ანო გვიყვება, რომ 17 წლის ასაკში სათხილამურო სეზონზე ფეხი მოიტეხა და თითქოს უწყინარმა მოტეხილობამ არამარტო იმ პერიოდში, პრაქტიკულად სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრების სტილი და ჩვევები. იქცა ერთგვარ ტრავმად. თუმცა სიტყვა „ტრავმას“ რომ ახსენებს, იქვე განმარტავს კონტექსტსაც: ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც მოტეხილობამ დაუტოვა – ისევ და ისევ თხილამურებთან გამოთხოვებაა. სრიალი მისი გატაცება იყო. მოგვიანებით ამ გულდასაწყვეტი მოცემულობიდან ყურადღების გადატანა ისწავლა. ზუსტად ისევე, როგორც ზამთარში მთაში ყოფნისას ლანდშაფტით ტკბობა მაშინ, როცა მისი მეგობრები და ოჯახის წევრები სრიალით ერთობიან.
მოტეხილობა და თანმხლები გართულებები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ვიზუალური კვალი დაამჩნია კიდურს. დარჩა როგორც ამ მოგონებასთან ყოველდღიური მიბრუნების საბაბი. ანო გვიყვება: „როგორ გამოიყურება? ძალიან ცუდად, საშინლად. წვივზე კუნთის ნაწილი არ მაქვს და დიდ ზოლად მეტყობა ათასჯერ ნაოპერაციები ადგილი.“ თუმცა უცნაურიც კი ჩანს, რომ ამბავს არ ჰყვება განსაკუთრებული ემოციით, მღელვარებით. უფრო პირიქით. წარსულის გამოცდილებას ჰყვება ისე, როგორც, ალბათ, მოყვებოდა ნებისმიერ სათავგადასავლო ამბავს – ფათერაკების გადალახვისა და ახალი გამოცდილების შეძენის შანსს რომ იძლევა.
ამბობს, რომ საამისოდ საკუთარ თავზე მუშაობა პრაქტიკულად არ დასჭირვებია. ოჯახის წევრები და მეგობრები დაეხმარნენ ზედმეტი განცდების გარეშე შეგუებოდა მომხდარს. „მათი დახმარებით ეს ჩემი ფეხი თავიდანვე მივიღე ისეთი, როგორიც არის. არანაირი დრამა ამისგან არ შემიქმნია. არც დეპრესიული მომენტები მქონია. რაც მოხდა, მოხდა.“
კიდურის ვიზუალური ცვლილების გამო კომპლექსი არ გასჩენია. ტანსაცმლით არ მალავს და, საერთოდ, არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს. „რომ მეკითხებიან, რა მჭირს, ბუნებრივია, ვუყვები რაც მოხდა, რომ მათი ინტერესი დავაკმაყოფილო. არცთუ იშვიათად თანაგრძნობასაც გამოხატავენ, თუმცა მე ამ თანაგრძნობას არ ვეძებ. განა მაღიზიანებს, უბრალოდ, ამის აუცილებლობა არ არსებობს. არ მაწუხებს ჩემი ფეხი.“
ანო ფიქრობს, რომ გაუმართლა, რადგან მხიარული ხასიათი და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება სირთულეების გადალახვაში ძალიან ეხმარება და არც კონკრეტული შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. ამბობს, ხანდახან იმდენად მხიარულად ვყვები იმას, რაც გადამხდა, უკვირთ კიდეცო. „თან ვატყობ, რომ ჩემი ეს აღქმა მათზეც სასიკეთოდ მოქმედებს. ოპტიმიზმი ემატებათ და უცებ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ცხოვრებაში შესაძლებელია ხელს სულ არ გიშლიდეს ფეხი, რომელიც სილამაზის სტანდარტებში არ ჯდება.“
ამბობს, რომ არაფერს არ წყვეტს ეს სტანდარტები. ნებისმიერი თავგადასავალი კი ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.
ანო მარკეტინგის სპეციალისტია, ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის მარკეტინგის სამსახურს ხელმძღვანელობს, ლექციებს კითხულობს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია. მათ, ვისაც რაიმე მიზეზით საყვარელი საქმის კეთებაზე უარის თქმა მოუხდათ, როგორც მას – თხილამურებით სრიალზე, ანო საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „იფიქრეთ, რომ არა უშავს. ცხოვრებაში კიდევ ბევრი სხვა რამეა საინტერესო, რისთვისაც დროის, ენერგიის, ემოციის დახარჯვა ღირს და რასაც სიხარული მოაქვს.“