Forbes: 2010-2020 წლებში მილიარდერთა რაოდენობა გაორმაგდა

ფორბსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში მოიცავს 2010-2020 წლებში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას, ამ პერიოდის განმავლობაში მათი საერთო შემოსავლების, რაოდენობის ცვლილებასა და მათ გადანაწილებას ქვეყნების მიხედვით.

Photo Credits to Andrew Harrer/Bloomberg

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო მილიარდერთა რიცხვი 2,153-დან 2,095-მდე შემცირდა. ათასობით მილიარდერებმა გამოყო თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად, მათ შორის ბილ გეითსმა 255 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქველმოქმედება გაიღო.

2010-2020 წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსოფლიო მასშტაბით მილიარდერთა რაოდენობა. კერძოდ, თუ 2010 წელს 1,001 მილიარდერი აღირიცხებოდა, 2020 წელს მათი რიცხვი გაორმაგებულია და 2,095 ადამიანს მოიცავს. რაც შეეხება მათ საერთო შემოსავლებს, აღნიშნული 3.6 ტრილიონი აშშ დოლარიდან 8 ტრილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

საყურადღებოა, რომ 10 წლის განმავლობაში მილიარდერთა საერთო რაოდენობით პირველობას არ თმობს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 2020 წლის მონაცემებით 614 მილიარდერია წარმოდგენილი (2010 წელი – 404 მილიარდერი), მათი საერთო ქონება კი 1.4 ტრილიონი აშშ დოლარიდან 2.9 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.  

უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლამდე რუსეთი მილიარდერთა საერთო რაოდენობით პირველ სამეულში იყო, 2015-2020 წლებში კი მეხუთე ადგილას გადაინაცვლა. განსხვავებით რუსეთისა, ქვეყნების სამეულში პოზიციას ჩინეთი ინარჩუნებს, რუსეთის ჩამოქვეითების შემდგომ კი უკანასკნელი ხუთი წელია მეორე ადგილს იკავებს (2020 წელი – 389 მილიარდერი, საერთო ქონება – 1.2 ტრილიონი აშშ დოლარი). მათ გარდა 2010-2020 წლებში ქვეყნების ხუთეულში გერმანია და ინდოეთი სახელდება, უკანასკნელი მხოლოდ 2014 წელს ჩაანაცვლა ბრაზილიამ.

რაც შეეხება, უკანასკნელ ათ წელიწადში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს, მათი გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება:

2010-2013 წლებში ყველაზე მდიდარ ადამიანად ზედიზედ სამჯერ კარლოს სლიმი დასახელდა, რომლის ქონებაც მიმდინარე წლებში 53.5 აშშ დოლარიდან 73 მილიარდი აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2014 წელს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ბილ გეითსი დასახელდა, რომელმაც პირველობა 2017 წლამდე შეინარჩუნა, მისი ქონება კი 76 მილიარდი აშშ დოლარიდან 86 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2018 წელს მესამე ადგილიდან 112 მილიარდი აშშ დოლარით პირველ ადგილზე ჯეფ ბეზოსმა გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მისი ქონება 72.8 აშშ დოლარს შეადგენდა. ბეზოსი უკვე მესამე წელია პირველობას ინარჩუნებს და 2020 წელს კვლავ ფორბსის რეიტინგის სათავეშია, უკვე 113 მილიარდი აშშ დოლარით.

No Comments Yet

Comments are closed