COVID-19 კრიზისი ავიაციაში | თამუნა თანდაშვილის ოპ-ედი

ფოტო: ანა ბოკო

„Stay strong. We will get through this crisis and keep the world connected“ – Alexandre de Juniac, IATA’s DG & CEO.

ასეთი მესიჯი დაგვხვდა ავიატორებს იატას ვებგვერდზე გუშინ დილით. იატა ავიაციის სფეროში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა. International Air Transport Association ფაქტიურად ავიატორებისთვის ბიბლია, ყურანი თუ, რაც გენებოთ ის უწოდეთ, ყოველ დილით გლობალური ახალი ამბების მოსმენის შემდეგ, მთელი საავიაციო ინდუსტრია დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს პატივცემული ორგანიზაციის საინფორმაციო ველს. აქ ვიგებთ ყოველდღიურად, რა დაუჯდება საავიაციო ინდუსტრიას COVID-19-ის სახიფათო ვირუსი, როგორ უნდა გადავაწყოთ ბიზნესი ახალ რეალობაზე და რა ბედი ეწევა 25 მილიონ ადამიანზე მეტს… დიახ, 25 მილიონ ადამიანზე მეტია დღეისთვის დასაქმებული საავიაციო სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ციფრები, რიცხვები და სტატისტიკა ალბათ გლობუსის მოსახლეობას უკვე შიშის ზარს სცემს. თუმცა, ავიაცია სწორედ ის ბიზნეს სექტორია, რომელიც სწორებას ყოველთვის ციფრებზე აკეთებს, გადაწყვეტილებას ციფრების მიხედვით იღებს, პროგნოზებს ასევე მათემატიკურ ფორმულებზე ამყარებს და ბოლოს, ქმნის იმ ბრენდებს, რომელიც ციფრებს ადამიანურ საჭიროებებს უსადაგებს.

კორონავირუსის გავრცელებამ დედამიწის მასშტაბით ამოაყირავა ეს ციფრებზე დამყარებული ინდუსტრია და მთელი სფეროს პარალიზება მოახდინა. სფერო, სადაც გაერთიანებულნი არიან ავიაკომპანიები, საჰაერო ხომალდების მწარმოებლები, აეროპორტები, სანავიგაციო ოპერატორები, ქვეყნების საავიაციო მარეგულირებლები, ტურისტული სააგენტოები, პორტალები, სერვისებისა და პროდუქტების მწარმოებელი ციფრული ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიები და სხვა. სფერო, რომელიც დამაკავშირებელი და მამოძრავებელი ძალაა ქვეყნებს შორის და ხშირად განსაზღვრავს სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. საავიაციო ინდუსტრია პირდაპირ კავშირშია ტურიზმის სექტორთან და ქვეყნების შემოსავლების მაჩვენებლებზე დიდ გავლენას ახდენს. ტურიზმისა და ავიაციის როლი თვალსაჩინოდ ჩანს ჩვენი საინტერესო ქვეყნის მაგალითზეც. საქართველოში, ბოლო ხუთი წლის მიღწევებით მოსახლეობა იმედის თვალით უყურებდა შემოსავლებს ტურიზმიდან, რაც პირდაპირ კავშირშია საავიაციო ინდუსტრიის გამართულ მუშაობასთან.

ისევ ციფრებს ვუბრუნდები, ამ ბლოგში მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე, მგზავრების ემოციურ კავშირზე და სხვადასხვა ავიაბრენდების თავისებურებებზე არ ვისაუბრებთ, ინდუსტრიას არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი კრიზისი აქვს და ამ კრიზისს COVID-19, გლობალური პანდემია ჰქვია. პანდემიამ 85%- ით შეამცირა სფეროს ფუნქციონირება და კილომეტრებზე გადაჭიმული აეროპორტები საჰაერო ხომალდების სასაკლაოდ აქცია. საზარელი სანახავია თავმომწონე ლაინერები ასე უძრავ, მოლოდინის რეჟიმში.

ამ უძრავ, მოლოდინით სავსე კონდიციაზე ახლა ბრაიან ენოს „music for airports“ მახსენდება, ალბომი ემბიენტ ესთეტიკით შექმნილი აეროპორტის ფაციფუცის სასიამოვნო ჟღერადობისთვის. მუსიკოსმა მთელი მუსიკალური ალბომი შექმნა აეროპორტებისთვის, სხვათა შორის, მიკრო კრიზისში მოუვიდა ეს იდეა. კიოლნის აეროპორტში შეფერხდაო კრიტიკოსები ამბობენ და მოგვიანებით, ალბომის შექმნის ინსპირაცია სწორედ ამ კრიზისისას გაუჩნდაო.

ახლა სამყარო ბრაიან ენოს ამბიენტური, ფონური უძრაობით მიდის და უახლოეს დღეებში გადაწყდება მრავალწლიანი შრომის შედეგად შექმნილი ინდუსტრიის ბედი, ინდუსტრიისა, რომელმაც დღეისთვის უკვე 252 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა შარშანდელ წელთან შედარებით, ხოლო წლის ბოლომდე 314 მილიარდი დოლარით შემოსავლების შემცირებაა პროგნოზირებული. ამ ფინანსურ მარათონს, ექსპერტების აზრით, ბევრი ავიაკომპანია ვერ გაუძლებს და გაქრება რადარიდან. ბრძოლა იქნება უთანასწორო გადარჩენისთვის.

სამყარო თანხმდება, რომ ტრანსპორტის ეს სფერო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის და მისი ფუნქციონირებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის ჩადება მოუწევთ კონტინენტის ძლიერ თუ სუსტ ქვეყნებს.

გლობალურად, ფრენების რაოდენობა 80% – ით შემცირდა.

სახელოვანი ინსტიტუციები ქვეყნების მთავრობებს თვეზე მეტია მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საავიაციო ინდუსტრიის დასახმარებლად.

სხვა დროს თუ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და ღია ცის პრინციპის მიხედვით მთელი რიგი ქმედებები კანონდარღვევად და არარეკომენდებულად ითვლებოდა, ახლა პირდაპირ მიუთითებენ კრიზისის დაძლევის 3 ალტერნატიულ გზას, მთავრობებმა მოახდინონ სექტორის:

  • პირდაპირი სუბსიდირება
  • შეღავათიანი სესხის გაცემა
  • რეგულაციების შერბილება და მოსაკრებლების შემცირება

ასეთი განცხადებები ავიაკომპანიების ბიზნეს მოდელების ფორმირებაზე დიდ გავლენას მოახდენს. ბოლო პერიოდში დაბალბიუჯეტიან და სრული სერვისის მომწოდებელ ავიაკომპანიებს შორის ისედაც დიდი კონკურენცია გაიმართა, მიუხედავად სხვადასხვა ბიზნეს მოდელისა და მომხმარებელთა კლასიფიკაციისა. გასაგებია, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები უფრო სახალხო – მასპროდუქტად იქცა და სრულიად ახალი ტიპის მოგზაურთა სეგმენტი შექმნა. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტებიდან ავიაკომპანიების სუბსიდირების შემდეგ მოცემულობა შეიცვლება და შესაძლოა ჰიბრიდული მოდელები მივიღოთ.

პანდემიის დასრულება ავიაციის ავტომატურ ამუშავებას არ გულისხმობს. ეს არის ამ სფეროს ყველაზე დიდი გამოწვევა. ქვეყნები ფრენების განახლებას პანდემიის მიმდინარეობის მიხედვით განახორციელებენ. ერთიანად და ერთბაშად, ბუნებრივია, ყველა ავიაკომპანია ვერ დაიწყებს ოპერირებას. მეორე საკითხია, თუ ვირუსის გავრცელება და საშიშროება სწრაფად არ დასრულდება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდება. ადვილი მისახვედრია, რომ მოსახლეობას ნაკლებად ექნება ფინანსური სახსრები მოგზაურობისთვის. ექსპერტები 2 წელიწადს ვარაუდობენ, რა დროშიც ეტაპობრივად აღდგება ავიაციის სრულფასოვანი მუშაობა. თუმცა, დიდი ავიაკომპანიები უკვე აქტიურად მუშაობენ ბიზნეს-მოდელების შეცვლაზე. ექსპერტების აზრით, ავიამიმოსვლა ისეთი შეღავათიანი ვეღარ იქნება, რა ტენდენციაც ბოლო 6 წლის განმავლობაშიც შეინიშნებოდა და 20 ევროდ მსოფლიოს გარს ვერ შემოარტყამს კარგად გამოცდილი მოგზაურიც კი.

ფრენების აღდგენის დინამიკა ჯერ რეგიონალურ ფრენებს შეეხება და შემდეგ საერთაშორისოს. თურქეთის, რუსეთის თუ ამერიკისაგან განსხვავებით, საქართველოს დიდად მდიდარი შიდა ფრენების ქსელი არ აქვს. არც წელში გამართული, ტექნოლოგიურად განვითარებული სექტორი გვაქვს. ჩვენი ბაზარი რაოდენობრივად 98% უცხოური ავიაკომპანიებით არის გაჯერებული, თუმცა მოგზაურთა სტატისტიკაში ქართული ავიაკომპანიის ავიაგადაზიდვების სტატისტიკაც ცუდად არ გამოიყურება.

პანდემიის დაძლევის დროს, ადამიანების განწყობები ავიაკომპანიების ბრენდების მიმართ და მათი ქცევების ანალიზი პოსტკრიზისულ ეტაპზე იქნება უფრო ნათელი. რეპატრიაციული ფრენების ორგანიზება, კრიზისის დროს მგზავრებზე ზრუნვა, სატარიფო პოლიტიკა – ყველა ეს კომპონენტი დიდ როლს ითამაშებს მომავალში, ავიაკომპანიების წარმატების ინდიკაციაში.

დღეისთვის ყველაზე ღრმა და დეტალურ ანალიზს, პროგნოზს და ანალიტიკას გვთავაზობს იატა საკუთარ ვებ პორტალზე. „Stay strong. We will get through this crisis and keep the world connected.“ ეს სიტყვები ამ ძლევამოსილი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეკუთვნის.

14 აპრილს იატამ მედია ბრიფინგი გამართა COVID-19-ის საავიაციო კრიზისთან დაკავშირებით. თვით ორგანიზაციის ხელმძღვანელის მედია-ბრიფინგზე გავიგეთ, საავიაციო ინდუსტრია სად არის, რა რისკებზეა საუბარი და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებიც.

ინსპირაციული სიტყვებია…

მე დამაფიქრა ფორმამ, შინაარსმა და ოპტიმისტურმა ლაკონურმა კონტექსტმა.