„რამდენი კილო ხარ?“ | თინა ჩერტოვა, 34 წლის

„რამდენი კილო ხარ?“- ეს კითხვა თავდასხმასავით ჟღერდა, რადგან 18 წლის თინას ყოველ ჯერზე აიძულებდა თვალი გაესწორებინა არასასურველი მოცემულობისთვის, უფრო ზუსტად კი – სასწორზე გამოსახული ციფრებისთვის, რომელთა კომბინაცია ჯიუტად აჩვენებდა 41 კილოგრამს. 170 სმ. სიმაღლის თინასთვის ეს წონის დეფიციტს ნიშნავდა. „ძალიან, ძალიან გამხდარი ვიყავი. კატასტროფულად გამოვიყურებოდი“ – იხსენებს თინა და ამბობს, რომ სიგამხდრე მხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტს არ უქმნიდა. „მუდმივად მეძინებოდა, სწრაფად ვიღლებოდი, იმუნური სისტემა დაქვეითებული მქონდა.“ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, წონაში ვერ იმატებდა, თუმცა, თავისუფლად შეიძლებოდა ნერვიულობის დროს დღეში ერთ კილო დაეკლო.

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

დისკომფორტი იმდენად დიდი იყო, რომ დახმარებისთვის არაერთ სპეციალისტს მიმართა. მათ თინას ახალგაზრდა ასაკის გამო ჰორმონულ პრობლემებზე არ უეჭვიათ. ზოგადი ანალიზები ცვლილებებს არ აჩვენებდა. ამიტომ ექიმები ურჩევდნენ, მეტი ეჭამა. წონის დეფიციტთან გასამკლავებლად მაღალკალორიულ მენიუს უდგენდნენ, ვიტამინების კომპლექსს უნიშნავდნენ.

თინა ამბობს, რომ სიგამხდრის გამო არაერთი კრიტიკული შეფასება მოუსმენია, რამაც დიდწილად განსაზღვრა საკუთარი გარეგნობის მიმართ მისი უარყოფითი დამოკიდებულება. ხისტი შეფასებების პარალელურად, ემპათიის ნაკლებობასაც აწყდებოდა. „ჩემს წუხილს წონის დეფიციტის თაობაზე სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მეტიც, ეს საკითხი გაღიზიანებას იწვევდა. მგონი, ვერც კი წარმოედგინათ, რომ წონის ნაკლებობა შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს. ჩემს განცდებს მათთვის დამაჯერებლობა აკლდა, რადგან მართლა ეგონათ, რომ შეუძლებელი იყო წონაში მომატება მომენდომებინა და ვერ მომეხერხებინა ეს. რატომღაც ისეა, რომ ჭარბი წონა პრობლემად აღიქმება, პირიქით კი – არა. არადა, ყველაფერი შეიძლება პრობლემად იქცეს, თუ ის შენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე აისახება და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხს აუარესებს.“

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

თინა იხსენებს, რომ ერთადერთი რჩევა, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა არა მარტო სპეციალისტებისგან, არამედ გარშემომყოფებისგანაც, ის იყო, რომ მეტი ეჭამა. „ბოლოს მეც  დავიჯერე, რომ იმდენ საკვებს არ ვიღებდი, რამდენიც საჭირო იყო.“ თუმცა პრობლემა ამით არ მოგვარებულა, წონის დეფიციტის რეალური მიზეზი კი დიდი ხნის შემდეგ დაზუსტდა: „მხოლოდ 10 წელიწადში გაირკვა, რომ ჰორმონული პრობლემები მქონია. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, ერთ წელიწადში 15 კილოგრამი მოვიმატე. სხეულმა ჯანსაღი შესახედაობა შეიძინა.“

თინა მხატვარი და ფემინისტია.  მისი საავტორო კედლის მხატვრობა, ძირითადად, სოციალურ თემატიკას ეხმიანება. კითხვაზე, რა მისცა წონის დეფიციტთან ბრძოლის გამოცდილებამ, თინა გვპასუხობს, რომ საკუთარი სხეულის მოსმენის მნიშვნელობა გააცნობიერა. „ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ. სტერეოტიპული მიდგომა ხშირად არ ამართლებს. ადამიანი თვითონ ყველაზე კარგად ხვდება, რა სჭირდება მის ორგანიზმს. მიზნად უნდა დავისახოთ, რომ საკუთარ გარეგნობასთან, სხეულთან ჰარმონიას ვგრძნობდეთ. ეს ძალიან ბევრს წყვეტს ჩვენს ცხოვრებაში.“