17 წლის იყო. პროფესიული არჩევანის წინაშე იდგა. ერთდროულად მსახიობობაც უნდოდა და მასწავლებლობაც. უნდოდა ისეთი საქმე აერჩია, რაც მთელ მის ცხოვრებას ინტერესით დამუხტავდა და რისი ერთგულიც დარჩებოდა ბოლომდე. მაგრამ იქამდე ყველაფერი ერთმა ნახტომმა შეცვალა. სოფელში ისვენებდა. „ძალიან ცხელი დღე იყო. მდინარეზე წავედით გასაგრილებლად. ბევრნი ვიყავით, ვცურავდით, ვერთობოდით. მახსოვს, ერთ-ერთმა შემოგვთავაზა, კლდის პატარა ქიმიდან გადავმხტარიყავით წყალში. მორიგეობით ვხტებოდით. მოვემზადე, მაგრამ გადახტომის დროს ქვაზე ფეხი ამისხლტა და ხერხემლით დავეცი.“
ხერხემალი მთლიანად დამსხვრეული, კისრის მალები კი გადამტვრეული ჰქონდა. გადარჩენის იმედს ვერც რაიონულ საავადმყოფოში, მოგვიანებით – ვერც თბილისში იძლეოდა ვინმე. ეს ყველაფერი გადმოცემით იცის ოჯახის წევრებისგან, იმიტომ, რომ გონზე მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მოვიდა. რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. 18 წელი რეანიმაციაში შეუსრულდა. დიანამ საავადმყოფოში დაახლოებით ორი წელი გაატარა. როგორც თავად ამბობს, გადარჩენასთან შეგუება დასჭირდა – ისევე, როგორც ეტლთან, რომელიც მისთვის გარესამყაროსთან, ადამიანებთან ურთიერთობის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. „ერთი სული მქონდა, გარეთ გავსულიყავი. თუმცა მთავარი სტრესის გადატანა თურმე იქ მელოდა. ყველა დაკვირვებით ან სიბრალულით მიყურებდა. გარემო სრულიად არაადაპტირებული იყო. ჩემი კლასელები სტუდენტები გახდნენ, მე კი ისევ და ისევ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო პროფესიულ ოცნებასთან გამოთხოვებაც მომიხდა.“
ერთმანეთს ბევრი ემოცია ცვლიდა: ბრაზი, პროტესტი, საკუთარი თავის მიმართ სიბრალული, უმწეობისა და ამაოების შეგრძნება. „ჯანმრთელი ადამიანი უცებ პარალიზებული აღმოვჩნდი. დამოუკიდებლად არაფერი შემეძლო. ამასთან შეგუება ურთულესი იყო ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. ჩემმა მდგომარეობამ და აბსოლუტურად არატოლერანტულმა გარემომ დამაკომპლექსა და დეპრესიაში ჩამაგდო. მინდოდა აქტიური ცხოვრება მეცადა, თუნდაც ეტლით, მაგრამ, ფაქტობრივად, ოთხ კედელს შორის აღმოვჩნდი გამომწყვდეული.“
ეტლთან ერთად მტკივნეულად აღსაქმელი გახდა გარეგნული ცვლილებაც. ლამაზი სხეული – ფეხები, მუცლის პრესი – უმოძრაობისგან მოუდუნდა. „სუსტი და პარალიზებული ფეხები იმდენად არ მომწონდა, თვითონვე ვერ ვუყურებდი, ცუდად ვხდებოდი. ვცდილობდი დამემალა, რამე მიმეფარებინა.“
კითხვაზე, რა აღმოჩნდა გადამწყვეტი იმისთვის, რომ შეცვლილი ცხოვრება გამოწვევად მიეღო, ზუსტი პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ იმ დეპრესიულ პერიოდში უამრავს ფიქრობდა და პასუხებიც ამ ფიქრის შედეგად მოვიდა. „გადავწყვიტე მაინც მებრძოლა. სხვა არჩევანი არ იყო. რადგან ცოცხალი დავრჩი, ესე იგი, რაღაც სასარგებლო შემეძლო მეკეთებინა. და მთავარი სწორედ ეს იყო – ცოცხალი დავრჩი. ეს არ იყო ცოტა.“
დიანა ამბობს, რომ არც ფსიქოლოგიური განათლება ჰქონია, არც ფსიქოლოგებთან ურთიერთობის საშუალება, ამიტომ საკუთარ თავს თვითონვე დაეხმარა. „ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტო, რას ირჩევ. მე გადავწყვიტე მეცოცხლა.“
წლების შემდეგ დიანას ცხოვრების გადამწყვეტი შეხვედრაც ზაფხულში ელოდა, როცა გოგა, მომავალი მეუღლე გაიცნო. თავიდან დამეგობრდნენ, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამბობს, რომ საყვარელმა ადამიანმა სიცოცხლის უზარმაზარი სტიმული მისცა. მისი დახმარებითვე აქტიურად დაკავდა პარასპორტით, ფარიკაობით. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ხუთი მედლის მფლობელია. მათ შორის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები – გარკვეული პაუზის შემდეგ, წელს, ივნისში მსოფლიო ჩემპიონატზე აიღო.
უბედური შემთხვევიდან 14 წლის შემდეგ ერთ-ერთი შეჯიბრისთვის ემზადებოდა, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო. ანდრია უკვე ორი წლის გახდა. დიანა ამბობს, რომ ბავშვის დაბადებამ ყველაფერი შეცვალა მის ცხოვრებაში. ეს აღმოჩნდა ცხოვრების მთავარი სიხარულიც და მთავარი გამოწვევაც. „ის ასეთ დედას იცნობს და მე არ აქვს უფლება სუსტი ვიყო.“
დიანა ამბობს, რომ დღეს საკუთარი გარეგნობის მიმართაც ისეთივე კეთილგანწყობილია, როგორც ცხოვრების მიმართ, ხელმეორედ რომ შეიყვარა. „თუ ჩვენს თავს მივიღებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ჩვენ არ განვისაზღვრებით ჩვენი სხეულის ფორმით, მაგალითად, ფეხების მოყვანილობით. ჩვენ ვართ ჩვენი ფიქრები, ჩვენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. როგორც კი ამას გააცნობიერებ და უარყოფითი განწყობა მოგშორდება, ყველაფერი ბედნიერების კალაპოტს უბრუნდება.“
და, ჰო, ამბობს, რომ ბედნიერია. „ყოველდღიურობა მახარებს, თავისი საზრუნავით, თავისი წვრილმანებით. დაუფიქრებლად შემიძლია გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ.“
დღეს აქტიურად ცხოვრობს. პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის თანამშრომელია. ამავე დროს, ორგანიზაცია „მე ვარ ქალის“ თავმჯდომარეა. ატარებს ტრენინგებს შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების შესახებ. წლების შემდეგ აიხდინა ოცნება – ეთამაშა სცენაზე. ამბობს, რომ როლის შესრულებით უზარმაზარი სიხარული განიცადა. ცხოვრების უმთავრესი და ყველაზე საპასუხისმგებლო როლის – დედობის პარალელურად კი კვირაში სამ დღეს სპორტითაა დაკავებული. ბევრი გეგმა აქვს და სირთულეები არ აშინებს, რადგან 17 წლის წინ მთავარ კითხვას – ეცოცხლა თუ არა – უყოყმანოდ უპასუხა, რომ ღირდა.