სასტუმრო სექტორი გამოწვევების წინაშე | ინტერვიუ ლალი ყელაურაძესთან

გლობალური პანდემიის ნეგატიური გავლენა საკუთარ ბიზნესსაქმიანობაზე ყველაზე მტკივნეულად ტურიზმის სექტორის კომპანიებმა გამოსცადეს. მათ შორის, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა სასტუმროების ინდუსტრია – საერთაშორისო სტუმრების დრამატული კლება, საგანმანათლებლო და სხვა ხასიათის კონფერენციების შეზღუდვა, წვეულებებისა და ქორწილების აკრძალვა – პანდემიის თანმდევმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სექტორის შემოსავლებზე, განსაკუთრებით კი საოჯახო ტიპის სასტუმროებზე.

თუმცა, ვითარება დამაიმედებელი მიმართულებით იცვლება და  შესაძლოა 2022 წლისთვის პანდემიამდელ პარამეტრებსაც დავუბრუნდეთ.

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გამოწვევებზე, პოტენციალსა და სასტუმრო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ პროგნოზებზე Forbes Woman-ი საქართველოს ბანკის HORECA სექტორის ხელმძღვანელს, ლალი ყელაურაძეს ესაუბრა.

ლალი, დავიწყოთ ტურიზმის სექტორით — რა ადგილი უჭირავს დღეს ამ სექტორს საქართველოს ეკონომიკაში და რა პროგნოზები შეიძლება გვქონდეს სამომავლოდ?

ზოგადად თუკი შევაფასებთ, საქართველოში ტურიზმის სექტორი ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში.

მეტი კონკრეტიკისთვის კი უნდა შევაფასოთ ტურიზმის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკაში, ამასთან, გავითვალისწინოთ მისი წვლილი მშპ-ში. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და აღნიშნული სექტორის წილმა  მშპ-ში 8.1% შეადგინა.  სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ტურიზმი ერთ-ერთი იყო იმ სექტორებს შორის, რომელიც საგრძნობლად დაზარალდა Covid-19 პანდემიის შედეგად, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. დაზარალდა სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის  ყველა მხარე და შედეგად, შემოსავლები ტურიზმიდან 2020 წელს 83%-ით შემცირდა. მიმდინარე წელი სექტორისთვის კვლავ მძიმეა, თუმცა ტურისტული ვიზიტების დინამიკა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გაზრდილია სასტუმროების დატვირთულობა, რაც საკმაოდ დამაიმედებელი მაჩვენებელია. ვფიქრობ, 2021 წელს, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 35% აღდგება, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 2019 წლის დონეს გაუტოლდება.

ალბათ არ იქნება მცდარი, თუკი ვიტყვით, რომ ტურიზმის სექტორის ზრდა საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის დინამიკური განვითარების წინაპირობა იყო. ამ ინდუსტრიის რა წილი უჭირავს სასტუმრო სექტორს?

საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან ჩვენი ქვეყნით დაინტერესებამ  თავისთავად ხელი შეუწყო ახალი სასტუმროების გახსნას და სექტორის ზრდას. 2016-2019 წლებში გაიხსნა 335 ახალი სასტუმრო, მათ შორის 26 საერთაშორისო ბრენდის ქვეშ და დღეს განთავსების ობიექტების ჯამური რაოდენობა 3,138-ს უტოლდება. რაც შეეხება სასტუმროების მიერ გენერირებული შემოსავლების  წილს HORECA-ს სექტორში, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 46%-ს შეადგენს.

 

სასტუმროებზე რომ გავაგრძელოთ საუბარი — რა ძირითადი პარამეტრებით შეგვიძლია ამ სექტორის შეფასება?

სასტუმროს ბიზნესის  შეფასების მიზნით გამოიყენება ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა დატვირთულობა  და საშუალო დღიური განაკვეთი (ADR). პანდემიის ფონზე ეს მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა, ვფიქრობ, ეს ის სფეროა, რომელშიც სწრაფად მოხდება გარდატეხა და ის კვლავ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. პანდემიამდელ პერიოდს თუ გადავხედავთ, საქართველოში სასტუმროების დატვირთულობამ 64% შეადგინა – ეს ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (საშუალოდ 55%) მაღალია. დატვირთულობასთან ერთად საშუალო დღიური განაკვეთის მაჩვენებლები მიუთითების სექტორის მომგებიანობასა და განვითარების პოტენციალზე.

ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, რამდენად მიმზიდველია ეს სექტორი ინვესტორთათვის?

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გლობალურად ინდუსტრიის მიმართ ინვესტორების მოლოდინი გაუმჯობესებულია, რაზეც საერთაშორისო სასტუმროების აქციების ფასების ეტაპობრივად აღდგენაც მეტყველებს. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ბაზარს, როგორც აღვნიშნეთ, შეფასების პარამეტრები საკმაოდ მიმზიდველია, ხოლო უკუგების მიღების შესაძლებლობა განსხვავებულია სასტუმროების კლასისა და მდებარეობის მიხედვით. გარდა მოცემული მაჩვენებლებისა,  ინვესტორთათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას ხელს უწყობს მთავრობის ყურადღება ტურიზმის სექტორზე და ფინანსური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა, საკუთრების უფლებების და საგადასახადო სისტემის მკაფიო და ხელსაყრელი პირობები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპასთან შედარებით საქართველოში განთავსების საშუალებების საწოლების ფარდობა 1,000 ვიზიტორთან ჯერ კიდევ ნაკლებია, რაც დამატებითი სასტუმროების საჭიროებაზე მეტყველებს. 

საგულისხმოა ისიც, რომ სასტუმრო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. ეს ასპექტიც რომ მიმოვიხილოთ.

ტურიზმის ინდუსტრიის როლი დასაქმების მხრივ ნამდვილად მნიშვნელოვანია და 2019 წლამდე ზრდის ტენდენციითაც ხასიათდებოდა. აღნიშნულ სექტორში დასაქმებული ადამიანების წილი შეადგენს 4%-ს, თუმცა ვფიქრობ  ეს მაჩვენებელი შედარებით მეტი იქნება, თუ განვიხილავთ თვითდასაქმებას, რაც ძირითადად გვხვდება საოჯახო ტიპის სასტუმროებში.

სასტუმრო სექტორი, გარდა მსხვილი საერთაშორისო და ადგილობრივი ქსელებისა, აერთიანებს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს. ბაზრის რა წილი უჭირავს ამ ტიპის სასტუმროებს?

მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების წილი, რომელთა ოთახების რაოდენობა ნაკლებია 20-ზე, განთავსების ობიექტების 80%-ს შეადგენს.

დღეს სასტუმროების დიდი ნაწილი დედაქალაქშია კონცენტრირებული ან პოპულარულ ტურისტულ ზონებში – ზღვისპირა და სამთო კურორტებში. როგორია სასტუმროების სექტორის პოტენციალი საქართველოს სხვა რეგიონებში?

სოფლის (Rural) ტურიზმით დაინტერესება მთელს მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ამ მიმართულების ვიზიტორების ინტერესს წარმოადგენს ბუნება, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესის და კულტურის გაცნობა, ავთენტური გარემო და კულინარია, რაც საქართველოს სხვადასხვა და განსაკუთრებით მაღალმთიან  რეგიონებში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივას ქმნის. აღნიშნული მიმართულებით ძირითადი მოთხოვნა მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებზე მოდის, რაც ნაკლებ ინვესტიციას საჭიროებს და სწრაფი ზრდის შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, პოტენციალი ნამდვილად არის ამ მიმართულებით.

ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა სასტუმრო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რას სთავაზობს საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით ბიზნესებს?

სასტუმროების სექტორი საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ და გავცეთ კონკრეტულ პროექტზე მორგებული დაფინანსების სტრუქტურა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები შესაძლებლობას გვაძლევს კომპანიებს შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის შეღავათიანი საკრედიტო რესურსი. ამავდროულად, ვთანამშრომლობთ ორგანიზაციასთან „აწარმოე საქართველოში“, რომელიც სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს – ეს მნიშნველოვან შეღავათს წარმოადგენს ბიზნესისთვის.

ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიღმა, რა დამატებით მხარდაჭერას სთავაზობთ სექტორს?

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, სასტუმროების სექტორი კვლავ დიდი გამოწვევების წინაშეა, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ხელი შევუწყოთ აღნიშნულ ინდუსტრიას პანდემიის პერიოდის მინიმალური დანაკარგებით დაძლევაში, რისთვისაც, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, მათთან ერთად განვიხილავთ შექმნილი პრობლემების დაძლევის გზებსა და სამომავლო გეგმებს.

სექტორის დაფინანსების პარალელურად,  რა თქმა უნდა ჩვენ არ ვჩერდებით და  მუდმივად ვცდილობთ პირობების გაუმჯობესებას და ახალი პროდუქტების შეთავაზებას საოპერაციო მომსახურების ნაწილშიც.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.