აპრილის თვეში ფულადი გზავნილები რეკორდულად შემცირდა

2020 წლის აპრილის თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულად, 42.3%-ით, შემცირდა და $79.1 მილიონი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს

საქართველოში გადმორიცხული ფულადი სახსრების უდიდესი ნაწილი – 89.6% – 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გზავნილების მოცულობა ყველა ამ ქვეყნიდან შემცირებულია.

საინტერესო ფაქტია, რომ გზავნილების 43.82%  ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის. აპრილის თვეში გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა იტალიიდან დაფიქსირდა და მისი მოცულობა ფულადი გზავნილების 16.9%-ს შეადგენს.

გზავნილების მოცულობა ყველაზე მეტად შემცირებულია რუსეთის ფედერაციიდან – 61.81%-ით; ესპანეთიდან – 60.42%-ით, საფრანგეთიდან – 51.38%-ით და ისრაელიდან – 48.41 პროცენტული პუნქტით. თითქმის სტაბილური იყო გერმანიიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა, მისი მოცულობა მხოლოდ 0.71 პროცენტითაა შემცირებული.

47.7%-ით  შემცირებულია 2020 წლის აპრილის თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაგზავნილი თანხის რაოდენობაც  და, შესაბამისად,  მისმა მოცულობამ 10 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.