როგორ გამოიყენება კლდოვანი მტვერი კატასტროფული გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად

სამეცნიერო ჟურნალ „Nature”-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს სახნავ-სათეს მიწებზე კლდოვანი მტვრის მიმოფანტვამ შესაძლოა კაცობრიობა კლიმატის კატასტროფული ცვლილებისგან იხსნას. ამ მეთოდით შესაძლებელი გახდება თავიდან ავიცილოთ ნახშირორჟანგის მასობრივი გამოყოფის გამო მოსალოდნელი გლობალური დათბობის მაღალი დონე.

კლდოვანი ინერტული მტვრის ინტენსიურად მიმოფანტვის ტექნიკის  (ERW) გამოყენებით შესაძლებელია დიდი რაოდენობის CO2-ის შთანთქმა. ვინაიდან ქვებსა და კლდოვან რელიეფს ბუნებრივად აქვს უნარი შთანთქოს ნახშირორჟანგი, მისი დაქუცმაცება და შემხები ზედაპირის ფართობის გაზრდა ERW მეთოდს გაცილებით ეფექტურს ხდის.

შეფილდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ხელმძღვანელი დევიდ ბერლინგი აცხადებს, რომ დღესდღეობით ERW ტექნიკა ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური და ეფექტურია უკვე არსებული CO2-ის დონის შესამცირებლად გამოყენებულ სხვა მეთოდებს შორის.ამავდროულად  გასათვალისწინებელია, რომ ტექნოლოგიის იმპლემენტაციას გარკვეული შეზღუდვები უდგას წინ, როგორიცაა კლდოვანი რესურსების რაოდენობა და ქვეყნების მზაობა. 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით 2050 წლამდე ყოველწლიურად დაახლოებით 0.5-დან 2 გიგატონამდე CO2-ის შთანთქმა იქნება შესაძლებელი. საუკეთესო შემთხვევაში, თუ ყოველწლიურად შესაძლებელი იქნება 2 გიგატონა CO2-ის შთანთქმა, მსოფლიო „CO2-ის ბიუჯეტი“ 12%-ით დაიზოგება.  „CO2-ის ბიუჯეტი“ ნახშირორჟანგის გამოყოფის მაქსიმალური რაოდენობაა, რისი გადაჭარბების შემდეგ საშუალო გლობალური ტემპერატურა 2ᵒС-ს გადასცდება, რაც შედეგად კლიმატური კატასტროფების რიცხვს და ინტენსიობას გაზრდის.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტექნოლოგის დადასტურებული დადებითი მხარე მოსავლიანობის გაზრდასაც მოიაზრებს.

ERW ტექნოლოგიით ნახშირორჟანგის შთანთქმის ყოველწლიური გიგატონებში

Chart: New Scientist Source: Nature Get the data Created with Datawrapper

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ნამარხი საწვავის გამოყენების შედეგად ყოველწლიურად 35 გიგატონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა. უდიდეს CO2-ის გამომყოფ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი, ა.შ.შ, ინდოეთი და ბრაზილია, შესაბამისად სწორედ ამ ქვეყნებშია ყველაზე ეფექტური ERW ტექნოლოგიის გამოყენება.