ბაიდენის გარემოსდაცვითი გეგმა | გადარჩენილი პლანეტა თუ დაკარგული მილიარდები

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გარემოსდაცვითი მიმართულებით ამბიციურ მიზნებს ისახავს. მან პირობა დადო, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს კლიმატური ცვლილების კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

Photo Credits to Chip Somodevilla / Getty Images

ბაიდენის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს: შეამციროს ელექტროსადგურების მიერ გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობა და 2035 წლამდე ეს მაჩვენებელი ნულამდე დაიყვანოს. მან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაზისა და ნავთობის ინდუსტრიების მიერ მეთანის გამოყოფის შესამცირებლად.  ასევე ის იძლევა პირობას, რომ ხელს შეუწყობს ელექტრო მანქანების ადაპტაციასა და დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარებას.

გარდა ამისა, ბაიდენი შეეცდება, აშშ, გარემოსდაცვითი მიმართულებით, გლობალური ლიდერის პოზიციაში დააბრუნოს. უმთავრესი მიზანი კი 2050 წლამდე გამონაბოლქვის ნულამდე დაყვანა და ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლაა.

პრეზიდენტ ბაიდენის გეგმები საკმაოდ ამბიციურია და, ექსპერტების თქმით, რთულად განსახორციელებელია, რადგან ის დიდ ხარჯებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

ჯო ბაიდენმა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში გადადგა, კერძოდ, აშშ პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებაში დააბრუნა.

ბაიდენის გეგმის მიხედვით, აშშ-მა ყოველწლიურად 500$ მილიარდი უნდა დახარჯოს გარემოსდაცვითი მიმართულებით, რაც, საშუალოდ, ამერიკელ მოქალაქეს წელიწადში 1500$ დაუჯდება. საეჭვოა, რამდენი ხნით მოახერხებს აშშ მსგავსი პოლიტიკის შენარჩუნებას, რადგან, სახელმწიფო, სადაც, გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას 24$-ის გადახდაც არ სურს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, მაღალი ალბათობით, ასეთ ხარჯებს დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებს.

ანალიტიკოსების თქმით, პარიზის შეთანხმება დიდი პრობლემის მცირე ნაწილს მაღალ ფასად მოაგვარებს.

აღსანიშნავია, რომ საკითხის მიმართ პრეზიდენტის სერიოზულობას ის ფაქტიც ცხადჰყოფს, რომ ადმინისტრაციის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობაში გამოცდილია. ექსპერტების თქმით, ბაიდენის გუნდს სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და მათგან ბევრ საინტერესო იდეას უნდა მოველოდეთ.

გარემოსდაცვითი სტრატეგიის გასატარებლად, აუცილებელია, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სექტორებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა. ვინაიდან, მსგავსი მასშტაბის ცვლილებების გასატარებლად საჭიროა: ენერგეტიკის, ტრანსპორტირების, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ვაჭრობის, კომუნიკაციებისა და სხვა სფეროების ახალ სტრატეგიაზე მორგება, რაც, რა თქმა უნდა, უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კანონმდებლების მიერ მიღებულმა რეგულაციებმა ზედმეტად არცერთი სფერო არ უნდა დააზარალონ, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობა და წარმოება.

ეკონომისტების აზრით, საზღვარი წარმატებასა და კრახს შორის ძალიან ვიწროა და ბაიდენის ადმინისტრაცია მაქსიმალური სიფრთხილითა და წინდახედულობით უნდა მიუდგეს ამ საკითხს. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ 85-მდე გარემოსდაცვითი შეთანხმებიდან გამოიყვანა. ჯო ბაიდენის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ შეთანხმებებში დაბრუნებას ეთმობა.

ბაიდენის გეგმის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ნაწილი ენერგეტიკის სექტორს ეთმობა. ექსპერტების თქმით, 2035 წლამდე დაბინძურების ნულოვან დონემდე დაყვანა არარეალური მიზანია, რომელიც უამრავ ფაქტორს არ ითვალისწინებს.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც იურისტები ასახელებენ, შტატების პოლიტიკას ეხება. ვინაიდან შტატები თავად არეგულირებენ ენერგეტიკულ სექტორს, ფედერალური მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები, შესაძლოა, სასამართლოში გაასაჩივრონ. ლეგალური პროცესები კი ხშირად წლობით გრძელდება, რაც კანონის იმპლემენტაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია იმ შტატებთან მიმართებაში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ენერგეტიკის, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ენერგეტიკის სფეროს ექსპერტების თქმით, მთავარ გამოწვევას მოძველებული ელექტრო ქსელი წარმოადგენს, რომელიც ენერგიის ალტერნატიული წყაროებისთვის არ არის გათვლილი. მათი აზრით, დაბინძურების ნულოვან დონემდე დაყვანა განახლებული ქსელის გარეშე შეუძლებელია. ქსელის განახლება კი, სავარაუდოდ, 4.5$ ტრილიონი ეღირება, რომლის უდიდესი ნაწილიც სახელმწიფომ, უფრო სწორად კი, გადასახადის გადამხდელმა მოსახლეობამ უნდა დაფაროს.

ტრანსპორტირების სფეროში მომუშავე ანალიტიკოსების თქმით, ბაიდენის სტრატეგიის ბედი ელექტრო მანქანებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. 2020 წლის მონაცემებით, ელექტრო მანქანები ბაზრის მხოლოდ 3%-ს შეადგენდნენ. ასეთი სტატისტიკა მრავალი მიზეზითაა განპირობებული, რომლებიცაა: ახალი ელექტრო მანქანების ღირებულება, დამტენი ინფრასტრუქტურა, ე.წ. მანძილის შიში და ა.შ. დიდი ალბათობით, ყოველი ეს პრობლემა დროსა და გამოცდილებასთან ერთად მოგვარდება, თუმცა, ზუსტად არავინ იცის, ეს მომავალი 2035 წელს დადგება თუ 2065 წელს. არსებობს მოსაზრება, რომ კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება და ინოვაციის ხელშეწყობა დააჩქარებს ელექტრო მანქანების განვითარების პროცესს, რაც, თავის მხრივ, პლანეტის გადარჩენის სტრატეგიას უფრო მეტად რეალურს გახდის.  

ეკონომისტების ვარაუდით, 2030 წლის შემდეგ პარიზის შეთანხმება აშშ-ის ეკონომიკას ყოველწლიურად 1-დან 2 ტრილიონ დოლარამდე დააზარალებს. სანაცვლოდ კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყოველი სახელმწიფო პირნათლად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, გლობალური დათბობა 1.5-2 გრადუსი ცელსიუსით შემცირდება. კვლევების ნაწილი ისეთ დაბალ შედეგებსაც კი ვარაუდობს, როგორც 0.5-0.8 გრადუსია.

საბედნიეროდ, გარემოსდაცვითი სტრატეგიის განხორციელების შანსებს განახლებადი ენერგიის წყაროებზე ფასების კლება ზრდის. როგორც ხედავთ, 2009 წელთან შედარებით, 2020 წელს მზის ენერგიის მეგავატი/საათის ფასი 359$-დან 37$-მდე დაეცა, რაც თითქმის 90%-იან კლებას გულისხმობს. აგრეთვე მნიშვნელოვნად გაიაფდა ქარის ენერგიაც. განახლებადი ენერგიის წყაროებისაგან განსხვავებით, ბირთვული ენერგიის ფასი 32%-ით გაიზარდა.

ექსპერტების თქმით, უკეთესი ალტერნატივაც არსებობს, რომელიც ინოვაციებსა და კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსებაზეა დაფუძნებული. ამ სტრატეგიის მომხრეთა აზრით, კლიმატურ პრობლემას არა შეზღუდვები, არამედ გამოგონება და ინოვაცია გადაჭრის. ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ჭკვიანი სისტემები, ელექტრო მანქანები და ხელოვნური ინტელექტი თავად გადაჭრიან კლიმატურ პრობლემებსაც. ამ არგუმენტს, გარკვეულწილად, ისტორიაც ამყარებს – ცხენი მანქანამ ჩაანაცვლა, ვეშაპის ქონი კი ელექტრო სადგურმა.