დები ჩემიების უმაღლესი ხარისხი

ახალი თაობის, მუდმივად განახლებადი აპარატურა, ტექნოლოგიური მიღწევები, მიდგომები, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ადამიანებისთვის ღირებულის შესაქმნელად არის თავმოყრილი, აქ მთავარი ღირებულება ადამიანია – ეს სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენტოკლუბია“. ბრენდის უკან დები – ქეთევან, ირინა და მარინა ჩემიები დგანან. „დენტოკლუბში“ მოხვედრისთანავე მიხვდებით, რომ პაციენტის ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ერთნაირად ზრუნავენ. აქ ამისთვის ყველაფერია – უნიკალური სასტერილიზაციო სისტემები, უმაღლესი დონის ინფექციური კონტროლი, დეზინფექციის და ჰიგიენის უპრეცედენტო ზედამხედველობა, უნიკალური სადიაგნოსტიკო აპარატურა, დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფია Planmeca ProMax 3D ორთოპანტომოგრაფიისა და ვიზიოგრაფიის აპარატურა, უზუსტესი სამგანზომილებიანი დიაგნოსტიკა მინიმალური დასხივებით, რომელიც მორგებულია ბავშვთა და ორსულთა საჭიროებებზე, უნიკალური სტომატოლოგიური დანადგარები, აღდგენითი და ესთეტიკური სტომატოლოგიის ულტრა თანამედროვე აპარატურა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

უკვე 12 წელია, რაც სამი დის მიერ დაფუძნებული კომპანია, ისედაც საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე, ორი ფილიალით არის წარმოდგენილი და წლებია ლიდერობას არ თმობს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველოში მომავლის იმედი გაჩნდა, დები რუსეთიდან სამშობლოში 2005 წელს დაბრუნდნენ. მანამდე იყო ერთმანეთის მაგალითის გაზიარებით სტომატოლოგიური განათლების მიღება, ეს ის დროა, როცა რუსეთში სწავლა პრესტიჟულად ითვლებოდა, თუმცა დებს მაინც ერთი საერთო ოცნება ჰქონდათ – უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. ოცნება მალევე რეალობად ვერ იქცა, რთული 90-იანი წლების გამო, ამიტომაც იქ დარჩენა მოუწიათ, ეს დრო კი წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად გამოიყენეს. როგორც კი პირველი იმედი გაჩნდა, დები საქართველოში დაბრუნდნენ, კლინიკისთვის შესაბამისი ფართი შეიძინეს, დაიწყეს მისი სარემონტო სამუშაოები, თუმცა დაიწყო რუსული აგრესიაც, 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელმაც საქართველოში ბევრი რამ შეცვალა, შედეგად „დენტოკლუბის“ პირველი ფილიალის გახსნა 2010 წლამდე გადაიდო.

12 წლის წინ „დენტოკლუბის“ პირველი ფილიალი ყაზბეგის გამზ.14ა-ში გაიხსნა, აქ გენერალური დირექტორი ირინა ჩემიაა. კომპანიის ორივე ფილიალში მკურნალობა ერთნაირი სტანდარტითა და მოთხოვნებით, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალით ხდება, რაც მრავალწლიან შედეგებზეა გათვლილი და სრულად პირდაპირ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და გაიდლაინებს. „დენტოკლუბში“ ყველა კაბინეტი ინდივიდუალურია და პაციენტის მიღებამდე განსაკუთრებულ დამუშავებას ექვემდებარება. ზედაპირების დასამუშავებლად მხოლოდ ფრანგული უმაღლესი ხარისხის ხსნარები გამოიყენება.

„ჩვენი მიზანია პაციენტებს ისეთი მომსახურება გავუწიოთ, რაც არ იქნება დაკავშირებული განსაკუთრებულ ტკივილთან, უსიამოვნო შეგრძნებასთან. „დენტოკლუბის“ კონცეფცია მომხმარებლებისთვის სახლური გარემოს შექმნაა, იქ სადაც მისვლა უხარიათ, სწორედ ასე გამოიყურება ყაზბეგის ფილიალი. ვმუშაობთ მხოლოდ თანამედროვე აპარატურით, რომელიც მუდმივად ცვალებადია და ტექნოლოგიურ მიღწევებს ფეხდაფეხ მივყვებით. გახსნის დღიდან აპარატურა რამდენჯერმე განვაახლეთ და ამჟამად 2022 წლის უახლესი სისტემებით ჩავანაცვლეთ, როგორც კი მსოფლიო წამყვან მწარმოებლებში ახალი სისტემები ჩნდება პირველი ჩვენთანაც შემოდის“, – ირინა ჩემია.

2022 წლის ზაფხულის მიწურულს „დენტოკლუბი“ უკვე 2022 წლის ტექნიკით მუშაობს – ეს კომპანიის რებრენდინგის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ქსელში აპარატურა სრულად განახლდა. ირინა ჩემია გვეუბნება, რომ „დენტოკლუბს“ დღეისთვის ისეთი აპარატურა აქვს, რაც მსოფლიოში ბევრი კლინიკისთვის ფუფუნებაა, აქ იგულისხმება როგორც დიაგნოსტიკის აპარატურა, ასევე სტომატოლოგიური სავარძლები. „დენტოკლუბი“ აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი ფინური ბრენდის “Planmeca”-ს სტომატოლოგიური სავარძლებით, სადიაგნოსტიკო აპარატურით, ვიზიოგრაფიით, ორთოპანტომოგრაფიის და დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატებით. ახალი თაობის ტექნიკას გააჩნია ინფექციების კონტროლი, სპეციალური პროგრამის მეშვეობით აპარატურა თვითდეზინფექციას ატარებს. რაც შეეხება რენტგენულ დიაგნოსტიკურ მიმართულებას, „დენტოკლუბის“ აპარატებს დასხივების მინიმალური რეჟიმები აქვთ, ინდივიდუალური პროგრამები – ბავშვებისა და ორსულებისთვისაც.

ქეთევან ჩემია / ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

პირველი ფილიალის გახსნიდან მალევე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, „დენტოკლუბს“ მეორე ფილიალი დაემატა და ის ლუბლიანას 62 ნომერში განთავსდა, აქ ფილიალის ხელმძღვანელი მარინა ჩემიაა. დებმა ჩათვალეს, რომ ახალი კლინიკით ბაზარზე ახალი სიტყვა უნდა ეთქვათ, ამიტომაც აქ ზოგადი ანესთეზიით მკურნალობის მეთოდი დანერგეს. მარინა გვიყვება, რომ შიში სტომატოლოგიური მანიპულაციების მიმართ პაციენტებში ჯერ ისევ არსებობს, მათი მიზანი კი სტომატოლოგთან ვიზიტის შიშის დაძლევაა. ლუბლიანას ფილიალში შესაძლებელია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ერთ ეტაპად, სტრესისა და დაძაბულობის გარეშე როგორც თერაპიული ასევე ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა და პირის ღრუს სრული გაჯანსაღება. აღსანიშნავია ისიც, რომ „დენტოკლუბის“ ლუბლიანას ფილიალის ერთ-ერთი ხაზი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტების დახმარებაა. მარინა ჩემია გვიხსნის, რომ სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებსაც სტომატოლოგთან ხანგრძლივად დაყოვნება, ექიმის მითითებების შესრულების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, წლების განმავლობაში დაზიანებული, მტკივნეული კბილებით, პირის ღრუს დაავადებებით უწევთ ცხოვრება. დენტოკლუბი ასეთ პაციენტებს ხსნად მოევლინა და წლობით გაწამებული, დისკომფორტისა და ტკივილის ქვეშ მცხოვრები პაციენტები ამ მდგომარეობიდან იხსნა. „დენტოკლუბში“ სპეციალური საჭიროების პაციენტებს ყველა ამ ტიპის პრობლემის მოგვარება შეუძლიათ.

„ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) სტომატოლოგიური მომსახურება საქართველოში პირველებმა ჩვენ დავნერგეთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ პაციენტის კბილის შენარჩუნებაზე და არა ამოღებაზე. კბილის დაბჟენა პაციენტებისთვის ხშირად დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, ჩვენთან კი შესაძლებელია ამის უმტკივნეულოდ გადატანა. ნარკოზი პაციენტს ზიანს ვერ მოუტანს, ზიანი მოაქვს სტრესს და დიდ ემოციურ დაძაბულობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების საკითხი. რაც არ უნდა შეგნებული იყოს ბავშვი, როცა ერთდროულად რამდენიმე კბილის პრობლემა აქვს, რატომ უნდა გაწირო ის სტრესისთვის? ბავშვობის დროინდელი ტრავმა კი დიდხანს მიჰყვებათ და უკვე მოზრდილ ასაკშიც კი თავს არიდებენ სტომატოლოგთან ვიზიტს “, – მარინა ჩემია.

„დენტოკლუბის“ ლუბლიანას ფილიალში ზოგადი ანესთეზიისთვის ევროპული ხარისხის, წამყვანი ფარმაცევტული ბრენდების სანარკოზე, საანესთეზიო მედიკამენტები გამოიყენება, რომლებსაც ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვთ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. დები ჩემიების ამ კლინიკაში ნარკოზით სტომატოლოგიურ მკურნალობას ექიმების მთელი გუნდი ახორციელებს, დაწყებული ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიით, გაგრძელებული თერაპევტ-სტომატოლოგით და დასრულებული, საჭიროებისამებრ, ქირურგ-სტომატოლოგით. ექიმთა გუნდს ასისტენტირებას უმცროსი ექიმები უწევენ, საოპერაციო ბლოკი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა სისტემითაა აღჭურვილი.

„დენტოკლუბი“საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომლისთვისაც მიკროსკოპი იქნა შეძენილი და აქ კბილების ენდოდონტიური მკურნალობა Carl Zeiss-ის დენტალური მიკროსკოპის გამოყენებით ხდება. კომპანიის დამფუძნებელი ქეთევან ჩემია გვიხსნის, რომ სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრათანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები კლინიკას საშუალებას აძლევს მკურნალობის პროცესში უწყვეტი კონტროლი უზრუნველყოს, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე. მიკროსკოპი სამუშაო ველის მაქსიმალურ განათებას და გადიდებას დაახლოებით 25-ჯერ ახორციელებს, რაც ექიმებს ეხმარება დაადგინონ კბილის ზუსტი ანატომიური აგებულება და მისი მაქსიმალური სიზუსტით აღდგენა უზრუნველყონ. კომპანიას ამ ეტაპზე ორივე ფილიალში მიკროსკოპის 4 აპარატი აქვს და ექიმების გადასამზადებლად სპეციალისტებიც ჰყავდათ მოწვეული. საქართველოში სტომატოლოგიაში ლაზერის დანერგვაც „დენტოკლუბის“ სახელს უკავშირდება. პირველად მალხენი აირით სტომატოლოგიური მკურნალობაც სწორედ „დენტოკლუბში“ დაიწყო. მალხენი აირი უალტერნატივო საშუალებაა იმ ბავშვებისთვის, რომლებთანაც მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია მათი პანიკური შიშისა და დაუმორჩილებლობის გამო. მალხენი აირის მიწოდებისას პაციენტი გონებაზეა, ემორჩილება ექიმის მითითებებს და ხელს არ უშლის მკურნალობის პროცესს.

ირინა ჩემია / ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

„გართულებული ქეისებით მეგობარი კლინიკები პაციენტებს ჩვენთან აგზავნიან, რადგან იციან, რომ აქ ისეთი ხარისხის სერვისი დახვდებათ, რაც სხვა კლინიკებში არ არის. ორივე კლინიკაში არსებული სადიაგნოსტიკო აპარატურა იმის საშუალებას იძლევა, რომ პაციენტმა ადგილზე სრულყოფილი დიაგნოსტირება გაიაროს. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს სხვაგან წასვლის საჭიროება აღარ აქვს. მიკროსკოპის უპირატესობებია: ადვილად აღმოვაჩინოთ არხების შესასვლელი, ვუმკურნალოთ კბილის ქსოვილის მაქსიმალური დაზოგვით; დავადგინოთ დამატებითი არხები და მათი ანატომიური თავისებურებები; გავაკონტროლოთ არხიდან პულპის და ნეკროზული მასების გამოდევნა, რაც გვიცავს მეორადი ინფიცირებისგან; მოვაშოროთ დენტიკლები და კალციფიკატები, რაც ართულებს არხებთან მისადგომის შექმნას; მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელია კბილზე ბზარების და მოტეხილობის ხაზის დადგენა; განმეორებითი ენოდონტიის შემთხვევაში მას შეუცვლელი როლი ენიჭება. ყველაზე გავრცელებული გართულება, რასაც სტომატოლოგი აწყდება ენდოდონტიური მკურნალობის დროს არის პერფორაციები და არხში ჩატეხილი ინსტრუმენტები, რის გამოც პაციენტების უმრავლესობა კარგავს კბილს. მიკროსკოპის საშუალებით ასეთ სირთულეებს მარტივად ვუმკლავდებით“, – ქეთევან ჩემია.

„დენტოკლუბში“ ცალკე ფუნქციონირებს ესთეტიკის კაბინეტი. სტომატოლოგი დები გვიხსნიან, რომ პირის ღრუს ჰიგიენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს კბილების პროფესიული წმენდა, რომლის საშუალებითაც ხდება ღრძილ-ზედა, ღრძილ-ქვედა ქვების და ნადების მოშორება. ირკვევა, რომ ნადების წარმოქმნა ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გავრცელებას პაროდონტის რბილ ქსოვილებში და მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინები ღრძილების დაავადების გავრცელების მიზეზი ხდება.

„ჩვენ ესთეტიკაზე ორიენტირებული კლინიკა ვართ, ჰოლივუდის ღიმილს რასაც ეძახიან. „დენტოკლუბში“ ამ მიზნით პაციენტები მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან ჩამოდიან, რათა უმოკლეს დროში ჩაიტარონ პროცედურები და მიიღონ ესთეტიკური შედეგი. ამას არ სჭირდება თვეობით ლოდინი, ჩვენ პაციენტებს ონლაინ მომსახურებას ვთავაზობთ და ზუსტად იციან როდის უნდა მოვიდნენ კლინიკაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობაცაა“, – ირინა ჩემია.

კლინიკა ონლაინ კონსულტაციას, ცხადია, არამხოლოდ უცხოელ პაციენტებს უწევს, ეს მომსახურება კომპანიამ კოვიდპანდემიამდე გაცილებით ადრე დანერგა. მარინა ჩემია გვეუბნება, რომ პანდემიას მათი კლინიკები მომზადებული შეხვდნენ, არა მხოლოდ დისტანციური კონსულტაციების, არამედ ინფექციის კონტროლის ნაწილშიც.

„დენტოკლუბში“ ეპიდემიოლოგიურ ნაწილს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით, ასე იყო ეპიდემიამდეც. ამიტომაც კოვიდპანდემია ჩვენთვის განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა. კოვიდის გამო არც პაციენტების რაოდენობა შემცირებულა და შეიძლება ითქვას, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ეს არც ჩვენს თანამშრომლებს უგრძნიათ. კლინიკამ ყველაფერი გააკეთა თანამშრომელთა შემოსავლების შენარჩუნების მიზნით, ზუსტად გაჰყვა დამატებით კოვიდ რეგულაციებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პანდემიამდეც კლინიკას დეზინფექცია-სტერილიზაციის და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყენების კუთხით მკაცრი შიდა რეგულაციები ჰქონდა“, – მარინა ჩემია.

კომპანიას 12 წლის თავზე დაახლოებით 80 თანამშრომელი ჰყავს, დები გვეუბნებიან რომ გუნდის დაკომპლექტებისთვის საკმაოდ რთული გზა გაიარეს, რადგან როგორც თავად ამბობენ ერთია ვერბალურად მიღებული ინფორმაცია და მეორე კადრის პრაქტიკული გამოცდილება. საბოლოოდ 1-2 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ შეეკრათ გუნდი, რომელიც ახლა „დენტოკლუბის“ ისტორიას წერს. მენეჯმენტი კომპანიაში გუნდურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მარინა ჩემია / ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

„როცა „დენტოკლუბი“ დავაფუძნეთ ორი ამოცანა გვქონდა – კლინიკის როგორც ბრენდის განვითარება და ექიმის, როგორც ასევე ბრენდის დამკვიდრება. 12 წელი გავიდა და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენი პერსონალი ყოველთვის ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს, ეცნობიან ინოვაციებს და დღეს ჩვენი ექიმები საკუთარ გამოცდილებას უკვე სხვებს უზიარებენ. ჩვენ უკვე შეკრული, პროფესიონალური გუნდი ვართ, საიდანაც გასვლა არავის უნდა“, – ქეთევან ჩემია.

როგორც წესი საქართველოში კარგი კლინიკები მაღალ ფასთან ასოცირდებიან, თუმცა „დენტოკლუბის“ მფლობელები გვეუბნებიან, რომ მათი მომსახურების ფასები ქართულ რეალობაზეა მორგებული და რომ მაღალი ხარისხის სერვისის მიღება მომხმარებლის არჩევანია. ამ მიზნით კომპანია წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან და კომერციულ ბანკებთანაც თანამშრომლობს განვადების სერვისის მისაღებად. პაციენტებზე ზრუნვის ნაწილია მათთან გამარტივებული კომუნიკაცია, კომპანია სოციალური ქსელების მეშვეობით დღეში ასობით წერილს პასუხობს.

„პაციენტების კომფორტზე ვართ ორიენტირებული, რომ მათ საჭიროებებს მაქსიმალურად მოვერგოთ“.

„დენტოკლუბი“ საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის აღზრდაშიც, ამიტომაც კლინიკა რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და მათი პერსონალი ჩართულია აკადემიურ განათლებაში. ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დენტოკლუბის კლინიკებში პრაქტიკული სწავლებაც გაიარონ, მათ შორის უცხოელ სტუდენტებსაც. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები სტომატოლოგიურ მანიპულაციებს არ ატარებენ, ისინი პროცესებს ეცნობიან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის მიზანი გაფართოებაა, მოთხოვნის შესაბამისად შესაძლოა „დენტოკლუბის“ ფილიალი მალე დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნას. ასევე უმნიშვნელოვანესი სიახლეები იგეგმება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, ქართული ბრენდის „დენტოკლუბის“ გახსნა თელავივსა და დუბაიში. ამ პროექტებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. დამფუძნებელი ამბობს, რომ მათი სურვილია უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა იყოს როგორც საქართველოს რეგიონულ ჭრილში, ასევე ბრენდის განვითარება მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, რადგანაც საქართველოში დანერგილი სისტემა კონკურენტუნარიანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვისაც.