უეფამ ჩემპიონთა ლიგის თამაშების განახლებული განრიგი და დაზუსტებული წესები გამოაქვეყნა. ჩემპიონატის ფინალური თამაში 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე პორტუგალიაში, ლისაბონის „და ლუჟზე“ გაიმართება.
ჩემპიონატის მეოთხედფინალის, ნახევარფინალებისა და ფინალური მატჩები პლეი-ოფის პრინციპით ჩატარდება. ყველა აღნიშნული თამაში 12-23 აგვისტოს ლისაბონში „და ლუჟისა“ და „ჯოზე ალვალდეს“ სტადიონებზე გაიმართება.
რაც შეეხება პანდემიის მიზეზით გადავადებულ მერვედფინალურ მატჩებს, ისინი 7-8 აგვისტოს გაიმართება. აღნიშნული თამაშების ჩატარების ლოკაციაზე გადაწყვეტილება უეფას ჯერ არ მიუღია.
ჩემპიონატის ზუსტი კალენდარი 10 ივლისისთვის გამოქვეყნდება, სწორედ ამ დროს გაიმართება მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების წილისყრა.
ამ მომენტისთვის, მეოთხედფინალში თამაში განაღდებული აქვთ: „პარი სენ-ჟერმენს“, „ატლეტიკოს“, „ატალანტასა“ და „ლაიპციგს“.
თავდაპირველი გეგმით 2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური თამაში სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. უეფას გადაწყვეტილებით, სტამბოლის ათა თურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშს 2021 წელს უმასპინძლებს.