ქართული ფეხბურთის თათა | ინტერვიუ თათა ბურდულთან

თათა ბურდულის პროფესიულ ცხოვრებაში თითქმის არ ყოფილა დღე სპორტის გარეშე და არ ყოფილა ბოლო 14 წელი ქართული ფეხბურთის გარეშე. პირველადი პროფესიით ჟურნალისტის პირველი სამსახური სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იყო, თუმცა პიარი და მარკეტინგი რომ უფრო აინტერესებდა, ეს უნივერსიტეტის პირველივე კურსზე აღმოაჩინა. ამიტომ განათლების მიღება პიარის მიმართულებით გააგრძელა, ისწავლა შვეიცარიაში და უკვე ბევრი წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბრენდ დირექტორია. მისი საქმეა ყველაფერი, რასაც მოედანზე ფეხბურთის მატჩის მიღმა ვხედავთ და რაც დღესასწაულის შექმნის წინაპირობაა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

თათა ბურდულის ანგარიშზე 128 თამაშის ორგანიზებაა. გულდასაწყვეტია, რომ FIFA-ს შესაბამისი პრიზი არ აქვს, თათა ამას ნამდვილად იმსახურებს და ამაში მისი გაცნობის შემდეგ მარტივად დარწმუნდებით.

ექსტრემალური და ადრენალინით სავსე ‒ საკუთარ საქმეს ასე ახასიათებს და ამბობს, რომ ფეხბურთის მარკეტინგი რადიკალურად განსხვავდება ბიზნესის ყველა სხვა სახეობის მარკეტინგისგან. ბაზარი დინამიკური და ცვალებადია, შედეგად, აქ წარმატება სიახლეებისთვის ფეხის აწყობას მოაქვს.

„როცა სპორტში პირველად მოვხვდი, მეგონა რომ ეს მარტივი სფერო იყო. თუმცა, როცა ეცნობი როგორ მუშაობს სისტემა, რამდენად რთულია სპორტსმენებთან კომუნიკაცია, რამდენად დიდი გავლენა აქვს სპორტს საზოგადოებრივ განწყობაზე, რწმუნდები, რომ რთულ საქმეს შეეჭიდე. რადგან საქართველოში ფეხბურთი საყოველთაო სპორტია და თითქმის ყველა ადამიანი მასთან ემოციურ ბმაშია, ეს საქმე ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ზოგადად, ბიზნესის ყველა მიმართულებას მასზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგია სჭირდება, თუმცა სპორტის მარკეტინგი აბსოლუტურად განსხვავებული სფეროა. ჩემი პროდუქტის ფასს მატჩის მიმდინარეობა განსაზღვრავს, რადგან თამაშის დაწყებამდე შეიძლება სულ სხვა პროდუქტს ვყიდდეთ და მატჩის მიმდინარეობისას პროდუქტის ფასი და ხალხის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. ამიტომაც აუცილებელია წინასწარ გაიწეროს როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ნაკრებს მატჩამდე, მატჩის შემდეგ, მარცხის დროსაც კი ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას და როგორ ვლაპარაკობთ. აუცილებელია კრედიტების დაგროვება იმისთვის, რომ მარცხის შემთხვევაში გულშემატკივრებმა არ გადაგვთელონ, შეინარჩუნონ ნაკრების მიმართ ლოიალობა.

რეალურად ბაზარი საქართველოში საკმაოდ პატარაა, ჩვენ დამოკიდებული ვართ ევროპულ მაგალითებზე. ცხადია, ევროპული იდეების ქართულ რეალობაზე მორგება ხდება, თუმცა მაინც აქტიურად ვაკვირდებით საერთაშორისო ტრენდებს“.

ბუნებით პერფექციონისტია და ეს მისი გუნდის თითოეულმა წევრმა იცის. ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის საქმეა ყველა მარკეტინგული აქტივობა, სპონსორებთან ურთიერთობა, კომერცია, Fanshop.ge, ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკის წარმოება და რეალიზება, არასპორტული ღონისძიებების ორგანიზება.

„სპორტული ღონისძიება უშუალოდ საფეხბურთო მატჩია, მატჩის მიღმა დაგეგმილი ყველა ტიპის მარკეტინგული აქტივობა კი ჩემს გუნდს ეკუთვნის. მე როგორც ბრენდ დირექტორი პასუხისმგებელი ვარ ეროვნული ნაკრები გუნდის ბრენდის განვითარებაზე, ბაზარზე მის პოზიციონირებაზე. საქართველოს არამხოლოდ ერთი ნაკრები გუნდი ჰყავს და ჩვენი საქმე თითოეული მათგანის იმიჯის სწორი მართვა, ბრენდის ფილოსოფიის დანერგვაა.

არასოდეს მითქვამს, რომ მე რაღაც გავაკეთე, ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ გავაკეთეთ! არცერთ ინდივიდს არ შეუძლია დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი საქმის კეთება, განსაკუთრებით, ისეთ მასშტაბურ საქმეში, რასაც ფეხბურთი ჰქვია. მე ყოველთვის მაქვს ჩემი გუნდის იმედი, მათ ‒ ჩემი და მე ‒ ფედერაციის. ბევრჯერ ყოფილა, რომ ყველაფერი გააკეთე, მაგრამ მინდორზე შედეგი არ არის, ნაკრები აგებს და აზრი აღარ აქვს რამდენად ლამაზად იყო სტადიონი შეფუთული, რამდენად კარგი სერვისი შევთავაზეთ გულშემატკივარს. ჩვენი მთავარი პროდუქტი ნაკრები და ფეხბურთია“.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

„მე ვარ საქართველო“ ‒ ეს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი ბრენდია, რომელიც თათა ბურდულის გუნდის მუშაობას უკავშირდება. როგორც ერთ რიგით მოქალაქეს შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა მახსენდება მარკეტინგული სლოგანი, რომელიც გულს ისე აჩქარებს, როგორც „მე ვარ საქართველო!“ თათა არ ცდება, როცა ამბობს, რომ ამ ბრენდს, სლოგანს, ფორმას საზოგადოება დიდხანს ელოდა და როცა 2 წლის წინ ყველაფერი იდეალურად დაემთხვა ერთმანეთს, ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ახალი ბრენდისა და ნაკრების ორგანიზაციიდან გამოყოფის დრო დადგა.

„მე ვარ საქართველო“ არის ინდივიდზე დაფუძნებული ბრენდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს, რომ გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს. გუნდში ყველა პასუხისმგებელია, მაგრამ ყველა ინდივიდუალურადაც პასუხისმგებელია. ამ ფორმულით ვხელმძღვანელობთ საქმეშიც და მინდორზეც. ვიდრე „მე ვარ საქართველოს“ ბრენდი შეიქმნებოდა, ნაკრები ფედერაციის ლოგოიანი ფორმით თამაშობდა. ნაკრები უფრო დიდია, ვიდრე ერთი ორგანიზაცია. მივიჩნიეთ, რომ ნაკრების ცალკე ბრენდად ჩამოყალიბების დრო იყო. თუ ისტორიულ წარსულს გადავხედავთ, ქართულ ფეხბურთს სულ სამი ეპოქალური პერიოდი ჰქონდა, სამივე საბჭოთა კავშირს და თბილისის დინამოს უკავშირდება. ბოლო ასეთი 1981 წელს თასების მფლობელთა თასის მოგება იყო და შემდეგ, ფაქტობრივად, დიდი ქართული ფეხბურთის არსებობა ეფემერულ მოგონებად დარჩა. 2 წლის წინ, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, მოგვეცა შესაძლებლობა, ეროვნული ნაკრებისთვის ტექნიკური სპონსორი გვეპოვა ‒ სპორტული მიღწევების გათვალისწინებით, იტალიურმა კომპანია „მაკრონმა“ სურვილი გამოთქვა, რომ ეროვნული ნაკრების გუნდებისთვის სასპონსორო შეთავაზების ფარგლებში ფორმები შეეკერა.

ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო 2022 წლის ერთა თასის გათამაშების ახალი ეტაპი, ეროვნულ ნაკრებს ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი და ახალი ბრენდის ჩაშვებაც ამ პერიოდს დავამთხვიეთ.

პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდა და, ფაქტობრივად, ერთ თვეში შეიქმნა ბრენდი, რომელიც ამაყობს წარსულით, მაგრამ მისი ადგილი მომავალშია. ნაკრების მაისურის სიმბოლო წმინდა გიორგია, რომელიც გვგონია, რომ საუკეთესოდ აღწერს იმას, რასაც „მე ვარ საქართველო“ და ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ეფუძნება“.

როგორც ყველაფერს ახალს, ახალ ბრენდსაც კრიტიკა მოჰყვა, თუმცა თათა მიიჩნევს, რომ საბოლოოდ გულშემატკივარმა ის შეიყვარა. თათა ამბობს, რომ „მე ვარ საქართველო“ არის მთელი საქართველოს ბრენდი, ყველა ასაკისა და სქესის პერსონაზე მორგებული. ფედერაციის ბრენდ დირექტორი აცხადებს, რომ „მე ვარ საქართველოს“ წარმატებას ნაკრების მიერ ნაჩვენებმა შედეგებმაც შეუწყო ხელი.

ამ ბრენდს ‒ დიდი შესაძლებლობები, ფედერაციას კი მასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. ორგანიზაციას უნდა, რომ საქართველოდან საჩუქრად თუ სამახსოვროდ „მე ვარ საქართველოს“ ბრენდის ქვეშ შექმნილი პროდუქტი წაიღოს. დიდი რესურსია იმის, რომ ბრენდი სავიზიტო ბარათად იქცეს ‒ გამარჯობა, მე ვარ საქართველო!

ბუნებრივია, ფეხბურთის ფედერაციის გეგმები ერთი ბრენდის ირგვლივ არ ტრიალებს. ამ ეტაპზე ორგანიზაცია მომავალი 4 წლის სტრატეგიაზე UEFA-სთან ერთად მუშაობს. დოკუმენტის მთავარი ღერძი ეროვნული ნაკრები იქნება, თუმცა სტრატეგიის მიღმა არ დარჩება ქართული ფეხბურთის არცერთი შემადგენლობა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

თათას კარიერას ლაიტმოტივად მასკულინური გარემო გასდევს, ამბობს, რომ 14 წლის განმავლობაში სპორტში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ქალების გაძლიერების საკითხი ჯერ ისევ აქტუალურია.

„როდესაც იმ სფეროში მიდიხარ, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირები, ძირითადად, მამაკაცები არიან, ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა, რომ შენი აზრი სწორი ფორმით გამოხატო. ბუნებრივია, ეს მარტივი არ არის, მაგრამ დასაწყისში და ახლაც ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა და ჯანსაღ გარემოში მოვხვდი, იქ, სადაც ადამიანები თავისი ნათელი გონებით ფასობენ და არა გენდერის მიხედვით. ჩემი ცხოვრებისეული კრედოა, რომ როცა რაღაც არ იცი, კითხვები უნდა დასვა. მე ამის კომპლექსი არასოდეს მქონია, მით უმეტეს, ფეხბურთში ბევრი საკითხია, რომელში გარკვევაც აუცილებელია. არასოდეს მომრიდებია სტაჟიანი თანამშრომლებისთვის კითხვებით მიმემართა და მათგანაც ყოველთვის კეთილგანწყობას ვგრძნობდი“.

„ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, სადაც ვმუშაობ, ბედნიერი ვარ. საქმე, რომელიც მიყვარს, სადაც შემიძლია, რომ ძალიან გავბრაზდე, მაგრამ ამავე დროს თვითრეალიზებული ვიყო. ფეხბურთი არის სამყარო, რომლითაც ადამიანებს ვაბედნიერებთ, მიუხედავად ბევრი სირთულისა. ფეხბურთის ფედერაცია კი არის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივ განვითარებაშია და რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება“.