დონალდ ტრამპი სკოლებისთვის დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება

ტრამპმა, შესაძლოა, სკოლებს ფედერალური დაფინანსება შეუწვიტოს, თუკი ისინი სექტემბრამდე არ გაიხსნებიან. ამის შესახებ პრეზიდენტი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატები თვლიან, რომ სკოლების გახსნა ნოემბრის არჩევნებამდე მათთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება, თუმცა ეს ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში სკოლები უპრობლემოდ გაიხსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების დაფინანსების დიდი წილი შტატებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მოდის და არა ფედერალური მთავრობიდან.

ტრამპის გარდა, განცხადება გააკეთა შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად მუშაობს სახელმწიფო დახმარებების შემდგომ რაუნდზე და აპირებს, გამონახოს გზა, რათა შტატებს ბავშვების სკოლებში დაბრუნების მოტივაცია გაუჩნდეთ.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, ისევ ტვიტერის საშუალებით, ტრამპი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს დაუპირისპირდა და დაწერა, რომ ისინი სკოლებს თითქმის შეუსრულებელ მოთხოვნებს უყენებენ. პენსის თქმით კი, თითოეული სკოლის შესაძლებლობა ინდივიდუალური და განსხვავებულია, ამიტომაც სამოქმედო გეგმა ძალიან მკაცრი არ უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: მოსწავლეებს შორის ორ მეტრიან დისტანციას, საერთო სივრცეების დახურვასა და განახლებულ ვენტილაციის სისტემას.

შტატებში სწავლის დაწყებამდე რამდენიმე კვირა რჩება, თუმცა კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჯერ ისევ არ არსებობს. სკოლების გახსნა მნიშვნელოვანი კომპონენტია შტატების ეკონომიკის აღდგენისთვის და უმუშევრობის შესამცირებლად. აშშ-ის სკოლებში 50 მილიონზე მეტი მოსწავლე ირიცხება, პანდემიის პირობებში სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გამო კი, მილიონობით მშობელი იძლებული გახდა, სრულ განაკვეთზე მუშაობა შეეწყვიტა.