Camp Nou-ზე გამართულ ქალთა საფეხბურთო მატჩს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო

Camp Nou-ს სტადიონზე გამართულ ქალთა საფეხბურთო მატჩს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო. უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ესპანური „ბარსელონა“ და გერმანული „ვოლფსბურგი“ დაუპირისპირდნენ საერთო ჯამში ტრიბუნებიდან თვალს 91,648 ადამიანი ადევნებდა.

ფოტო: IFFHS

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი ასევე Camp Nou-ზე დამყარდა, როდესაც მიმდინარე წლის მარტში „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართულ შეხვედრას 91,553 მაყურებელი დაესწრო.

მანამდე კი, რეკორდული რაოდენობის, 90,185 ქომაგი 1999 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის სანახავად კალიფორნიაში მდებარე სტადიონზე, Rose Bowl-ზე მივიდა, სადაც ერთმანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ჩინეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ამერიკელებმა პენალტების სერიის შემდეგ მოიგეს და თამაში ანგარიშით 5:4 დასრულდა.

რაც შეეხება „ბარსელონასა“ და „ვოლფსბურგს“ შორის დაპირისპირებას, იქ მასპინძლებმა იმარჯვეს და გერმანული კლუბი ანგარიშით 5:1 დაამარცხეს. შედეგად, ესპანელებმა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალისაკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. თუმცა ფინალამდე „ბარსელონა“ „ვოლფსბურგთან“ განმეორებით შეხვედრას 30 აპრილს, გერმანიაში ჩაატარებს. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული ფინალში ტურინში, 21 მაისს, „ლიონისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წყვილს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ბარსელონამ“ სამი ტიტულის მოპოვება შეძლო – მან ლა ლიგა, კოპა დელ რეინა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.