დეტალებში გაცოცხლებული ისტორია | ინტერვიუ ნინო ჩხარტიშვილთან

„ხატვის პროცესში იმდენად ვერთვებოდი, რომ დროის შეგრძნებას ვკარგავდი. აქ შემეძლო ჩემი სამყარო შემექმნა. ზოგადად, ფერწერის და ხელოვნების სიყვარულმა განაპირობა ჩემი ახლანდელი პროფესიაც. ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა შენობა ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა. მრავალი პროფესიიდან, არქიტექტურა ის ერთ-ერთია, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ გარემო უკეთესი გახადონ და თავიანთი საცხოვრებელი სივრცე ისე მოაწყონ, რომ არც ადამიანები დავზარალდეთ და არც ბუნება. ვფიქრობ, რომ არქიტექტურა ნამდვილად ემსახურება კეთილშობილურ და საკმაოდ მნიშვნელოვან მიზნებს, სწორედ ამიტომ, ჩემი პროფესია ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს; თუმცა შედეგი, რომელიც უამრავი ადამიანისთვის სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდის მომტანია, ყოველგვარ სირთულესა და სტრესს აკომპენსირებს“. – ნინო ჩხარტიშვილი, არქიტექტორი.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რას საქმიანობთ თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე?

ჩემი ყოველდღიური რუტინა ნამდვილად არ არის მარტივი. იქიდან გამომდინარე, რომ სამი შვილის დედა ვარ, ვცდილობ, სათანადო ყურადღება დავუთმო მათ, თუმცა ამასთან ერთად, ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზეც. გუნდი, რომელთან ერთადაც ახლა ვმუშაობ TIMM Architects-ში, ნამდვილად ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს ძალიან სასიამოვნოს ხდის.

ჩემი მეორე კომფორტის ზონა და ინსპირაციის წყარო კი „UnFound Door“-ია, რომლის არსებობაც ერთგვარად ოცნების ასრულებაც იყო ჩემთვის. აღმაშენებლის 111- ში ერთი საოცარი შენობაა, მომნუსხველი სადარბაზოთი, რომელიც პირველივე ნახვის დღიდან ჩემს დიდ ინტერესად იქცა.

ძალიან რთული პანდემიური პერიოდი დაგვემთხვა, მაგრამ მე, ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა, ძალიან დიდი შრომის ფასად მაინც შევძელით და შევქმენით სას­ტუმრო, რომელიც დღეს, ჩემი ყველაზე დიდი სტიმულია.

პროფესიიდან გამომდინარე, მშენებლობა და დიზაინი ჩემს თავზე ავიღე. მთელი გულით და მონდომებით შევეჭიდე ამ პროცესს, რადგან ორმაგი პასუხის­მგებლობა მქონდა დაკისრებული, როგორც ჩემი თავის, ისე ჩვენი პარტნიორების წინაშე. გამოვიდა, ნამდვილად გამოვიდა!

როგორია ამ შენობის ისტორია?

„UnFound Door“-ს სხვა შენობებისგან უნიკალური მხატვრობით შემკული სადარბაზო გამოარჩევს. აღსა­ნიშნავია, რომ მსგავსი მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა და შესაბამისად, მე-19 საუკუნის სადარბაზოების ინტერიერის გაფორმების ეს სტილი ღირებულია არა მარტო ქართული, არამედ, ზოგადად, ევროპული კულტურისათვისაც. მიუხედავად იმისა, რომ შენობამ დღევანდელ დღემდე, სახეცვლილმა და დაღდასმულმა მოაღწია, ვიზიტორების აღფრთოვანებას მაინც ახერხებს. სადარბაზოს კარის შეღებისთანავე მნახველის გაოცებას იწვევს საოცარი ფერწერა, რომელიც ბაროკოს სტილშია შესრულებული.

რა იყო თქვენი შთაგონების წყარო UnFound Door-ის დიზაინზე მუშაობისას?

ჩემი შთაგონება სწორედ სადარბაზოს უნიკალური მხატვრობა აღმოჩნდა. ეს შენობაც ადამიანის უგუნურების მსხვერპლი გახდა. ჩემი მიზანი იყო ამ სივრცეში მოხვედრილ ყველა ადამიანს შეძლებოდა გაეზიარებინა გარკვეულ დროსა და სივრცეში მომხდარი ამბები, ემოგზაურა წარსულში და სიამოვნება მიეღო აწმყოთი. მსურდა, რომ შენობის ყველა კარი აღმოუჩენელი ყოფილიყო.

როგორი ტიპის სტუმრებისთვისაა გათვლილი „UnFounnd Door“?

ყველანაირი ტიპის სტუმარზე, როგორც ქართველებზე, ისე უცხოელებზე. ჩვენთან ხშირია სხვადასხვა ტიპის კომერციული ფოტოსესიებიც. სერვისი, რომელსაც სტუმარი ღებულობს ჩვენს სასტუმროში, მაქსიმალურად მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებსა და უპირატესობებზე. თავად გარემო და ასევე მომსახურე პერსონალი კი ორიენტირებულია სტუმრისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისათვის.

რა განსაკუთრებულ დეტალებს აღმოაჩენენ სტუმრები თქვენს სასტუმროში?

საცხოვრებელ სივრცეში შევინარჩუნეთ და აღვადგინეთ ყველა შესაძლო დეტალი. შენარჩუნდა და რესტავრაცია ჩაუტარდა ყველა არსებულ ხის კარ-ფანჯარას და მუხის იატაკს. გაიწმინდა და ადგილზე დაბრუნდა კედელზე არსებული ყველა ღუმელის ლითონის ელემენტი. შუშაბანდისა და კარ-ფანჯრების ლითონის ჩამკეტების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შენარჩუნებული, რომელთა მიხედვითაც დავამზადებინეთ ანალოგიური ჩამკეტები. ფუნქცია და სახე დავუბრუნეთ ლომის ფეხებზე დაყრდნობილ თუჯის აბაზანას, რომელიც დაგვხვდა არსებულ საცხოვრებელ სახლში. სწორედ ამ ყველა სიძველის სინთეზი თანამედროვე დიზაინის ელემენტებთან განსაკუთრებულს ხდის ჩვენს სივრცეს. აღსანიშნავია, რომ ოთახებს ძალიან საინტერესო სახელწოდებები აქვთ და არ გვხვდება სტანდარტული ნუმერაცია. ვინაიდან თავდაპირველად 7 ოთახი გვქონდა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კონცეფცია, რომელიც ჩვენს ოთახებს სამყაროს შექმნის კანონზომიერებასთან დააკავშირებდა და ეს სწორედ მათ სახელებში გამოგვეხატა. ჩვენთან შეხვდებით ღამის და დღის, ცის და ზღვის ოთახებს. ხშირია, როდესაც სტუმრები სხვა ნომრებითაც ინტერესდებიან და სურვილი აქვთ ნახონ ყველა განსხვავებული ტიპის ოთახი.

თქვენ რა გიყვართ ყველაზე მეტად ამ ადგილში?

ჩვენი სივრცე საკმაოდ კომპლექსურია; აქ მოხვედრილ ადამიანს შეუძლია გაიზიაროს გარკვეულ დროსა და სივრცეში მომხდარი ამბები, იმოგზაუროს წარსულში და ისიამოვნოს კომფორტულ გარემოში. ამასთან, საკუთარი ფანტაზიით დაამატოს მოგონებას გარკვეული ფერი ან, თუნდაც მოვლენა, რომელიც გამოცდილებას მისთვის მეტად შთამბეჭდავს გახდის. ვფიქრობ, საკმარისად არის დატოვებული ფანტაზიისთვის თავისუფალი სივრცე და ამით სასტუმრო ინდივიდუალურ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა სტუმარზე.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

იქიდან გამომდინარე, რომ სადარბაზოს უნიკალური მხატვრობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ის სასწრაფოდ საჭიროებს აღდგენა-რეაბილიტაციას, რათა მთლიანად არ დაიკარგოს ეს სიმდიდრე. პროცესი ძალიან ძვირადღირებულია, ამიტომ გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა მერიასთან და ადგილობრივ გამგეობასთან. მომხმარებელთა ინტერესიდან გამომდინარე კი, ვგეგმავთ სასტუმროს ნომრების გაფართოებას, ასევე კაფეს გახსნას შენობის პირველ სართულზე.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თქვენს სფეროში ხედავენ თავიანთ მომავალს?

არქიტექტურა მუდმივად გინარჩუნებს ენთუზიაზმს, გეხმარება იზრუნო საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე და ნებისმიერ ასაკში აკეთო საინტერესო, სასარგებლო და საყვარელი საქმე. არქიტექტურის, როგორც პროფესიის ხიბლი იმაშიცაა, რომ შრომის შედეგი მალევე უკვალოდ კი არ ქრება, არამედ ათეული წლები მაინც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. მთავარია, საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივი მუშაობა და საქმისადმი პასუხისმგებლობით დამოკიდებულება, რის გარეშეც წარმოუდგენელია პროფესიული წინსვლა.

თქვენი აზრით, როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?

თუ ერთმანეთს მოტივაციას მივცემთ, დავეხმარებით და არ გავაქილიკებთ, კომპლიმენტს გავიმეტებთ ერთმანეთისთვის, ეს ერთგვარი მამოტივირებელი ფაქტორი იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის. რატომღაც საქართველოში ცუდის თქმა უფრო გამოგვდის ერთმანეთზე, ვიდრე კარგის, რაც წარმოუდგენლად ამახინჯებს ნებისმიერი ადამიანის აზროვნებას, ერთგვარი ნეგატიური ტალღა იქმნება და ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. „შენ ეს შეგიძლია“ – ამის ხშირად გამეორება ხომ ბევრად სასარგებლოა. ყველაფერი მიღწევადია! მთავარია, დავისახოთ მიზანი და მთელი გულით გვჯეროდეს ამის!