Forbes არც წელს ღალატობს ტრადიციას და კვლავ გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიას. გასულ წელს თუკი სიის სათავეში გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი იყო, წელს იგი სიაში საერთოდ აღარ გვხვდება. სიაში მეორე პოზიცია დაკარგა სხვა ევროპელმა ლიდერმა ქალმა – კრისტინ ლაგარდმაც, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ამჟამად მესამე ადგილზეა. კიდევ ერთი ევროპელი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ოთხი პოზიციით ჩამოქვეითდა და ამჯერად სიაში მერვე ადგილზეა, ურსულა ფონ დერ ლაიენია – ევროკომისიის პრეზიდენტი.
წარმოგიდგენთ Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების ათეულს:
10. ჯული სვიტი
54 წლის ამერიკელი აღმასრულებელი Forbes-ის ორ სიაში გხვდება: 50 Over 50 – Investment 2021 და Power Women 2021. ჯული გლობალური სერვის-კომპანია Accenture-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის ასევე არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების მრჩეველი და კომპანია Catalyst-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
9. ცაი ინ-ვენი
65 წლის ცაი ინ-ვენი ტაივანის პრეზიდენტია. 2016 წელს არჩევნებში პირველად გამარჯვებისას, ის ტაივანის პირველი ქალი ლიდერი გახდა. ამასთან, ტაივანის ისტორიაში პირველი ლიდერი იყო, რომელიც დაოჯახებული არ იყო. ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე 2020 წლის არჩევნებზე მან კვლავ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და უფრო დიდი ძალისხმევა მიმართა პანდემიის წინაამდეგ ბრძოლისკენ. ასევე, გააძლიერა ბიოტექნოლოგიების, თავდაცვისა და მწვანე ენერგეტიკის მიმართულებები.
8. ურსულა ფონ დერ ლაიენი
63 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომიის პრეზიდენტია 2019 წლიდან. ის პირველი ქალია აღნიშნულ პოზიციაზე და პასუხისმგებელია იმ საკანონმდებლო პროცესების წარმართვაზე, რომელსაც 700 მილიონ ევროპელზე აქვს გავლენა. წარმოშობით გერმანელი პოლიტიკური ლიდერი ანგელა მერკელის მინისტრთა კაბინეტში ყველაზე დიდ ხანს მუშაობდა – ბოლო ექვსი წელი კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
7. ანა პატრიცია ბოტინი
61 წლის ანა პატრიცია ბოტინი ესპანეთის უმსხვილესი კომერციული ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ბანკის მართვას იგი 2014 წლიდან შეუდგა, მამამისის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ. 2017 წელს მანდ 1 ევროდ შეიძინა გაკოტრებული ესპანური ბანკი Banco Popular და ქვეყნის უმსხვილესი კომერციული საბანკო ინსტიტუციის მმართველიც გახდა. ბოტინის მტკიცედ სჯერა, რომ ფინანსური ინდუსტრიის მომავალი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული კრიპტოსთან.
6. აბიგეილ ჯონსონი
59 წლის აბიგეილ ჯონსონი Fidelity Investments-ის აღმასრულებელი დირექტორია 2014 წლიდან, ხოლო 2016 წლიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც. Forbes-ის შეფასებით, ჯონსონის ქონების მოცულობა 25.6 მილიარდი აშშ დოლარია და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 85-ე ადგილს იკავებს.
5. მელინდა გეითსი
57 წლის მელინდა გეითსი ქველმოქმედების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. იგი ყოფილ მეუღლე ბილ გეითსთან ერთად მართავს ფონდს „Bill and Melinda Gates Foundation“. Forbes-ის შეფასებით, მელინდა გეითსი 6.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს.
4. მერი ბარა
59 წლის მერი ბარა General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორია 2014 წლიდან. ის GM-ის პირველი ქალი ხელმძღვანელია და ზოგადად, ავტოინდუსტრიაში მხვილი კომპანიის პირველი ქალი CEO-ა. მისი ხელმძღვანელობის შედეგად დღეს GM-ში სახელფასო სხვაობა გენდერის ნიშნით აღარ არის.
3. კრისტინ ლაგარდი
65 წლის ლაგარდი ევროპის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობს 2019 წლიდან. 2011-2019 წლებში ის მსოფლიო სავალუტო ფონდს (IMF) ხელმძღვანელობდა. ორივე პოზიციაზე ის პირველი ქალი ხელმძღვანელი იყო. ის ასევე გახლდათ მსოფლიოს უდიდესი იურიდიული ფირმა Baker & McKenzie-ის პირველი ქალი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
2. კამალა ჰარისი
57 წლის ჰარისი 2021 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალია, ვინც ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2010 წელს ის კალიფორნიის მთავარი პროკურორი გახდა, მოგვიანებით, 2017 წლიდან იგი ამავე შტატის სენატორი გახლდათ.
1. მაკენზი სკოტი
51 წლის მაკენზი სკოტი საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ქველმოქმედი და მწერალი. ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი Amazon-ის 25%-იანი წილის მფლობელია. მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში სკოტმა ქველმოქმედების სახით 8 მილიარდ აშშ დოლაზე მეტი გაიღო. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონების ღირებულება 59.2 მილიარდი აშშ დოლარია და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში N22 პოზიციასაც იკავებს.