სახელმწიფოსთვის 2019 წლის განმავლობაში შშმ პირთა განათლება და დასაქმება კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იყო. სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამები, აუდიო და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოების მისაწვდომობა, სპეციალური პედაგოგების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია – ეს საკითხები ჯერ კიდევ მოუგვარებელია.
ამასთან, კვლავ არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვთა რაოდენობის და მათი საჭიროებების შესახებ.
არსებული კანონმდებლობა სრულად არ უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების უფლებას განათლების უმაღლეს საფეხურზე. დასაქმების პრობლემის უმთავრესი განმაპირობებელი კი ეს მოუწესრიგებელი განათლების სისტემაა, რომელიც არ არის მორგებული შშმ პირებზე და აფერხებს მათ დასაქმებას საჯარო სამსახურში. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ საჯარო საქმიანობის განხორცილება სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველია. თანაც, დასაქმება ჯერ კიდევ ცალკეული ორგანიზაციების ინიციატივით ხდება და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის ამოწურვის შემდეგ, შშმ პირთან შრომითი ურთიერთობა, უმეტესად არ გრძელდება. ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი ბარიერი კვლავ არაადაპტირებული გარემო რჩება. დღეს მოქმედი კანონმდებლობა კი გონივრულ მისადაგებაზე უარს დისკრიმინაციად არ განიხილავს.
ამასობაში, შშმ პირთათვის გამოწვევად რჩება სოციალური დანიშნულების ობიექტებით, მუნიციპალური ტრანსპორტითა და საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა. აღნიშნული პრობლემა სახელმწიფომ აღიარა, მის აღმოსაფხვრელად პარლამენტს კანონპროექტიც წარედგინა, მაგრამ ის დღემდე არ შესრულებულა, – აღნიშნულია “კოალიცია თანასწორობისთვის” მიერ შედგენილ 2019 წლის ანგარიშში.