საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაავრცელა.

გარდაცვლილი პაციენტი 79 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს და ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო.

„თქვენ იცით, რომ 31 მარტს ჩვენ კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოყვანილი იქნა კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვ-ინფექცია. ასევე, მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში მასთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში წონის მკვეთრი დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. მოგეხსენებათ, რომ ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ დღეს დილით, 9 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა“, – განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 156 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგანაც 28 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.