ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კიდევ ერთი NOTAM გამოსცა. NOTAM იგივე Notice To Airman წარმოადგენს ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებულ შეტყობინებას ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
აღნიშნული შეტყობინების თანახმად, საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 31 აგვისტოს ჩათვლით იზღუდება, თუმცა გამონაკლისი ვრცელდება პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე თბილისის მიმართულებით პარიზიდან, მიუნხენიდან და რიგადან.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 21 მარტიდან სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა, გარდა Georgian Airways-ის წინასწარ განსაზღვრული რეისებისა, რომელთა მიზანიც საზღვარგარეთ მყოფი საართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება იყო.
ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლისა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა 1-ლი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა აღნიშნული საკითხი უკვე მეხუთედ გადაიდო, ხოლო რეგულარული ფრენების აღდგენა 1-ელი სექტემბრიდან დაანონსდა.