ღიმილი ჰოლივუდურად | ეკა ბუაძე, 30 წლის

ამბავი 12 წლის წინ დაიწყო – სასწავლებლად ლონდონში გამგზავრებით. ეს გამგზავრება პირველი და უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო. შესაბამისად, ცხოვრების სულ სხვა ფურცელი იწყებოდა და ასეც მოხდა, მაგრამ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ოდნავადაც არ ჰგავდა დაგეგმილს.

ეკა გვიყვება, რომ ლონდონში ჩასვლიდან ერთ თვეში მეგობრებთან ერთად მიმავალს ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ რეკვიზიტად ცნობილი ორსართულიანი წითელი ავტობუსი დაეჯახა. არც შეჯახების მომენტი ახსოვს, არც მომდევნო რამდენიმე დღე. მერე ცნობიერება დაუბრუნდა და აღმოაჩინა, რომ გადარჩენის სიხარულთან ერთად, ახალ რეალობასთან შეხვედრაც ელოდა.

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

„დამიზიანდა სამწვერა ნერვი, ვეღარ ვამოძრავებდი სახის მარცხენა მხარეს, რაც ნიშნავდა დაზიანებას თვალზე, წარბზე, ცხვირსა და ყურზე. ნიშნავდა ნახევარი პირით გაცინებას. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ფრენა არ შეიძლებოდა, ამიტომ ლონდონში დარჩენა მომიწია.“

გარეგნულ ცვლილებასთან შეგუების პირველი ეტაპიც ლონდონში გაიარა. არ იყო იოლი – როგორც თავად ამბობს. არც მარტო დარჩენის და არც ამ მასშტაბის პრობლემასთან გამკლავების გამოცდილება არ ჰქონია. სარკიდან ახალი ეკა უყურებდა. იხსენებს, რომ რადიკალურად შეცვლილ გარეგნობასთან შეგუების პროცესი იქაურმა მეგობრებმა გაუიოლეს, რომლებიც ძველებური ხალისით ხვდებოდნენ და მის გარეგნულ ცვლილებას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. „კოლეჯში რომ მივედი, ყველამ იცოდა, რომ მოხდა ეს უბედური შემთხვევა და მორჩა. ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. იმედი არ დამიკარგავს, რომ ჩემს სახეს რაღაც ეშველებოდა.“ თუმცა ლონდონში ექიმებმა ეს იმედი გადაუწურეს, ურჩიეს შეგუებოდა ცვლილებას. ეკა ამბობს, რომ სჯეროდა, თბილისში ყველაფერი შეიცვლებოდა. „ალბათ, ამ დროს ახლობლების იმედი გაქვს. დარწმუნებული ვიყავი, მიშველიდნენ.“

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

თუმცა, თბილისში სხვა სირთულეები იყო წინ. საქართველოში დაბრუნებულ ეკას სახის დაზიანების გარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის აღარ აწუხებდა, ამიტომ გადაწყვიტა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა და უნივერსიტეტში მივიდა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ სირთულეები კი არ დამთავრდა, ის-ის იყო, იწყებოდა. იხსენებს, რომ იქიდან სხვა ადამიანი დაბრუნდა. ლექტორები, სტუდენტები – ყველა სიბრალულის თვალით უყურებდა. მართალია, მათ დამოკიდებულებაში თანაგრძნობა ზღვარგადასულიც კი იყო, მაგრამ არ იყო ოპტიმიზმზე, სიცოცხლის სიხარულზე ოდნავი მინიშნებაც კი. „ეგრე უნდა იყო ახლა სულ?“, „რა ლამაზი გოგო იყავი“ – წუხილის ასე გამოხატული ფორმა ისე ჟღერდა, თითქოს ეს იყო ყველაზე ზუსტი და ბუნებრივი რეაქცია. ერთ-ერთმა ლექტორმა ასეთი რამ უთხრა: „ვერ გიყურებ ასეთს, ცუდად ვხდები და იქნებ არ იარო. თუ გაისწორებ სახეს, მერე მოდიო.“

რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა მორეოდა საკუთარ თავს; შეჩვეოდა დაჟინებულ მზერას და თანაგრძნობის სიტყვებს, რომლებიც უფრო განაჩენს ჰგავდა. მერე მიხვდა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და მთელი ერთი წლით გამოიკეტა სახლში. „დავდიოდი მარტო ექიმებთან, შამანებთან, გურუებთან. ყველაფერი ვცადე. ჩინური მედიცინა, ფიზიოთერაპია. კომპლექსურმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. სახე მეტ-ნაკლებად აღმიდგა, ღიმილი ძველებურს დაემსგავსა, თავდაჯერებაც მომემატა და სახლიდან გამოვძვერი.“

იხსენებს, რომ ყველაზე რთულ პერიოდში გარდამტეხი როლი მეგობრის სიტყვებმა შეასრულა: „მე ჩემს ნევროზს დავუმეგობრდი და მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლეო.“ ეკა ამბობს, რომ ეს სიტყვები ძალიან დაეხმარა. „უცებ მივხვდი, რომ პრობლემად და დეფექტად კი არ უნდა აღმექვა მომხდარი, პირიქით, გამომეყენებინა ეს შემთხვევა და მესწავლა პრობლემების მოგვარება, გამოსავლის მოძებნა და არ მეტირა იმაზე, რა იყო ან როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო.“

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

ამბობს, რომ საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის განცდა არ ჰქონია, მაგრამ მაშინ, როცა ავარია მოხდა, ხშირად ეუფლებოდა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთად თექვსმეტნი იყვნენ და მაინცდამაინც მის თავს მოხდა ეს ამბავი. „მერე მივხვდი, რომ არასწორი იყო ასე ფიქრი.  ყველაფერი ხდება. თუ შენ არ იქნები, სხვა იქნება და იმასაც იგივე განცდა ექნება ზუსტად.“ 

ეკა პროფესიით მარკეტოლოგია. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. დღეს ამ თავგადასავალს ისე იხსენებს, როგორც უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას და ამბობს, რომ მომხდარმა დაანახა რამხელა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე საზოგადოებრივი აზრი; და როგორ განსხვავებულად შეიძლება წარიმართოს შენი ამბავი ისევ და ისევ იმ საზოგადოების წესების კარნახით, სადაც ცხოვრება გიხდება. ეკა ამბობს, რომ არამარტო სიტყვის, უბრალო მზერის ადრესატიც კი ადამიანია თავისი უფაქიზესი განცდებით. ამიტომ მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. „ ჩემი თხოვნაა, როცა თქვენგან განსხვავებულს დაინახავთ ქუჩაში, თუ სიბრალულის განცდას ვერაფერს მოუხერხებთ, იმას მაინც შეეცადეთ მთელი ძალით, რომ ეს გრძნობა დამალოთ.“