Pulsar AI ქართული ტექნოლოგიების ავანგარდში | ინტერვიუ სოფო ჭყოიძესთან

ბოლო ათწლეული ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის გამორჩეულია – სწორედ ამ დროს ჩნდება საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპები, ბევრი მათგანი წარმატებულად საქმიანობს, იზრდება მოზიდული ინვესტიციების მოცულობაც. წარმატების ახალ საფეხურზე გადასვლით კი Pulsar AI-მ ამ ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. მიმდინარე წლის მაისში ქართული სტარტაპი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა.

ყველაფერი 2016 წელს დაიწყო – Pulsar AI დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს, რამდენიმე თვეში მათ სოფო ჭყოიძე, მოგვიანებით კი ჯორჯ არისონი შეუერთდა. ინვესტორებთან მრავალი წარმატებული შეხვედრის, კომპანიის მუდმივი განვითარებისა და ზრდის ფინალური ეტაპი ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულის წარმატებული გარიგებით დასრულდა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

Forbes 30 Under 30-ის ტექნოლოგიების ნომინაციის გამარჯვებული სოფო ჭყოიძე Pulsar AI-ის ოპერაციული დირექტორი და თანადამფუძნებელია. კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში სწავლის პარალელურად იგი ციფრულ ანალიტიკოსად მუშაობდა Smartex-ში, შემდეგ იყო eMoney, სადაც სოფო თავიდან კომერციული მენეჯერი, შემდეგ კი კომერციული დირექტორი გახლდათ. სულაც არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ სოფოსთან ინტერვიუ ციფრულად ჩავწერეთ – Pulsar AI-ში თავის რამდენიმეწლიან გამოცდილებასა და სამომავლო ხედვებზე იგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვიყვება.

სოფო, როდის და როგორ გაჩნდა Pulsar AI-ის დაფუძნების იდეა და თავიდანვე გეგმავდა თუ არა გუნდი კომპანიის ამ მიმართულებით განვითარებას?

კომპანია პულსარი 2016 წლის მეორე ნახევარში დაჩიმ და ზაალმა დააფუძნეს. მათი სასაუბრო თემა ხშირად სწორედ ტექნოლოგიები იყო, რაც ხელოვნური ინტელექტის თემასაც მოიცავდა ხოლმე. ასე გაჩნდა Pulsar AI-ს იდეაც. მე კომპანიას რამდენიმე თვეში შევუერთდი, ზუსტად იმ მიზეზით რომ ჩვენი ხედვები ინოვაციური ტექნოლოგიების გარშემო თანხვედრაში იყო.

მკითხველისთვის რომ განვმარტოთ, რა არის და ვისთვის არის განკუთვნილი თქვენი ძირითადი სერვისი?

პულსარი ამ ეტაპზე ორ ბაზარზე ოპერირებს და განსხვავებულ პროდუქტს ქმნის ორივე ბაზრისთვის. ადგილობრივ ბაზარზე პულსარი არის კომპანია, რომელიც ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდას და ავტომატიზაციას. გუნდი მუშაობს ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. შევქმენით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქტი, მათ შორის: ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციის სერვისი, მედიამონიტორინგის თანამედროვე გადაწყვეტილება და ყველასთვის ნაცნობი ბოტები: თი ბოტი, ბი ბოტი, სუპერ ბი, სილქ. ბოტი და სხვა.

რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, 2019 წლიდან ვემსახურებით ავტომანქანების დილერებს მათი გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციაში, კერძოდ, ვქმნით Conversational AI-ის პლატფორმას ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე SMS-ით, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა – მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

დაფუძნების დღიდან მოყოლებული, ბევრი განსხვავებული ინვესტორი დააინტერესეთ – რა ხიბლავდათ მათ ყველაზე მეტად Pulsar AI-ში?

ინვესტორებთან კომუნიკაცია დავიწყეთ 2019 წელს, როდესაც ამერიკული ბაზრისთვის დავიწყეთ ფულადი სახსრების მოძიება.

2019 წელი ჩვენთვის, დაფინანსების მოძიების ძალიან წარმატებულ პირველ რაუნდთან ასოცირდება – მივიღეთ 1.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია სილიკონის ველის Angel ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდებისგან. ჩვენს ინვესტორთა სიაში არიან Ridge Ventures-ი, 122 West VC, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტები მაიკ მერფი და ჯიმ მესინა, Great Oaks VC, Ten Eighty Capital-ი და ა.შ.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რამაც განაპირობა ინვესტორების დაინტერესება იყო გუნდი, ხედვა და ბაზრის მასშტაბურობა. ჩვენი ერთად მუშაობის გამოცდილება და ერთად შექმნილი პროდუქტები ადასტურებდა იმას, თუ როგორ შეგვიძლია იდეა ვაქციოთ რეალურ პროდუქტად.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თქვენ კომპანიის საოპერაციო დირექტორი ხართ. ამ პოზიციაზე მუშაობისას, რა იყო ყველაზე რთული საქმე/პროცესი, რომელსაც უძღვებოდით?

ზაალს, დაჩის და ჩემ შორის ვფიქრობ, როლები საკმაოდ მკაფიოდ არის გადანაწილებული, როდესაც დაჩი კომპანიის ხედვას და სტრატეგიას ავითარებს და ზაალი ტექნოლოგიურ მიმართულებას უძღვება, ჩემი მიზანია ყველა ის ხედვა და მიმართულება, რაც კომპანიას აქვს დასახული, შესრულდეს ყველა პროცესის დაცვით. ვქმნი ერთგვარ ჯაჭვს, რომელიც აკავშირებს გუნდებს საერთო მიზნისკენ. ჩემს პოზიციაზე, ყველაზე დიდი სირთულე პროცესების გამართვა და შედეგამდე მისვლაა, რადგან წინასწარ არ არის ცნობილი, თუ როგორ სრულდება გარკვეული ეტაპები. გვიწევს ჩვენით მოვიფიქროთ ის გზები, რის საფუძველზეც ხდება პრობლემების გადაჭრა.

წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ძლიერი გუნდია. რა გამოარჩევთ თქვენს თანამშრომლებს და როგორია გუნდის მართვის თქვენეული ხედვა?

ჩვენი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, არის ის დამოკიდებულებები და განწყობა, რაც საქმის და ერთმანეთის მიმართ გვაქვს. გვამოძრავებს ერთიანი ხედვა და მიზანი, რომელიც წლების მანძილზე უფრო იხვეწება და ვითარდება. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის მიღწევები, რაც პულსარის გუნდს აქვს. მთავარი ხედვა არის კომპანიის ზრდასთან ერთად ძირითადი მიმართულებების იდენტიფიცირება და გამიჯვნა.

უნდა ველოდეთ ახალ სერვისებს ან ტექნოლოგიებს?

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია დავძლიოთ არსებულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გამოწვევები და გავზარდოთ ეფექტურობა უკეთესი ბიზნეს-შედეგების მოსატანად ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის დილერებისთვის. ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი პლატფორმის გაფართოება ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ უახლესი ამბავიც – Pulsar AI ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანია SpinCar-მა შეიძინა. რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდა ამ შესყიდვის შედეგად?

პულსარის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება „სპინქარის“ ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტექ­ნოლოგიების ინტეგრირება მოხდება სპინქარის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას სპინქარის გუნდთან ერთად.

თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება Pulsar AI მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და რა იქნება თქვენი როლი ამ პროცესში?

თვითონ ინდუსტრია იმდენად მზარდია, რომ მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, საკმაოდ სწრაფად იცვლება გარემოებები, რის გარშემოც გვიწევს ჩვენ ადაპტაცია, ამიტომ კონკრეტული 5 წლიანი გეგმა არ გვაქვს. თუმცა, გვაქვს მოკლევადიანი სტრატეგია, რის საფუძველზეც ვავითარებთ პროდუქტს და ტექნოლოგიას.

თქვენი მოლოდინით, კიდევ რომელი ქართული სტარტაპები მიაღწევენ მომავალში მსგავს მასშტაბებს?

იმედი მაქვს, რომ ეს სია არ იქნება სასრული, ვხედავთ სტარტაპებს, რომლებიც ბოლო დროს თვალსაჩინო ხდება გლობალური ბაზრისთვის. სწორი მიმართულება გვაქვს ქვეყანას აღებული და მიხარია, რომ სხვადასხვა აქსელერატორების და პროგრამების დახმარებით ხდება სტარტაპების სტიმულირება.

ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ Forbes-ის 30 Under 30-ზე. თქვენ 2019 წლის გამარჯვებული ხართ ტექნოლოგიების ნომინაციაში – რა შეცვალა ამ აღიარებამ თქვენთვის?

ძალიან სასიხარულო იყო ტექნოლოგიების ნომინაციაში ფორბსის მიერ ჩემი დასახელება, ეს არის ერთგვარი ვალიდაცია იმისა, რომ ის არჩევანი რაც მე ადრეულ ასაკში გავაკეთე სწორი და გამართლებული იყო

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.