ჩინეთი მუსლიმი პოპულაციის შემცირებაზე ორიენტირებულ კამპანიაში ჩაერთო. Associated Press-ის გამოძიებით, ქვეყნის მთავრობა უიღურ ქალებსა და სხვა უმცირესობებს შობადობის გაკონტროლებას აიძულებს.
კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის შემცირებას უმცირესობების ხარჯზე. მეორე მხრივ, ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენლებს მთავრობა, უკვე 4 წელია, მეტი შვილის ყოლისკენ მოუწოდებს.
უმცირესობების დაკავების ბანაკების ყოფილ წევრებთან ინტერვიუების, სახელმწიფო დოკუმენტებისა და სამთავრობო სტატისტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შობადობის შემცირების მცდელობა ბევრად უფრო ხშირი და სისტემურია, ვიდრე აქამდე. საგამოძიებო დასკვნის თანახმად, ოფიციალური პირები რეგულარულად ითხოვენ უმცირესობის წარმომადგენელი ქალების შემოწმებას ორსულობის დასადგენად, ინტრაუტერიული მოწყობილობებისა (IUDs) და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების გამოყენებას, სტერილიზაციასა და აბორტსაც კი.
უიღურები ჩინეთში მცხოვრები მუსლიმი ეთნიკური ჯგუფია, რომლებიც თურქულ ენაზე საუბრობენ. ბევრი შვილის ყოლა მათი უმცირესობების დაკავების ბანაკებში გაგზავნის ძირითადი მიზეზია. ასეთი ოჯახები ვერ იხდიან გადასახადებს, ამიტომ პოლიცია რეგულარულად ეძებს ოჯახში დამალულ ბავშვებს და ბანაკებში მიჰყავს.
გულნარ ომირზაყი ჩინეთში დაბადებული კაზაკია, რომელიც AP-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მთავრობამ მისგან მოითხოვა ინტრაუტერიული მოწყობილობის გამოყენება, მას შემდეგ, რაც მესამე შვილი გაუჩნდა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ მის სახლში სამხედრო შენიღბვის 4 ოფიციალური წარმომადგენელი მივიდა და ორზე მეტი შვილის ყოლისთვის $2685-ის გადახდა მოსთხოვეს სამი დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ საპატიმრო ბანაკში გაგზავნით სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად.
ამ და სხვა ინტერვიუებიდან ჩანს, რომ კამპანიამ წარმატებით შექმნა შიშის ატმოსფერო და შედეგად, 2015 წლიდან 2018 წლამდე უიღურის რეგიონებში შობადობა 60%-ით შემცირდა, მაშინ. როდესაც ქვეყნის საერთო შობადობამ მხოლოდ 4.2%-ით დაიკლო.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სისტემა ჰქონდა უმცირესობების უფლებების დასაცავად. უიღურები და სხვა ეთნიკური ჯგუფები შეღავათს იღებდნენ კოლეჯში ჩარიცხვისას, სამთავრობო თანამდებობებზე მათთვის კვოტები იყო გამოყოფილი და შობადობის გაკონტროლების შეზღუდვებიც ნაკლებად ეხებოდათ. მათი პრივილეგიები უკმაყოფილებას იწვევდა ჩინელი უმრავლესობის, ხანების წარმომადგენლებში, რომლებზეც „ერთი ბავშვის პოლიტიკის“ არსებობის დროს მრავალი შეზღუდვა ვრცელდებოდა. თუმცა ჩინეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ამ პოლიტიკის რადიკალური ცვლილება გადაწყვიტა.
ექსპერტები ჩინეთის შორეულ დასავლეთში დაწყებულ კამპანიას „დემოგრაფიულ გენოციდად“ მოიხსენიებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ უიღურების დანარჩენ მოსახლეობასთან ასიმილაციის საშიშროებასთან დაკავშირებით.
„ეს არის არა დაუყოვნებელი, შოკისმომგვრელი და მასობრივი ტიპის, არამედ ნელი, მტკივნეული და მცოცავი გენოციდი – უიღური მოსახლეობის გენეტიკის შემცირებაზე პირდაპირ მიმართული ქმედება“, – აცხადებს ჯოან სმიტ ფინლი, ჩინეთის ექსპერტი ნიუქასლის უნივერსიტეტიდან.