პროფესიით იურისტი მეგობრების ძირითადი საქმიანობა სასამართლო მედიაციას უკავშირდება. ნინი მაჩაიძე-დოლიძემ და თამთა დევდარიანმა ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, ბავშვობის გატაცების ბიზნესად ქცევა გადაწყვიტეს. ხატვითა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების ჰობი მალევე იქცა სამკაულის ახალ ქართულ ბრენდად. „ეპიდოტის“ თავგადასავალსა და სამომავლო გეგმებს კომპანიის დამფუძნებლები და დირექტორები, ნინი და თამთა გვიზიარებენ.
როგორ გაჩნდა „ეპიდოტის შექმნის იდეა?
ჩვენი შთაგონების წყარო ფილიპინები აღმოჩნდა. ნინი რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად სწორედ აქ ცხოვრობს. ფილიპინებში უხვად მოიპოვება ნატურალური ფერადი ქვები, მარგალიტები და მცენარეები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დასამზადებლად.
პირველი შთაბეჭდილებების ერთმანეთისთვის გაზიარების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის შეგვექმნა განსხვავებული და რაც მთავარია, ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული სამკაულები.
ჩვენი ბრენდის წარმოების გამორჩეული სამკაული მრავალწლიანი მცენარისგან მზადდება. მისი სახელწოდებაა „ნიტო“ და ის მხოლოდ ფილიპინებში მოიპოვება.
იდეის დაბადებისთანავე დავიწყეთ საქმიანი მოლაპარაკებები ფილიპინელ ხელოვანებთან, რომლებიც მრავალი წელია საქმიანობენ ნატურალური პროდუქციის წარმოების მიმართულებით.
ამჟამად ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზე. ამავდროულად, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სეზონურ კოლექციებსაც.
რა მიზნით დააფუძნეთ „ეპიდოტი“?
ჩვენი ბრენდის შექმნის მიზანი იყო ქალბატონებისათვის, უპირველეს ყოვლისა ქართველი ქალბატონებისათვის, შეგვეთავაზებინა განსხვავებული და ორიგინალური დიზაინის სამკაული, რომელიც იქნებოდა მხოლოდ ნატურალური და ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული და მათ ყოველდღიურობას გაულამაზებდა.
რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება ამ პერიოდის განმავლობაში?
უნდა აღინიშნოს, რომ იდეას რეალიზაცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ეს გამოწვევები ძირითადად დაკავშირებული იყო სხვადასხვა სამართლებრივ თუ ფინანსურ საკითხთან. გამოვყოფდით, იმპორტს და მასთან დაკავშირებული საკითხებს: სამკაულში გამოყენებული მასალის იმპორტულად შემოგვაქვს ფილიპინებიდან. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ფილიპინები შეყვანილია მაღალი რისკის AML (ANTI MONEY LAUNDERING) ქვეყანათა სიაში, პროდუქციის იმპორტირებისას, ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება იქნება თუ სახელმწიფო საზღვარზე ტვირთის შემოტანა (საბაჟო პროცედურების გავლა), ყველა პროცესი მეტად კომპლექსურია და მოითხოვს არაერთი დოკუმენტის მომზადებასა თუ დამატებითი ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას.
გამოწვევებს შორის დავასახელებდით ასევე პროდუქციის შესაფუთი მასალის დამზადებას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე ოპერირებს არაერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს დაამზადოს შესაფუთი ყუთი, სტიკერი და ა.შ. ყოველთვის პრობლემაა პროდუქციის მიწოდების ვადები და ფასი. შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის შესაფუთი მასალის 90% იმპორტირებულია ფილიპინებიდან. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხსა და დიზაინს, არამედ მისი მომხმარებლამდე მიტანის ვიზუალურ მხარეს, რათა ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ ბრენდირებული და განსაკუთრებულად შეფუთული პროდუქტი.
ბრენდინგზე ადგილობრივმა კონსულტანტებმა იმუშავეს თუ ქართველებმა?
ბრენდინგზე, დიზაინსა და ბრენდის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაზე თავად დამფუძნებლებმა ვიმუშავეთ და ამჟამადაც ჩვენ ვმართავთ ამ მიმართულებას.
თქვენი აზრით რა გამოარჩევს „ეპიდოტს“ სხვა ნატურალური ქვებისგან დამზადებული აქსესუარებისგან?
ვფიქრობთ, ვამართლებთ ჩვენს სლოგანს „ეპიდოტი – ბუნებრივი ქვების ტრანსფორმაციაა სამკაულებში“. დღეს ჩვენ ვქმნით ბრენდის სამკაულს, რომელიც არ მეორდება, არის განსხვავებული, მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და სტილის ქალბატონის გემოვნებაზე და რაც მთავარია, ნატურალურია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული ნამუშევარი ორიგინალურია და იქმნება მხოლოდ ერთ ეგზემპლარად. თავად სამკაულში გამოყენებული მინერალი არ იძლევა საშუალებას იყოს სხვა ქვის ანალოგი, ამასთან, ჩვენ არ ვამუშავებთ სამკაულში გამოყენებულ მინერალებს ქარხნული წესით და ვინარჩუნებთ მის ბუნებრივ იერსახეს – ფერსა და ფორმას. უფრო მეტიც, დროსთან ერთად ქვა განიცდის ბუნებრივი დაძველების პროცესს, რაც ჩვენი ბრენდის განსხვავებულობასა და განსაკუთრებულობაზე მეტყველებს.
ვინ მუშაობს უშუალოდ სამკაულების დიზაინზე და რას აქცევთ ყურადღებას, როდესაც ესკიზი იქმნება?
სამკაულის დიზაინის და ზოგადად, თითოეული კოლექციის შექმნაზე უშუალოდ ჩვენ, დამფუძნებლები ვმუშაობთ. უპირველეს ყოვლისა, რასაც ვითვალისწინებთ ნამუშევრების შექმნისას, არის ის რომ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური მასალა.
ჩვენი ხედვა ემთხვევა გლობალურ ტენდენციას, როდესაც პროდუქციის შექმნისას მაქსიმალურად იყენებენ ნატურალურ და ბუნებრივ მასალას. შესაბამისად, ჩვენი ბრენდიც უერთდება აღნიშნულ მისწრაფებასა და მიდგომას და ჩვენი მხრივ, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ბუნებრივი და მაქსიმალურად ნატურალური პროდუქციის გამოყენებას, რეალიზაციას და მსგავსი ტენდენციის დამკვიდრებას საქართველოში.
ვინ არის „ეპიდოტის“ სამიზნე აუდიტორია?
„ეპიდოტი“ ნებისმიერი ასაკის, გემოვნებისა და სტილის ქალბატონზე მორგებულ ნამუშევრებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ჩვენი პოტენციური მომხმარებელი უნდა გააოცოს როგორც სამკაულის ორიგინალურობამ, ასევე მისმა განსაკუთრებულმა შეფუთვამ. ამ ეტაპზე ბრენდი ექსკლუზიურ კოლექციას ქმნის ქართველი მომხმარებლებისათვის, თუმცა, მომავალში განვიხილავთ თანამშრომლობას უცხოელ ხელოვანებთან და სამკაულების რეალიზაციას საზღვრებს გარეთაც.
საწყის ინვესტიციაზე შეგვიძლია ვისაუბროთ?
„ეპიდოტის“ საწყისი კაპიტალი არც თუ ისე დიდი იყო და წარმოადგენდა უშუალოდ ჩვენი, დამფუძნებლების დანაზოგს. ამ ფინანსური რესურსით მომზადდა ეპიდოტის პირველი კოლექცია და დავფარეთ ის ყველა ხარჯი, რაც უკავშირდებოდა პროდუქციის შექმნასა და მის ბრენდინგს. ამჟამად, კომპანია მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, უკვე თავად ფარავს ბრენდთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქართული ბრენდის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ ისეთ პროექტებში, რომელიც მეწარმე ქალების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობას, სტიმულირებას და მოტივირებას ისახავს მიზნად. ვგეგმავთ მონაწილეობა მივიღოთ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
სამომავლოდ გვაქვს მიზანი, რომ „ეპიდოტის“ პროდუქციის რეალიზაცია არა მხოლოდ ონლაინ პლატფორმების საშუალებით მოხდეს (FB, INSTAGRAM), არამედ ფიზიკურ სივრცეშიც – უახლოესი ამოცანაა, რომელიმე სავაჭრო ცენტრში განვათავსოთ ჩვენი სტენდი, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება უშუალოდ დაათვალიეროს და მოირგოს პროდუქცია შეძენამდე.