ტურიზმის სექტორის გამოწვევები და ეკონომიკური აღდგენის ტემპი აჭარაში  | ინტერვიუ ნათია ღლონტთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკურ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი ტურიზმის ინდუსტრიას უჭირავს. ეკონომიკის სტაბილურად მზარდი სექტორი COVID-19-ის პანდემიის ნეგატიურმა გავლენამ მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა, აღდგენის დინამიკა და მოლოდინები პოზიტიურია.

რეგიონში ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და კორპორატიული სექტორის გამოწვევებსა და მხარდაჭერის გზებზე Forbes Woman Georgia საქართველოს ბანკის გუნდის ახალ წევრს, ნათია ღლონტს ესაუბრა. საბანკო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ნათია ბანკს, აჭარის რეგიონში კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსის პოზიციაზე შეუერთდა.

ნათია, დავიწყოთ კარიერული სიახლით – თქვენ რამდენიმე თვის წინ შეუერთდით საქართველოს ბანკის გუნდს და აჭარის რეგიონში კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებას ხელმძღვანელობთ. მანამდე იყო 15 წელი საბანკო სექტორში – რა უპირატესობას გაძლევთ თქვენი მრავალფეროვანი გამოცდილება?

ჩემი ურთიერთობა საბანკო სფეროსთან 2006 წლიდან დაიწყო. სხვადასხვა მასშტაბისა და კონცეფციის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობამ მომცა შესაძლებლობა, როგორც მცირე და საშუალო, ისე კორპორატიულ ბიზნეს სეგმენტებთან მემუშავა. დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვნად მეხმარება, ზუსტად და დროულად განვსაზღვრო ბიზნესის საჭიროება, ასევე, ბანკის მხრიდან მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები. ნებისმიერ ბიზნესში არსებობს სირთულეები და ვფიქრობ, რომ ამ სირთულეების შესაძლებლობებად ტრანსფორმაცია არის მთავარი. პარტნიორული დამოკიდებულება წარმატების გარანტიაა ნებისმიერ ურთიერთობაში, სწორედ ასეთი მიდგომა არის ბიზნესსა და ბანკებს შორის ურთიერთობის მომავალი.

პანდემიის გავლენასაც უნდა შევეხოთ. თქვენ საკმაოდ რთულ დროს შეუერთდით პანდემიის გავლენისგან დაზარალებულ რეგიონში მუშაობას – რა გამოწვევები დაგხვდათ აჭარის კორპორაციულ სექტორში?

პანდემიის გავლენა და მისი საბოლოო ეფექტი ჯერ კიდევ არ არის შეფასებული. აჭარის რეგიონში ერთერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ტურიზმის სექტორს. პანდემიიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად აღნიშნული სექტორი დაზარალდა, რამაც  ნეგატიური გავლენა იქონია რეგიონში არსებულ სხვა ბიზნესებზეც. შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესები დადგნენ საფრთხის წინაშე, თუმცა, კორპორატიულ სექტორშიც იყო გამოწვევები, რომელსაც ასევე სჭირდებოდა ბანკის, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერის მხრიდან საპასუხო ქმედებები.

ეს გამოიხატებოდა გადაწყვეტის გზების ერთობლივ ძიებაში, ინდივიდუალურ მიდგომებში და ბიზნესის უწყვეტობის ხელშეწყობაში.

აღნიშნული გამოწვევები ძლიერ საპასუხო ქმედებებს მოითხოვს – როგორი გუნდი გყავთ?

აზრთა და გამოცდილებათა სხვადასხვაობამ, ერთმანეთის და პირველ რიგში, მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებამ, მოგვცა შესაძლებლობა, მეტად კრეატიულ და მობილურ გუნდად ჩამოვყალიბებულიყავით. პანდემიური პერიოდის გამოცდილებამ მუშაობის პროცესს განსხვავებული მუხტი შესძინა, რადგან სტანდარტული დაკრედიტების პროცესიც ახლა მეტად საპასუხისმგებლო გახდა. ბიზნესებს არა მხოლოდ რთული გამოწვევების დაძლევაში, არამედ  ახალი წამოწყებების რეალიზებაში ვუწყობთ ხელს.

მინდა ტურიზმის სექტორზე ვკონცენტრირდეთ — რა ადგილი უჭირავს დღეს ამ სექტორს აჭარის ეკონომიკაში და პანდემიამ რა მასშტაბის გავლენა იქონია?

ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვანი დარგია, როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ასევე კონკრეტულად აჭარის რეგიონისთვის. მაგალითად, 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ აჭარის რეგიონში გაწეულმა დანახარჯებმა თითქმის 1.8 მლრდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2015-19 წლებში თითქმის გასამმაგდა საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები, რადგან აჭარა სულ უფრო პოპულარული მიმართულება ხდებოდა მათთვის. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ უცხოელებისთვის საკმაოდ საინტერესოა ინვესტიციები უძრავ ქონებაშიც – ბოლო წლებში აჭარის რეგიონში ბინებისა და აპარტოტელების გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის. რამდენიმეწლიანი სწრაფი ზრდის შემდეგ, სექტორისთვის ძალიან მძიმე იყო პანდემიისგან მიყენებული დარტყმა, რომელმაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თითქმის ნულამდე შეამცირა და სექტორის გადარჩენის ერთადერთ გზად შიდა ტურიზმი რჩებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შიდა ტურიზმის კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2020-21 წლებში და მან ერთგვარი უსაფრთხოების ბალიშის როლი შეასრულა რთულ პერიოდში.

როგორია საქართველოს ბანკის სტრატეგია ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და კორპორაციული ბიზნესების ხელშეწყობისთვის?

დღევანდელმა რეალობამ ნათლად გვაჩვენა, რამდენად სწრაფად ცვალებადია გარემო. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს დროულ რეაგირებას, ფინანსური ინსტიტუტის, როგორც ბიზეს პარტნიორის მხრიდან. ბანკის ერთერთი მიზანია ასეთ ცვალებად გარემოს მაქსიმალურად სწრაფად აუწყოს ფეხი, თითოეული იდეა და ახალი შესაძლებლობა რეალობად აქციოს და ნებისმიერ ბიზნესს მათ საჭიროებებზე მორგებული კომპლექსური მომსახურება შესთავაზოს.

ნათია, რა ტენდენციები გვაქვს რეგიონულ ბაზარზე და როგორია საქართველოს ბანკის მოლოდინი ტურიზმის სექტორის აღდგენისა და განვითარების ნაწილში?

ტურიზმის სექტორის აღდგენა ბოლო თვეებში შედარებით დაჩქარდა, 2021 წლის სექტემბერში, ტურისტების რიცხვმა 2019 წლის სექტემბრის დონის 39% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის ზაფხულის სეზონის აღდგენის დინამიკასთან მიმართებაში (აღნიშნულ პერიოდში საშუალოდ 33%-იან აღდგენას ქონდა ადგილი 2019 წლის დონესთან შედარებით). აჭარაში ტურიზმის დადებით დინამიკას მოწმობს ბათუმის აეროპორტის დატვირთვის მაჩვენებელი – 2021 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით ვიზიტორების 80% აღდგენილია. ამ მონაცემების ერთობლიობამ გააჩინა მოლოდინი, რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორი მაქსიმალურად დაუახლოვდება პანდემიამდელ ნიშნულს და შემდეგ კვლავ განაგრძობს სწრაფ ზრდას.

ბოლო წლებში ცალსახად გაზრდილია ინვესტორების ინტერესი რეგიონული ბაზრების მიმართულებით, რადგან თბილისის ბაზარი უკვე მეტნაკლებად გაჯერებულია ხარისხიანი შეთავაზებებით და ახლა ძირითადი ყურადღება  სწორედ რეგიონებისკენაა. შესაბამისად, მოლოდინები პოზიტიურია და გვჯერა, რომ ტურიზმის სექტორი მაქსიმალურად სწრაფად აღდგება ჩვეულ ნიშნულამდე და კვლავ განაგრძობს დინამიკურ ზრდას. ჩვენ კი, იმისთვის რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ, გავაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერასა და მათ გაძლიერებას.