ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ კოვიდინფიცირებულთათვის

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ექიმებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ექიმის კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, „ერთიანობის“ შემქმნელებმა (საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე, აჭარა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ვალერი ჩეხერია, ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ მენეჯერი – სანდრო კანდელაკი) ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შექმნეს.

პლატფორმა „კოვაიდერი“ ყველა კოვიდინფიცირებულს შესაძლებლობას მისცემს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიიღოს სრული ინფორმაცია, როგორც ვირუსის შესახებ, ასევე რჩევები და რეკომენდაციები. ყველა კითხვაზე, რომელიც გაუჩნდება მომხმარებელს, პასუხს მათთვის ცნობილი ექიმის – ბიძინა კულუმბეგოვისგან მიიღებს.

იმისთვის, რომ ინფიცირებულებმა რთული პერიოდი მარტივად გადაიტანონ, უნდა მოიძიონ ფეისბუქ გვერდი „კოვაიდერი“ და მესინჯერის საშუალებით მიჰყვნენ მოცემულ ბმულს:

  • რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში;
  • რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება;
  • სად ხდება PCR ტესტირება;
  • როგორია თვითიზოლაციის წესები;
  • რეკომენდაციები.

„ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეპიდსიტუაციამ დაგვანახა, რომ ექიმებზე მოთხოვნა და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გამოწვევაა. ამიტომ პლატფორმა „ერთიანობის“ შემქმნელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შეგვექმნა , რომელიც ინფიცირებულებს შეუმსუბუქებს მდგომარეობას. იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონოდა სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ამ პროცესში ჩართულობა ექიმ ბიძინა კულუბმეგოვს ვთხოვეთ. უმრავლეს შემთხვევაში, ვირუსს სახლის პირობებში ვებრძვით და სწორედ ეს პლატფორმა დაეხმარება ინფიცირებულებს მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა წარმართონ სწორად ვირუსთან ბრძოლა. ამ პლატფორმის საშუალებით ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ექიმის კონსულტაცია, რაც არსებულ ეპიდსიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება“ -განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

No Comments Yet

Comments are closed