დარეგისტრირებული 580 გოგო | 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 𝟐𝟎𝟐𝟑-ზე რეგისტრაცია დასრულდა

𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 𝟐𝟎𝟐𝟑 წლის რეგისტრაცია დასრულდა. გვიხარია, რომ დაინტერესება უპრეცედენტო იყო და წელს, პროექტში 580 სკოლის მოსწავლე გოგო მიიღებს მონაწილეობას, 160 მენტორთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში გოგოები ჩართულნი არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

Technovation Girls 2023-ს გლობალური პროექტის ელჩი საქართველოში ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯიაა.

„ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის მასპინძლობა წელს ალტე უნივერსიტეტმა ითავა და მე წარმოვადგენ საქართველოს ელჩს. გოგოებისთვის ამ პროექტს მოაქვს ძალიან ღირებული შედეგები – ერთის მხრივ, თემში პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტის გამოცდილება მათ დაეხმარებათ, განივითარონ ახალი პროდუქტების შექმნის უნარი და მომავალში შექმნან საკუთარი ტექნოლოგიური სტარტაპები. მეორეს მხრივ, ამ პროექტში ისინი იძენენ ცოდნას აპლიკაციების შექმნის და მანქანური დასწავლის მოდელების მიმართულებით, რაც დღეს, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების აქტიური განვითარების დროში, ძალიან სასარგებლოა“. – აღნიშნავს ნანა დიხამინჯია.

პროექტი ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA • Tech Park) და STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება.

„ჩემთვის, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანისთვის, ძალიან სასიხარულოა გოგოების ასეთი დაინტერესება ტექნოლოგიებით. ეს პროექტი დაეხმარება მათ, გაიაზრონ ტექნოლოგიური სფეროს შესაძლებლობები და აირჩიონ დღეს აქტუალური პროფესიები. სწორედ ასეთ გოგოებს ველით ჩვენი სკოლის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე.“ – აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო სკოლის დეკანი, ნანი არაბული.

შეგახსენებთ, რომ Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 12 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, შეიმუშავებენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებს და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს. პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, ყველა გუნდს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს გლობალურ შეჯიბრში, რომლის ფინალიც კალიფორნიაში გაიმართება.

პროექტის მედია პარტნიორია Forbes Woman Georgia

თუკი ტექნოლოგიების შესწავლით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი: და შემოგვიერთდი ნანა დიხამინჯიას საჯარო ლექციაზეც,  20 მარტს, 17:00 სთ-ზე.