„ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!“ | ვაქცინაციის საკომუნიკაციო სტრატეგიაში ეს მიდგომა არ გამოგვადგება

ამ სტატიის მკითხველებს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მოსახლეობის თითქმის მესამედს სჯერა, რომ კორონავირუსი 5G ინტერნეტით ვრცელდება და ის ხელოვნურად შექმნეს ვუჰანის ლაბორატორიაში (ზოგი აშშ-ს ლაბსაც ამბობს), რომელსაც ბილ გეიტსი გლობალური ვაქცინაციისთვის იყენებს. ეს კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევაში ამოვიკითხე. ვაქცინაზე მსჯელობას რომ გადაავლოთ თვალი კოვიდის ათასგვარ ფეისბუქ ჯგუფში, დეზინფორმაციის უფრო ფართო პალიტრას დაინახავთ: იმასაც კი გადავაწყდი, რომ ვაქცინაში ლუმინესცენტური გენია შეყვანილი და სიბნელეში შეიძლება “გავანათოთ”.

სოციალურ მედიას რომ მკაცრ საინფორმაციო დიეტაზე ვყავართ, ეს ალბათ ყველასთვის ნაცნობი ფაქტია: ფეისბუქის ალგორითმი ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ იმ ინფორმაციას გვაჩვენებს ნიუსფიდში, რაც მოგვწონებია, რომელიც ეთანხმება ჩვენს ინტერესებს და თვალსაზრისებს. ეს ერთი მხრივ, ონლაინ საერთო ინტერესების ჯგუფების შექმნას და კულტივირებას ემსახურება (online communities) და მეორე მხრივ, ზრდის მიჯაჭვულობას კონტენტის მიმართ. სამაგიეროდ, იწვევს მკვეთრ პოლარიზებას, რადგან სერიოზულად იფილტრება ალტერნატიული აზრი და ის რაც აღწევს, უკვე ჩვენი თვალთახედვის მიღმა რჩება. ამას ეწოდება სელექციური ყურადღება (selective reasoning), რაც ისედაც გვახასიათებს და მსგავსი საინფორმაციო დიეტა კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმას, რომ ვეძებო და “დავინახო” ის ინფორმაცია, რომელიც ჩემს უკვე არსებულ შეხედულებას ამყარებს.

ეს სერიოზული გამოწვევაა თანამედროვე სამყაროსთვის და მასთან ბრძოლას ნელ-ნელა, მაგრამ ვიწყებთ. მანამდე კი თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ისეთი შეხედულება ჩამოგვიყალიბდეს, რომელიც არ შეუწყობს ხელს ვაქცინაციის წარმატებას. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და გვაქვს სისუსტეები და ამავე დროს დარწმუნებულები ვართ, რომ მშვენივრად ვაზროვნებთ და გადასარევად ვაანალიზებთ ყველაფერს (ზედმეტი ოპტიმიზმი).

ავიღოთ მაგალითად რადიო გადაცემები, სადაც მოსახლეობას შეუძლია დარეკოს და გამოთქვას აზრი ისეთ რთულ კითხვებზე, როგორიცაა: NATO-ს გაფართოების პერსპექტივები ან რა უნდა გააკეთოს თურქეთმა სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად და ა.შ. თუ დაკვირვებიხართ, ამ გამოწვევებზე დიდი ენთუზიაზმით გვიზიარებენ თავიანთ “გამოსავალს” მოქალაქეები. ან მეორე მაგალითი: ამ ბოლო დროს ხომ ბევრი კარტოგრაფი გახდა და ისეთ დეტალებზე საუბრობს სხვადასხვა მასშტაბის რუკებზე, თითქოს, ბავშვობიდან ამ თემას ეწაფებოდნენ. აბა რა გასაკვირია, რომ უმეტესობას ძალიანაც „კარგად“ შეგვიძლია ავხსნათ რნმ ვაქცინის მექანიზმი, როგორ აღწევს დნმ-ში ან უჯრედში, საცეცებით ეწებება და თრგუნავს ვირუსის რეცეპტორს და მოქმედებს როგორ პრევენციის აგენტი თუ კონტრაგენტი(!).

ესე იგი, რაც უფრო მეტად გაქვთ ეჭვები ვაქცინის მიმართ, მით მეტი კონტენტი შემოგხვდებათ მსგავსი შინაარსის და თქვენს საწუხარს ან შიშებს კიდევ დაემატება ზემოთ ნახსენები ნაგავიც (5G, მანათობელი გენები და ა.შ.), რომლის უმეტესობასაც მიზანმიმართულად ქმნის და ავრცელებს რუსეთის ფედერაცია. თუ არ გჯერათ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში ნახეთ. თქვენ კი ომახიანად ჩადგებით იმ ადამიანთა რიგში, ვინც “კომპეტენტურად” ახსნის, რატომ არ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა. ისტორია აქ არ მთავრდება.

დეზინფორმაციას კიდევ ერთი მიზანი აქვს – საკითხის ისეთი ფორმულირება, რომელიც განწყობებს მნიშვნელოვნად შეცვლის, ე.წ. რეფრეიმინგი და ეს კარგად იციან კომუნიკაციის სპეციალისტებმა.

ნებისმიერ ქირურგიული ჩარევას, როგორც იცით, ახლავს თან გვერდითი მოვლენები, ფატალურიც კი. ახლა წარმოიდგინეთ ექიმი, რომელიც პაციენტს აწვდის ინფორმაციას ქირურგიულ მკურნალობაზე, რომელზეც ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თქვენი აზრით, როგორი იქნება ოპერაციის ჩატარების მომხრეთა სტატისტიკური მაჩვენებელი, თუკი ექიმი ეტყვის „ოპერაციის შემდეგ გადარჩენის შანსი 95%-ია“ და ამ შემთხვევაში: „ოპერაციის შემდეგ გარდაცვალების შანსი 5%-ია.“ ერთი და იგივე ფაქტი, სხვადასხვანაირი ფორმულირებით სრულიად სხვადასხვა შედეგზე გადის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეა ვაქცინაციის შემთხვევაშიც – მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი მეათიათასედ პროცენტში ვლინდება, ფორმულირების „ძალა“ უაღრესად დიდია. ვსაუბრობთ არა მილიონობით უპრობლემოდ აცრილ ადამიანზე, არამედ 6 გარდაცვალებაზე, საიდანაც 4-ს პლაცებო გაუკეთეს, 2 კი მხცოვან ასაკში იყო და არც კი მტკიცდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინასთან. *ყურადღება მიაქციეთ წყაროს წარმომავლობას – ისევ რუსეთის ფედერაცია.

ცხადია, დეზინფორმაციის გარდა, ადამიანებს სრულიად ლეგიტიმური კითხვები და ეჭვები აწუხებთ და მათზე პასუხი არ უნდა მივანდოთ მხოლოდ ინდივიდუალურ სიყოჩაღეს, გაარჩიოს დეზინფორმაცია და საღად შეხედოს მოზღვავებულ კომენტარებს და „კომპეტენტურ“ მოსაზრებებს. „ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“ მიდგომა აქ არ გამოგვადგება, რადგან ვაქცინაციის სწრაფად და ეფექტურად დასრულებაზე არის დამოკიდებული არამხოლოდ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, არამედ ეკონომიკის ამუშავება. ამ ლეგიტიმურ კითხვებზე მოსახლეობის ინფორმირებას, დარწმუნებული ვარ, ოფიციალური უწყებები და მედია კარგად გაართმევენ თავს. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სიკვდილის ყველაზე უცნაურ 5 მიზეზზე, რომელზეც ალბათ არც გიფიქრიათ. მაშ ასე, 5 ტოპ ქილერი უცნაური მიზეზი, აშშ, გასული ათი წლის სტატისტიკა:

  1. გარდაცვალება ბალახის საკრეჭ საყოფაცხოვრებო აპარატთან კონტაქტის გამო – 951 ფატალური შემთხვევა
  2. ხიდან ჩამოვარდნა – 1413 ფატალური შემთხვევა
  3. ორი ობიექტის(საგნის)  მიერ ადამიანის გაჭყლეტა – 1842 ფატალური შემთხვევა
  4. კუჭნაწლავის მოქმედების პრობლემები – გაუვალობა – 2167 ფატალური შემთხვევა
  5. საწოლიდან ჩამოვარდნა – 10,386 ფატალური შემთხვევა

„ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიიდან ვიგებთ, რომ აშშ-ში 12 იანვარს უკვე 9 მილიონ ადამიანისთვის გაუკეთებიათ ვაქცინა და მხოლოდ 29 შემთხვევაში დაფიქსირდება მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც მალევე აღმოიფხვრა. პროცენტსაც ალბათ უპრობლემოდ გამოიყვანთ და თუ ეს მოახერხეთ, თქვენ იმ ადამიანების რიცხვში ხართ, რომელზეც ნაკლებად მოქმედებს დეზინფორმაცია. ზემოთ აღნიშნული კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ტყუილ-მართლის გარჩევა განსაკუთრებით იმ ადამიანებს გამოსდით, რომლებიც რიცხვებთან ოდნავ მაინც „მეგობრობენ“, ანუ შეუძლიათ მარტივი არითმეტიკული ოპერაციების განხორციელება, როგორიცაა გამრავლება/გაყოფა, მიმატება/გამოკლება და პროცენტის გამოყვანა – ე.წ. numeracy skills. თურმე ეს უნარი პირდაპირ კავშირშია კრიტიკულ აზროვნებასთან და იმიტომ.

რადგან პროცენტის გამოყვანის ოპერაცია წარმატებით განახორციელეთ, ნახავდით, რომ ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა აცრილი მოსახლეობის ნულ მთელ სამ მეათიათასედ პროცენტში (0.0003%) გამოიკვეთა და მალევე მოგვარდა. შესაძლოა თუ არა თქვენც მოხვდეთ ამ 0. 0003%-ში გართულებების, კი – შეიძლება, თუმცა ამის შანსი მათემატიკური გათვლებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ხიდან ან საწოლიდან ჩამოვარდნით სიკვდილი.

და ბოლოს, კარგი ინფორმაციით მინდა დავასრულო:  ადამიანის დამოკიდებულება და შეხედულებები უმეტესწილად არ განსაზღვრავს მის ქცევას. ხშირად სულაც არ გვინდა ხოლმე და არც გვიფიქრია შოკოლადის ყიდვა, მაგრამ რადგან სალაროსთან დამიდეს ნაირნაირი პირის ჩასატკბარუნებლები, ნერწყვები წამომივიდა და მოლარეს გავუწოდე კმაყოფილი სახით. გავიკეთებთ თუ არა ვაქცინას, დიდწილად დამოკიდებული იქნება ლოჯისტიკაზე და ე.წ. ქცევაზე დაფუძნებულ კომუნიკაციაზე (behavioral insights): რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ტერიტორიულად და დროის თვალსაზრისით, ნაკლებ წვალებასთან და რიგებთან დაკავშირებულ და სხვა მსგავსი „ბანალური“ მეთოდები. ასე რომ, იმედიანად იყავით, 5G-მ არ დაგაბრკოლოთ.