ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ოფიციალურად რეცესიაშია

კორონავირუსის პანდემიისგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ბრიტანეთის ეკონომიკა, მიმდინარე წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, აპრილი-ივნისის პერიოდში რეკორდულად, 20.4%-ით შემცირდა. ბიბისის ინფორმაციით, უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში პირველად, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია.

ეპიდემიის გავრცელების პერიოდში მაღაზიების დახურვის შედეგად შემცირდა საყოფაცხოვრებო ხარჯები, ასევე იკლო ფაბრიკებისა და მშენებლობის წარმოებამ. შედეგად, 2009 წლის შემდეგ პირველად, ქვეყანა ტექნიკურ რეცესიაში აღმოჩნდა, რაც უკანასკნელ ორ კვარტალში ეკონომიკის ვარდნამ განაპირობა.

წარმოების ვარდნა უმეტესწილად მაღაზიების, სასტუმროების, რესტორნების, სკოლებისა და ავტომობილების შემკეთებელი ცენტრების დახურვამ გამოიწვია. მომსახურების სექტორი, რომელიც ბრიტანეთის მთლიანი ეკონომიკის 4/5-ს შეადგენს, მიმდინარე კვარტალში რეკორდულად შემცირდა.

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ONS) განცხადებით, ივნისში, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო და 8.7%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც მაისის თვეში ეკონომიკის ზრდამ მხოლოდ 1.8% შეადგინა.