„სარკევ, სარკევ, მითხარი“- ზღაპრის მაგიური სიტყვები ყოველდღიური რიტუალი იყო. უფრო ზუსტად, დიდი, ფირუზისფერჩარჩოიანი სარკის წინ ამ სიტყვების ლაღად წარმოთქმა და საპასუხო დასტური ყველაზე ლამაზი გოგოს სტატუსზე.
როგორც ბევრისთვის, თიკოსთვისაც სარკე ერთგული და საიმედო მეგობარი იყო დიდხანს. ოთახის მთავარი ატრიბუტი. სანამ ერთ დღეს საერთოდ არ აუჯანყდა ამ სარკეს და უარი არ თქვა მასში ჩახედვაზე.
ეს ამბავი კი ასე დაიწყო: დაახლოებით 12 წლის ასაკში კანზე გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი გამონაყარი გაუჩნდა. პრობლემა მალევე გამწვავდა და აკნეს დიაგნოზად იქცა. თიკო იხსენებს, რომ გამონაყართან გასამკლავებლად უამრავი რამ სცადა. მათ შორის, ათასგვარი ყურმოკრული შინაური საშუალება, რამაც პრობლემა, მოგვარების მაგივრად, კიდევ უფრო დაამძიმა.
თიკო ამბობს, რომ აკნემ მისი თინეიჯერობა რადიკალურად შეცვალა. მისი აზრით, სახის კანის პრობლემების ფსიქოლოგიურ პრობლემად გადაქცევაში გადამწყვეტი როლი გარშემომყოფებმა შეასრულეს. ძირითადად, უნებურად. „დარწმუნებული ვარ, ცუდი განზრახვა არ ამოძრავებდათ, მაგრამ უკლებლივ ყველა, ვინც გარს მეხვია, საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევდა, მოსულიყო და რაიმე რჩევა მოეცა სახის კანის მკურნალობასთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ სხვებს უფრო აწუხებდათ ჩემი კანის პრობლემები. იმდენად დაჟინებულ მზრუნველობას იჩენდნენ, ჯერ მიკვირდა, ბოლოს კი დავიჯერე, რომ რაღაც ძალიან უხერხული, ძალიან სერიოზული და სამარცხვინო მჭირდა. ვფიქრობდი, ალბათ მე ვერ ვიაზრებ რა საშინელება მჭირს-მეთქი. ასე ნელ-ნელა გახდა ჩემი სახის კანის პრობლემა მტკივნეული და დამთრგუნველი.“
პრობლემასთან შეჯახების მომდევნო ეტაპი მის შენიღბვაზე ზრუნვა გახდა. შენიღბვაში თიკო ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობას გულისხმობს. იხსენებს, რომ თინეიჯერობის წლები სქელ ფენად წასმული ტონალური საცხით გაატარა. ცდილობდა გამონაყარი ნაკლებად შესამჩნევი გაეხადა და, შერყეული თვითშეფასების ფონზე, თვითონაც ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. „წარმოიდგინეთ რაღაც ბოდიშისმაგვარი იმისთვის, რომ არ გაგიმართლა და კრიალა კანი არ გაქვს.“
ამბობს, რომ გარდატეხის ასაკის მოგონებებში ყველაზე ცოცხალი დღემდე კითხვები და რეპლიკებია: „გინდა კარგი ექიმი გირჩიო?“ „ არ გინდა სახეს მიხედო?“ „ერთი კარგი წამალი ვიცი.“ „როგორ შეიძლება ახალგაზრდა გოგო ასეთი კანით დადიოდეს?!“ „თავს უნდა მოუარო.“
ამბობს, რომ სხვადასხვა ეტაპზე ამ შეფასებების აღქმაც განსხვავებული იყო: ჯერ ყურადღებითა და მადლიერებით ისმენდა; მერე აღიზიანებდა, პროტესტის და უსამართლობის განცდას უჩენდა; ბოლოს შეეგუა, ოღონდ ეს შეგუება მტკივნეული იყო.
და სულ ბოლოს, როცა ყველა ამ ეტაპმა ჩაიარა და გარდატეხის ასაკიც დასრულდა, ნელ-ნელა მიხვდა, რომ ნაკლები სიხარულის, ცხოვრებით ნაკლებად ტკბობისა და საკუთარი თავის ნაკლები სიყვარულის მიზეზი უბრალოდ არ არსებობდა.
„ეს იყო ჩემი გამარჯვება. აი, რაღაცნაირად, უცებ მივხვდი, რომ ადამიანების უმრავლესობას ბევრად მეტი და სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე სახის კანია. რა მაკლდა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო?- გარს ახლობლები მეხვია, რომლებსაც ვუყვარდი და მოვწონდი კიდეც. ახალგაზრდა, სრულფასოვანი ადამიანი ვიყავი, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე. კანის პრობლემას როგორ ან რატომ უნდა გაეფუჭებინა ჩემი ცხოვრება?!“
ამბობს, რომ ადგა და ყველაფერი შეცვალა: დაიწყო ვარჯიში, გახდა მორაგბე და როცა ამ მამაკაცების მიერ დომინირებული სპორტის მიმართ ინტერესის გამო სტერეოტიპული შეფასებების მორიგი ნაკადი დაატყდა თავს, მიხვდა, რომ სულ აღარ დარდობდა და აღარაფერს უწყვეტდა საკუთარ ბედნიერ ცხოვრებაზე სხვების აზრი.
თიკო სტუდენტია, მომავალი მეღვინე. სწავლის პარალელურად, მუშაობს. საკუთარი ცხოვრება მოსწონს.
მოსწონს საკუთარი ანარეკლიც ფირუზისფერჩარჩოიან სარკეში, რომელსაც ისევ დაუმეგობრდა და უპირობოდ გამოუცხადა ნდობა.