შედეგი გამოიღო. ფონდის ბენეფიციარების ხმოვან სამყაროსთან ინტეგრირებაში მუსიკათერაპია დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„ქალბატონი მარინას გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების მთავარი მიზანი მუსიკათერაპიაში მისი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების ჩვენს ქვეყანაში დანერგვა იყო. ის ამ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდა კადრებს, რომლებიც დღეს უკვე „ბეკარში“ მისი ასისტენტები არიან“ – ნანა გოთუა.

რადგან „ბეკარის“ სათავეებთან ქალები არიან, დავინტერესდით, რა როლი ჰქონდა ამ ფაქტორს ცენტრის დაფუძნებისას. ნანა გოთუა გვიყვება, რომ ამ პარტნიორობის მთავარი მიზანი საქართველოში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ქალთა მოძრაობა ახალ მასშტაბებს იძენს, რათა სამყარო გენდერულად უფრო დაბალანსებული და ჰარმონიული გახდეს. ნანა გვიყვება, რომ მათი მიზანია. „ბეკარი“ იქცეს სივრცედ, სადაც ქალები მუსიკალური თერაპიის გზით საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების განვითარებას შეძლებენ.

„სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ძალიან მაღალია ონკო-გინეკოლოგიური პრობლემები ქალბატონებში, რაც საჭიროებს გრძელვადიან მკურნალობასა და რეაბილიტაციას. ამ გამოცდილების მქონე ქალბატონებს ძალიან სჭირდებათ ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, ვინც თავად გაიარა ეს გზა. ვფიქრობ, ჩვენთან არსებული ჯგუფური თერაპია მხარდაჭერის ძალიან კარგი საშუალებაა. საქართველოში მწვავედ დგას ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის საკითხი. სახელმწიფო ინსტიტუციები ამ მხრივ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, რაც საზოგადოებაში ზრდის ამ საკითხისადმი მიმღებლობას. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის დაძლევაში და ამ გამოცდილების მქონე ქალბატონებს დავეხმაროთ. დღეს ძალიან აქტუალურია პოსტ-პანდემიური სტრესები, რისი გადატანაც თითოეულ ჩვენგანს გვიწევს. მუსიკათერაპია სტრესის დაძლევის სასარგებლო და ამასთანავე, სასიამოვნო პროცესია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ფსიქოლოგიური პრობლემები განსაკუთრებით ხშირია ქალებში. ეს ალბათ იმიტომაც, რომ 90-იანი წლებიდან ქვეყანაში განვითარებულმა რთულმა სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა ქართველი ქალების როლი და ფუნქცია საგრძნობლად შეცვალა. ნანა გოთუა გვეუბნება, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრა მათი აღიარებიდან იწყება და რომ ქალების მიმღებლობა ამ საკითხისადმი საკმაოდ მაღალია, რაც თერაპიისადმი მოთხოვნას სულ უფრო ზრდის.

მუსიკათერაპიიის ცენტრის კონცეპტუალურ საფუძველს წარმოადგენს ინდივიდებისა და ჯგუფების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასე „ბეკარის“ დანიშნულებას მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი განმარტავს.

ჩვენი ცენტრის ღირებულების მთავარ ღერძს წარმოადგენს ინდივიდი ბედნიერების განცდის უფრო მაღალი ხარისხით ვიდრე თერაპიის მიღებამდე იყო. ბედნიერი ადამიანი კი მოიაზრება რომ უნდა ფლობდეს მეტნაკლებად ადეკვატურ წარმოდგენებს საკუთარ თავზე, ჰქონდეს საკუთარი თავის და განსხვავებულის მიმღებლობა, იყოს თვითაქტუალიზებული, სოციალურად რეალიზებული. ჩვენი მიზანია, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური სფეროების გაუმჯობესებით და ამ სფეროებს შორის ჰარმონიული ფუნქციონირების მიღწევით, ინდივიდისა და ზოგადად საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ზოგადი კეთილდღეობის ხარისხის გაზრდა“,- მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი.

„ბეკარის“ მთავარი მუსიკათერაპევტი ამბობს, რომ თერაპიისთვის ქალების მიმართვიანობის ძირითადი მიზეზებია ქრონიკული სტრესი, ქრონიკული დაღლის სინდრომი, დეპრესიული გუნება-განწყობა, აპათიურობა ან პირიქით ჰიპერმგრძნობიარობა, ქრონიკულ ან ციკლურ ტკივილთან დაკავშირებული მდგომარეობები, როგორიც არის მაგალითად ენდომეტრიოზი, ორსულობა-მშობიარობით განპირობებული სხვადასხვა ტიპის სირთულეები პიროვნულ-სოციალურ თუ ფიზიკურ სფეროში, პოსტსამშობიარო დეპრესია, დიასახლისობის კრიზისი, შუახნის ასაკის კრიზისი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა და ა.შ. ყველაზე დიდი გამოცდილება მას გინეკოლოგიური ონკოლოგიის პაციენტებთან მუშაობის მიმართულებით აქვს. მარინა გვეუბნება, რომ პირველ ეტაპზე პაციენტები მუსიკათერაპიას შემოქმედებით, სახალისო, გასართობ და რელაქსაციურ ჭრილში აღიქვამენ, თუმცა, მალევე ხვდებიან მის ფსიქოთერაპიულ ეფექტს და იაზრებენ, რომ თერაპიული ეფექტის მიღწევისას მუსიკა მხოლოდ ხერხი და საშუალებაა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

საქართველოზე ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვი, თუმცა, ევროპაში მუსიკათერაპიას ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და საყვარელ თერაპიის ფორმად ასახელებენ ხშირ შემთხვევაში.  უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად უდგებიან მუსიკათერაპიის თერაპიულ ეფექტს, თუმცა, საბოლოოდ ძალიან კმაყოფილები და გაოგნებულები არიან მიღწეული შედეგით და სასიამოვნოდ გაოცებულები მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით.“ – მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი.

მუსიკათერაპევტი გვეუბნება, რომ მუსიკით მკურნალობისას აღმოაჩენთ ვინ ხართ, სად დგახართ, რა ეტაპზე ხართ, გაიაზრებთ საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებს.

„ზოგჯერ როდესაც ქალი მოდის ჩვენთან, მოდის ზოგადი ჩივილით, შესაძლოა ეს სომატური ჩივილი იყოს, ან ჩივილი, რომელიც არ ვერბალიზდება, უბრალოდ განცდის დონეზე აქვს, რომ რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს. ეს განცდა ძალიან შემაწუხებელია და ხელისშემშლელი თვითაქტუალიზების და ცხოვრებით ტკბობის გზაზე. მათ უჭირთ ამაზე ვერბალურად საუბარი, პრობლემა ან პრობლემები არ არის იდენტიფიცირებული, არ იციან რის გამო განიცდიან დისკომფორტს და წუხილს. თერაპიული ინტერაქციის პროცესის დროს შექმნილი მუსიკა მათ აძლევს უკუკავშირს. ამ დროს ხდება თემატიზირება და ამოტივტივება იმ თემებისა, რაშიც იმალება დისკომფორტის და „წუხილის“ მიზეზი. ეს არის ის კონტენტი, რომელზედაც აქცენტირება უნდა გაკეთდეს. უღრმავდებიან საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, საკუთარ სულში იხედებიან, უკეთ შეიცნობენ საკუთარ თავს, მოისმენენ საკუთარ სურვილებს ფიზიკურსა, თუ მენტალურს. ამ დროს ლაგდება აზრები და ემოციური დამოკიდებულებები. ყველაზე აღმაფრთოვანებელი, რასაც მუსიკათერაპია იძლევა, ეს არის საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება, გახსენება, ან აღმოჩენა და თერაპიის მიმღების სურვილი ეძებოს და აღმოაჩინოს ახალი რესურსი საკუთარ თავში“, – მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი.

მუსიკათერაპიის ცენტრის მიზანია, ქალებს ახალი გზები აჩვენოს, შემდეგ კი თავის გზას ყველა თვითონ ირჩევს. მარინა ამბობს, რომ მთავარია პაციენტს იმის გაცნობიერებაში დაეხმარო, რომ „სხვა გზა“ არსებობს, არსებობს გამოსავალი, შემდეგ კი დაბრუნებული თვითრწმენის წყალობით, თავდაჯერებულებსა და მოტივირებულებს მარინა ეხმარება გაიარონ მათთვის სასურველი ბედნიერების გზა.

„ამ გზაზე, საკმაოდ რთულ გზაზე, მე როგორც ერთგვარი გზამკვლევი ან მეგზური, ვევლინები მათ, ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს.“ – მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი.

„ბეკარში“ მუსიკათერაპია ტარდება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურადაც.  ჯგუფური თერაპიის დროს, მხოლოდ მუსიკათერაპევტი კი არა, მთლიანი ჯგუფი ზრუნავს პაციენტის უკეთ ყოფნაზე. ჯგუფის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ  პრობლემის დაძლევის გზებს, უზიარებენ გამოცდილებას, ამჟღავნებენ ემპათიას, მზრუნველობას იჩენენ და მხარდაჭერას უცხადებენ ერთმანეთს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„ამ დროს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ მარტო ყოფნის, მარტო დარჩენის შიშის დაძლევა. ხვდებიან, რომ მარტო არ არიან. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გაამხილოს მისი გულიდან ამოძახილი, ის რაც მანამ არ გაუზირებია, შესაძლოა საკუთარი თავისთვისაც კი. საოცრად ინტიმური ატმოსფერო იქმნება. ჯგუფის წევრმა ზუსტად იცის როგორი არა კრიტიკულია გარემო, როგორი მიმღები, გამგები და მაქსიმალურად ტოლერანტული. თვითონ ის ფაქტი, რომ გარემომ კრიტიკის გარეშე შეიძლება მიიღოს შენი პრობლემა, უკვე ბევრს ნიშნავს. როდესაც ადამიანი ცუდად ხარ და მარტო დგახარ პრობლემასთან, იდეების პოვნაც გიჭირს, უბრალოდ იმდენად შავად და მუქად ხედავ ყველაფერს, როგორც აწმყოს, ისე მომავალს, რომ გიჭირს დაინახო გვირაბში სინათლე“ – მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი.

„ბეკარი“ სრულად გერმანულ სტანდარტებს ეფუძნება. ცენტრის მთავარი თერაპევტი მიიჩნევს, რომ ევროპიდან ბევრი რამის გადმოტანა და ქართულ კულტურაზე მორგება საქართველოში ადამიანების ზოგადი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საუკეთესო შედეგებს მოიტანდა. მარინა ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან საშუალება მიეცა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოახმაროს, ეს კი სწორედ „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ პატრონაჟის შედეგია.

ევროპული სტანდარტის მომსახურება რომ აქ პრიორიტეტია ამას ამბობს ნანა გოთუაც. „ბეკარის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ცენტრს დიდი პოტენციალი აქვს, დაეხმაროს ადამიანებს შეინარჩუნონ ან გაიუმჯობესონ ფსიქიკური და ფსიქო-სომატური ჯანმრთელობა, დაეხმაროს მათ ჯანმრთელობის წარმატებულ მენეჯმენტში.

ბეკარის დაფუძნების მთავარი მიზანია, ქართულ რეალობაში ჩვენი სერვისით მოსარგებლე პირებს შევთავაზოთ ევროპული სტანდარტების მომსახურება. შევქმნათ ისეთი თერაპიული სივრცე, სადაც ისინი მაქსიმალურ შედეგებს მიიღებენ. ვფიქრობ, ქალბატონი მარინას მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან დინამიკური თანამშრომლობა გვაძლევს ამის მყარ საფუძველს. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში „ბეკარი“ პირველი და მოწინავე საერთაშორისო სტანდარტების მქონე სარეაბილიტაციო ცენტრია, რომელიც მუსიკის მეშვეობით სთავაზობს თერაპიებს. ჩვენი შორს მიმავალი მიზნებით გვსურს „ბეკარის“ გამოცდილება გავუზიაროთ მუსიკათერაპიის სფეროთი დაინტერესებულ ყველა პირსა და სპეციალისტს, როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი რეგიონის მასშტაბით. გავაცნოთ ის უახლესი მიდგომები და საოცარი შედეგები, რომელიც ამ უნიკალური მეთოდით მიიღწევა.“- ნანა გოთუა.

კოვიდპანდემიამ „ბეკარიც“ შეაფერხა, რეგულაციების ზედმიწევნით გათვალისწინების გამო ცენტრმა აქტივობების ნაწილის განხორციელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, აქ იმედი აქვთ. რომ მალე მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვას შეძლებენ. ცენტრის დამფუძნებლებს სურთ, მუსიკათერაპია ოფიციალურად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში. მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი გეგმავს საკუთარი საერთაშორისო კონტაქტები „ბეკარის“ პოპულარიზაციისთვისაც გამოიყენოს. მაგალითად, მარინა გერმანიის მუსიკათერაპევტთა გაერთიანების წევრი (DMTG), ნორდოფ-რობინსის გერმანული საზოგადოების წევრი და როგორც გერმანულ ისე ინტერნაციონალურ რეგისტრში ოფიციალური ლიცენზირებული მუსიკათერაპევტია, შესაბამისად. ამ სფეროს საკმაოდ სოლიდურ და წონიან ადამიანებთან აქვს პირადი თუ პროფესიული კავშირები და სურს რომ სწორედ „ბეკარი“ გახდეს მათი გამოცდილების ჩვენი ქვეყნისთვის გაზიარების პლატფორმა.

მუსიკათერაპიის ცენტრი პანდემიის პირობებში გაიხსნა, თუმცა მისი დამფუძნებელი ნანა გოთუა გვეუბნება, რომ ცენტრის არსებობამ გაამართლა. ამიტომაც, „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებს შორის, „ბეკარი“ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებთან ყველაზე თანადროულ ნაბიჯად მიაჩნია.

„მომდევნო წლებში ჩვენ მოგვიწევს აქტიური მუშაობა, რათა საკუთარი წარმატების ისტორია შევქმნათ, როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით“, – ნანა გოთუა.