მერი ჩაჩანიძის კარიერა 2004 წლიდან დაიწყო. 90-იანი წლების შემდეგ, საქართველომ მშპ-ის თითქმის 3/4 დაკარგა. ეს რთული და ტურბულენტური წლები დიდ გამოწვევასთან ერთად, დიდი შესაძლებლობაც გახდა იმ რამდენიმე ათეული ადამიანისთვის, რომელიც კერძო სექტორის განვითარებაში გამოცდილებით ჯერ ვერ, მაგრამ განათლებით ნამდვილად ერკვეოდა.
მერი ჩაჩანიძე ESM-ის ბიზნესსკოლაში დაგროვილი ცოდნით ერთი მათგანი ნამდვილად აღმოჩნდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ფინანსური დირექტორის პოზიციიდან დაიწყო, შემდეგ კავკასიაში პირველი ექვითი საინვესტიციო ფონდის ანალიტიკოსი გახდა ‒ იქ 10 წელი იმუშავა, რამდენჯერმე დააწინაურეს და ბოლოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის სტატუსით, საინვესტიციო ბიზნესმიმართულება ჩააბარეს.
ამერიკულ საინვესტიციო ფონდში მუშაობის დროს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში 14 სხვადასხვა ინვესტიცია მართა, რაც ჯამში 55 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. ამ კომპანიებს მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსითაც ეხმარებოდა, მათ ზრდას უწყობდა ხელს და შემდეგ, ამ კომპანიებიდან გამოსვლის პროცესშიც იღებდა მონაწილეობას.
პირველ ფონდს მეორე მოჰყვა, მესამე წრეზე კი მტკიცედ გადაწყვიტა, რომ რაღაც ახალი და უფრო მასშტაბური უნდა ეკეთებინა და ამ მიზნის მისაღწევად თიბისი ბანკი აარჩია. თიბისი ‒ როგორც ყველაზე დიდი და მასშტაბური ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონშიც ‒ ზუსტად პასუხობდა იმ მიზნებს და ამბიციებს, რაც მერი ჩაჩანიძეს იმ პერიოდში კარიერული ზრდის თვალსაზრისით ჰქონდა.
კორპორაციული საბანკო ბიზნესიდან დაიწყო. მის პერიოდში ტელეკომის სექტორში ყველაზე მსხვილი M&A ტრანზაქცია განხორციელდა ‒ სილქნეტმა ჯეოსელი იყიდა ‒ რასაც 153 მილიონდოლარიანი შესყიდვის მართვა სჭირდებოდა. ეს მერი ჩაჩანიძის პროექტი იყო. კომპლექსური და საინტერესო პროექტი გამოდგა და რაც მთავარია, ძალიან წარმატებულიც.
მერის კარიერის შემდგომი განვითარება უკვე თიბისი კაპიტალია. გუნდს 2019 წლიდან შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი გახდა. დღეს კიდევ ორ პოზიციას ითავსებს ‒ თიბისი ლიზინგის სამეთვალყურეო საბჭოს და თბილისისა და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. თუმცა, როგორც მიმხელს, მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების გზა აქ არ მთავრდება. წინ ჰარვარდი და ახალი პროგრამაა, რომელსაც მარტიდან შეუდგება.
თიბისი კაპიტალს დღეს ორი მთავარი საზრუნავი აქვს ‒ როგორ განავითაროს კაპიტალის ბაზარი და როგორ უპასუხოს იმ საჭიროებებს, რაც კონკრეტულად მის კლიენტებს აქვთ.
მერი ჩაჩანიძეც, როგორც თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი, აქტიურად მუშაობს როგორც მთავრობასთან, ასევე ‒ ეროვნულ ბანკთან იმისთვის, რომ შემუშავდეს და განხორციელდეს კაპიტალის ბაზრის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და მომხმარებლებისთვის დანაზოგის დივერსიფიცირების ახალი გზები შეიქმნას.
საუბარს წლის შეჯამებით ვიწყებთ, სადაც თვალშისაცემია რეკორდული რაოდენობით განთავსებული ფასიანი ქაღალდები.
რატომ ჩაითვალა, რომ სწორი დროა ასეთი ტიპის განთავსებისთვის და ზოგადად, როგორი საქმიანი წელი ჰქონდა თიბისი კაპიტალს?
ეს წელი ნამდვილად რეკორდული იყო, რადგან თიბისი კაპიტალის დახმარებით, ქართულმა კომპანიებმა თითქმის 4 მილიარდის ობლიგაციები გამოუშვეს, რაც როგორც თიბისი კაპიტალის წლიური განთავსებებისთვის, ისე ჯამურად საქართველოსთვის, რეკორდული აღმოჩნდა.
აქედან სამი ევროობლიგაცია სახელმწიფო, რკინიგზისა და თიბისი ბანკის ევროობლიგაცია იყო, რომელიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე დაილისტა; იყო ადგილობრივი განთავსებები ‒ როგორც კერძო კომპანიების მხრიდან ‒ მაგალითად, „ნიკორა“ და „ლისი დეველოპმენტი“, რომელიც საჯარო იყო და კიდევ ერთი არასაჯარო ტრანზაქცია. გვქონდა IFI ბონდებიც ‒ FMO-სა და EBRD-ის ჯამში სამი ტრანზაქცია.
ზოგადი ტრენდი ამ მიმართულებით ძალიან დამაიმედებელია: ეკონომიკა წინ მიდის, კომპანიები სულ უფრო ტრანსპარანტული ხდებიან, კორპორაციული მართვის სტანდარტები მაღლდება ‒ ესეც მნიშვნელოვანი და განუყოფელი წინაპირობაა იმისთვის, რომ კომპანიამ საჯარო ფასიანი ინსტრუმენტის გამოშვება შეძლოს.
უფრო გლობალურად რომ შევხედოთ, პანდემიის შედეგად, საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც კარგი მოტივაცია გახდა კომპანიებისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ და დაბალი საპროცენტო განაკვეთებიდან მაღალი სარგებელი მიიღონ.
მაგალითად, რკინიგზის ევროობლიგაცია უპრეცედენტო იყო ‒ მოთხოვნა 8-ჯერ აღემატებოდა განთავსების ზომას და იმ მომენტისთვის, მთელს რეგიონში, ამ სექტორში ყველაზე დაბალი კუპონი დაფიქსირდა. ეს ერთი მხრივ, ძალიან სასიხარულოა და მეორე მხრივ და რაც ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბენეფიტურია თავად კომპანიისთვის, რომელიც იმცირებს საპროცენტო ხარჯს, რაც მომავალში, მის მომგებიანობაზე აუცილებლად დადებითად აისახება.
სახელმწიფო ევროობლიგაციის შემთხვევაშიც, განთავსება გაცილებით დაბალი პროცენტით მოხდა, ვიდრე ვთქვათ, 10 წლის წინ.
რა ხდება დღეს ინვესტიციების თვალსაზრისით? ბოლო წლების ტრენდი აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება და ქვეყანაში არც ახალი ინვესტორები ჩანან.
პანდემიის უარყოფითი გავლენა სწორედ საინვესტიციო გარემოზე აისახა. ეს ლოგიკურიც არის, რადგან კრიზისისას, პირველ რიგში, საინვესტიციო მოთხოვნა მცირდება, რის აღდგენასაც შედარებით მეტი დრო სჭირდება.
საინვესტიციო აქტივობის ვარდნა ჩანს როგორც მაკროეკონომიკურ მაჩვენებელში, როგორიცაა ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან, ასევე საბანკო დაკრედიტებაში ‒ სადაც ჯერ კიდევ ძირითადი მოთხოვნა საბრუნავ საშუალებებზეა.
იგივე ტენდენციაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივაც. კერძოდ, 2020 წელს შემცირდა როგორც რეინვესტირებული შემოსავლები, ასევე სააქციო კაპიტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. წელს 2020 წელთან შედარებით, რეინვესტირებული შემოსავლის მხრივ უკეთესი სურათია, რაც ძირითადად კომპანიების მომგებიანობის გაუმჯობესებას უკავშირდება.
თუმცა, ახალი ინვესტიციების შემოდინების კუთხით მაჩვენებელი ჯერ ისევ დაბალია. მაგალითად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, სააქციო კაპიტალში მხოლოდ 16 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, როცა იგივე პერიოდში 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 268 მილიონი დოლარი იყო.
ამდენად, საინვესტიციო აქტივობის მატერიალურ ზრდას უფრო მეტად მომავალ წელს უნდა ველოდოთ. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ეკონომიკის სწრაფი, ე. წ. გადატვირთვა, როდესაც წელს რეალური მშპ-ის ზრდა ჩვენი შეფასებით 10.8% იქნება.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ პანდემია არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ვარდნის მიზეზი. ეს პროცესი პანდემიამდე გაცილებით ადრეა დაწყებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ინვესტიციების ნაწილში კონკურენცია გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს იყო თუნდაც 2019 წელს, რადგან ყველა ქვეყნისთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხაზი მათ შორის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზეც გადის. რას აქვს მნიშვნელობა ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვისთვის?
ძალიან ბევრი ფაქტორია და მათზე გამუდმებით ვსაუბრობთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ინვესტორს სჭირდება – ეს არის სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ზრდის მაღალი პოტენციალი. ეს ბევრ ქვეპუნქტად შეიძლება ჩაიშალოს – მაგალითად, მათ შორის, კანონის უზენაესობის თვალსაზრისითაც – მაგრამ ზოგადი ღერძი არის ეს: ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ გარემო გამჭვირვალეა და საკუთრების უფლება იქნება დაცული; ასევე, იცოდეს რომელ ბაზარზე მოდის და სიურპრიზებს არ უნდა ელოდოს და რისკების შეფასების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს; ბაზარს უნდა ჰქონდეს ზრდისა და განვითარების პოტენციალი.
საერთაშორისო რეიტინგები რამდენად ასახავს ამ ზოგად ღერძს და რა როლს თამაშობს ინვესტიციების მოზიდვის პროცესში?
საერთაშორისო რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს. ამ პროცესში ის რამდენიმე კომპონენტს აფასებს – მათ შორის, რამდენად მარტივია ბიზნესის დაწყება. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მთავარი მამოტივირებელი.
ასევე მნიშვნელოვანია საკრედიტო რეიტინგი. ეს არის რეპუტაბელური მესამე მხარის დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასება, თუ როგორია ქვეყნის თუ კორპორაციის საკრედიტო რისკიანობა.
საკრედიტო რეიტინგები ინვესტორს კარნახობს, რამდენად რისკიანია კონკრეტულ ქვეყანაში თუ კომპანიაში თანხის ჩადება. ინვესტორები საკრედიტო რეიტინგს მნიშვნელოვნად ითვალისწინებენ.
2005-2007 წლებში საქართველოს რეიტინგი წამყვანი სარეიტინგო კომპანიების მიერ “B+”-ით იყო განსაზღვრული. მას შემდეგ, ჩვენი რეიტინგი 2 საფეხურით გაუმჯობესდა და ახლა “BB”-ს ვფლობთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მიუხედავად, არცერთმა სარეიტინგო კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი არ გაგვიუარესა. 3 მთავარი კომპანიიდან, “Moody’s”-მა უცვლელად დატოვა, დანარჩენებმა კი მხოლოდ პერსპექტივა შეცვალეს – სტანდარტულიდან ნეგატიურზე. “Fitch”-მა უკვე დაგვიბრუნა სტაბილური პერსპექტივის შეფასება. ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ფონზე, საკრედიტო რეიტინგიც თანდათან უნდა გაგვიუმჯობესდეს. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო რეიტინგის მიღწევამდე 2 საფეხური გვაშორებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ინვესტიციების დივერსიფიცირება და რა არის ის ალტერნატივები, რასაც უშუალოდ თიბისი კაპიტალი სთავაზობს თავის კლიენტებს?
ვხედავთ, რომ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად მცირდება – თუ ავიღებთ გასაშუალებულ მაჩვენებელს, ბოლო 15 წლის განმავლობაში, თითქმის 4.5%-ითაა ვალუტაში დეპოზიტებზე განაკვეთები შემცირებული, ამიტომ თიბისი კაპიტალში მომხმარებელს ვთავაზობთ დანაზოგის მართვის განსხვავებულ გზას და ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს.
ამ მიმართულებით კომპლექსური შეთავაზების მომზადებას ვცდილობთ. წელს ბევრი კარგი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ჩვენს კლიენტებს მივეცით შესაძლებლობა კომერციული უძრავი ქონება შეეძინათ და საკმაოდ კარგი შემოსავალი მიეღოთ თავიანთ დანაზოგებზე, მაგრამ აქტივების მართვის შესახებ ნებისმიერ სახელმძღვანელოს რომ ჩავხედოთ, უცებ მივხვდებით, რომ დივერსიფიცირება აუცილებელია. ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩადო – უნდა დაანაწილო, რომ საბოლოო ჯამში შენს დანაზოგებზე რისკის და მომგებიანობის კარგი კომბინაცია გქონდეს.
ამიტომ, 2022 წლის დასაწყისიდან ჩვენი კლიენტებისთვის ორი ახალი მსხვილი შეთავაზება გვექნება. პირველ რიგში, ეს არის კოლექტიური აქტივების მართვა: საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს ფონდების შესახებ კანონი მიიღო. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ კანონითა და ცვლილებებით გვესარგებლა და დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ აქტივების მმართველი კომპანია შეგვექმნა. ამ კომპანიის იდეაა, შევქმნათ სხვადასხვა სტრუქტურული პროდუქტი, რომელთაც სხვადასხვა ტიპის კლიენტების საჭიროებებს მოვარგებთ. კოლექტიური აქტივების მართვა კარგად აპრობირებული პრაქტიკაა დასავლეთში და გვინდა საქართველოშიც დავიწყოთ მომხმარებლებისთვის მსგავსი პროდუქტის შეთავაზება და კიდევ ერთი ახალი ალტერნატივა შევქმნათ ინვესტირებისთვის.
გამოდის, თიბისისთვის ეს საერთოდ ახალი მიმართულება იქნება ‒ ასეა?
დიახ, თიბისისთვის ეს იქნება სრულიად ახალი მიმართულება.
სულ მალე კლიენტს დამატებით ალტერნატივად შევთავაზებთ ჩვენ მიერ შექმნილ სტრუქტურირებულ პროდუქტს, რომელიც რისკებს საკმაოდ საინტერესოდ დააზღვევს. ამონაგები კი უცხოურ ვალუტაში იქნება ნომინირებული, ვინაიდან, სამწუხაროდ, დღეს დანაზოგები ძირითადად უცხოურ ვალუტაშია.
მეორე მნიშვნელოვანი შეთავაზება, რომელსაც ვაუმჯობესებთ და კლიენტს უფრო საინტერესო გადაწყვეტას შევთავაზებთ, განახლებული საბროკერო პლატფორმა იქნება, რომლითაც კლიენტებს წვდომა ექნებათ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებთან.
ეს იქნება ციფრული ინფრასტრუქტურა – რომლითაც ანგარიშის გახსნიდან დაწყებული 60-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობით დამთავრებული, ჩვენ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდი შეიძინოს.
რამ გიბიძგათ ამ პლატფორმის შეთავაზებისკენ?
როგორც ბიზნესების, ასევე ინდივიდუალური პირების მხრიდან, გაზრდილია მოთხოვნა ინვესტიციის ალტერნატიულ საშუალებებსა და დანაზოგის უფრო ეფექტურად მართვაზე. გაზრდილ მოთხოვნას თიბისიში განახლებული სტრუქტურით შევხვდით – თიბისი კაპიტალთან ერთად, 1 წელია, რაც თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებასაც ვფარავ. შედეგად, კიდევ უფრო ნათლად დავინახე ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები და დანაზოგების დივერსიფიცირების აუცილებლობა. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ვფიქრობ, ძალიან პერსპექტიულია. მომავალში ადგილობრივი და საერთაშორისო ფასიანი ქაღალდებით და საერთაშორისო კომპანიებში ინვესტირებით, სულ უფრო მეტი ქართველი ინვესტორი დაინტერესდება.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითონ ბაზრის განვითარება და ასევე, ბაზარზე განათლების ამაღლებაც, სწორედ ამიტომ შევქმენით თიბისი კაპიტალში ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული ტრეიდინგის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს როგორც ჩვენი გაძლიერებული საბროკერო გუნდის მხარდაჭერას, ასევე პლატფორმაზე მუდმივად განახლებად ინფორმაციას.
სისტემაში ჩავაინტეგრირეთ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ტრანზაქციების შესრულების პროცესს გაუმარტივებს. ამასთანავე, მათ წვდომა ექნებათ წამყვანი ანალიტიკოსების ექსპერტულ ხედვაზე, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
პლატფორმა მოიცავს როგორც ვებ, ასევე მობილურ ვერსიებს, რაც ტრეიდინგის პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. პლატფორმა შეიქმნა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს დანაზოგი, სურს ამ დანაზოგის დივერსიფიცირება და ასევე, ფინანსური მიზნების მისაღწევად, საბანკო დეპოზიტებისა და გავრცელებული უძრავი ქონების გარდა, სხვა ალტერნატიულ პროდუქტებში ინვესტირებაც.
ახსენეთ, რომ საქართველოში დღეს განსაკუთრებით მიმზიდველია ობლიგაციების ბაზარი ‒ როგორია განვითარების დინამიკა ამ კუთხით?
ბაზრის განვითარებას ორი მხარე სჭირდება – ერთი მხრივ ემიტენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდის გამოშვებას აკეთებს და მეორე მხრივ ინვესტორი, რომელიც ამ ფასიან ქაღალდს ყიდულობს. ინვესტორების მხარეს უფრო და უფრო მეტი მოთამაშე გვემატება. ლარის ობლიგაციებზე თუ 3-4 წლის წინ რამდენიმე ბანკი იღებდა განთავსებაში მონაწილეობას, ბოლო პერიოდში მომრავლდა ისეთი ტრანზაქციები, სადაც არა მხოლოდ 8-9 ბანკი, არამედ სხვა მოთამაშეებიც იღებენ მონაწილეობას და ინტერესი უფრო იზრდება.
კარგი ტენდენციები შეინიშნება ასევე ფიზიკური პირებისგან, ვინაიდან ნელ-ნელა ისინიც ხვდებიან, რომ დანაზოგის შენახვის ერთადერთი ალტერნატივა დეპოზიტი აღარ არის.
დღესდღეობით ამ ტრენდს სხვა განვითარებად ან განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ჩამოვრჩებით: საქართველოში ოჯახების ჯამური დანაზოგის 94% თითქმის ისევ საბანკო დეპოზიტებზე ინახება და მხოლოდ 6% – ფასიანი ქაღალდების სხვადასხვა პროდუქტში – იქნება ეს ობლიგაციები, თუ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები მაშინ, როდესაც თურქეთში ეს მაჩვენებელი 24%-ია, საბერძნეთში – 33%, რუსეთში – 39% – რომ აღარაფერი ვთქვათ, განვითარებულ ბაზრებზე, სადაც, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ეს მაჩვენებელი 76%-ია, ამერიკაში კი – 87%.
თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოშიც თუ აქამდე დანაზოგის შენახვის ძირითადი პროდუქტი საბანკო დეპოზიტები და უძრავი ქონება იყო; დღეს უკვე ხალხი აქტიურად ინტერესდება სხვა ალტერნატივებით – ძირითადად, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით. ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვზრუნავთ, რომ კლიენტებს ახალ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტები შევთავაზოთ.
კვლევის მიმართულება თიბისი კაპიტალისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც მაკროეკონომიკურ ანალიზს, ასევე ჩვენს პროგნოზებსა და შეფასებებს, რომლებიც კლიენტებს ეხმარებათ, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ასევე, გვაქვს სექტორული ანალიზები და სწრაფი განახლებებიც. 2021 წლის ზაფხულიდან კი გლობალური კაპიტალის ბაზრის ანალიზის გამოქვეყნება დავიწყეთ, რაც ჩვენს მომხმარებელს ეხმარება გლობალური ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმირებული იყოს და უცხოურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებაზე გადაწყვეტილება სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობით მიიღოს.
მოლოდინებით შევაჯამოთ ჩვენი საუბარი: რას ელოდებით, გაიზრდება ინვესტიციები და კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებზე მოთხოვნა 2022 წლიდან?
2022 წელს საქართველოს რეალური მშპ-ის 5.5%-იან ზრდას ველოდებით. წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, ძალიან მცირე აღდგენა ვნახეთ. ვფიქრობთ, მომავალში, როდესაც პანდემია დაიძლევა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში, თუკი გარემო და შიდა ფაქტორები ხელს არ შეგვიშლის – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ბევრად უკეთესი სურათი გვექნება.
უშუალოდ ბაზრის ქცევას რაც შეეხება – კერძო და ფიზიკური პირი ინვესტორების მხრიდან ინტერესი კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების მიმართ გაღრმავდება და ველოდებით, რომ შემდეგი წლების განმავლობაში, ბაზარი ყოველწლიურად ნახტომისებრად, რამდენჯერმე გაიზრდება.
რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციების ბაზარი ძალიან დინამიურად ვითარდება, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჯამურად კაპიტალის ბაზარიც იგივე ტემპით განვითარდეს: IMF-ის ანგარიშებს თუ ჩავხედავთ, 2007-2018 წლებში საქართველოში საბანკო სექტორის განვითარებამ 131 ადგილიდან 54 ადგილზე გადაინაცვლა – კაპიტალის ბაზრის განვითარების მხრივ კი საპირისპირო ტენდენცია გვაქვს: 101 ადგილიდან 114 ადგილზე ჩამოქვეითდა.
საბანკო სექტორი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია – მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებაც. ემპირიული ანალიზი გვიჩვენებს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების მაჩვენებელი პირდაპირ კორელირებს მშპ-ის ზრდასთან.
კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს დადებითი ეფექტები, როგორც ემიტენტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. იზრდება კაპიტალის ალოკაციის ეფექტურობა, რისკების უკეთ დაბალანსება ხდება. იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარი განვითარდეს, ყველა მხარემ – ბაზრის ყველა მოთამაშემ, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ სწორი სტრატეგია შემუშავდეს და შემდეგ – განხორციელდეს.