თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დააფინანსებს

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა დააარსეს ფონდი, რომლის მიზანსაც სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის 4 წლის განმავლობაში სწავლისა და პირველი სასწავლო წლის სტიპენდიის დაფინანსება წარმოადგენს. Forbes Woman Georgia ფონდის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ირაკლი დოლიძეს ესაუბრა.

ფონდზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ, გვინდოდა სწავლა დაგვეფინანსებინა სტუდენტებისთვის, ვისაც განათლების მიღების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას.“

ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის შექმნის საფუძველი უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება და მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობის რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის მიცემის სურვილი გახდა – „თავისუფალ უნივერსიტეტში გატარებული წლები ჩვენთვის ცოდნასთან, ახალ შესაძლებლობებთან და შეძენილ მეგობრებთან ასოცირდება და ვფიქრობთ, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო. ამიტომაც, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გვინდა, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს იმავე გარემოში განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა“.

ფონდი გეგმავს ყოველ ახალ მიღებაზე სულ მცირე ერთ სოციალურ სტუდენტს მაინც დაუფინანსოს თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის ხარჯები.  ფონდის პირველ პროექტს ჰქვია „დააფინანსე შესაძლებლობა“, რომელიც მიზნად ისახავს 2020-2021 წლის მიღების სოციალურად დაუცველი სტუდენტების ოთხი წლის სწავლის საფასურისა და პირველი სასწავლო წლის სტიპენდიის დაფინანსებას. 2020 წელს გვინდა, რომ ერთი სტუდენტი მაინც დავაფინანსოთ, რაც ჯამში (ერთ სტუდენტზე) 18,600 ლარი გამოდის“.  ამ დროისათვის შეგროვებული თანხა 5 596 ლარს შეადგენს და ფონდს 56 შემომწირველი ჰყავს. ალუმნი ფონდი იმ სოციალურად დაუცველ პირს დააფინანსებს, რომლის სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარებს, ამასთან გამოცდებზე ექნება იმ სოციალურ დაუცველ პირებზე მაღალი ქულა, რომლებიც ასევე თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარებენ.

ფონდი აერთიანებს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და არამხოლოდ. სულ რამდენიმე დღეა, რაც ფონდმა საჯაროდ დაიწყო მუშაობა. ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ალუმნი ფონდის შექმნის ინიციატივას კურსდამთავრებულებისა და ამ იდეის სხვა გულშემატკივრების მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ალუმნის ასეთი ჩართულობა, ფონდს საშუალებას მისცემს მომავალ წლებში სწრაფად გაიზარდოს და უფრო მეტი პროექტით შეძლოს სტუდენტების ხელშეწყობა.“

ალუმნი ფონდი საქმიანობით საქართველოს განათლების მნიშვნელოვან გამოწვევებს –  განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას პასუხობს. „ამგვარი პროექტების განხორციელების გარდა, გვსურს, რომ ალუმნი ფონდმა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დააკავშიროს ერთმანეთთან, რადგან ის ადამიანური რესურსი რაც თავისუფალ უნივერსიტეტში იქმნება, ქვეყნის მრავალ მნიშვნელოვან გამოწვევას გაუმკლავდება“.

ფონდის საქმიანობის მხარდაჭერის მსურველები დონაციასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებ-გვერდზე იპოვით: www.alumnifund.ge