საქართველოს მთავრობის უარი Wizzair-სა და Ryanair-ს | ნათია თურნავას განმარტება

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განცხადება გააკეთა  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების  საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები გაიმართა ავიაკომპანია Wizz Air-სა და Ryanair-თან, რომელთაც მოთხოვნაზე, შეესრულებინათ მაღალი სიხშირის ფრენები, უარი მიიღეს. აღნიშნულის მიზეზად ნათია თურნავა კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციას ასახელებს. მისი თქმით, გახშირებული  ფრენები თავისთავად ადამიანთა დიდ ნაკადს ნიშნავს, რაც გაართულებს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მართვას. მინისტრმა აქვე დასძინა, რომ ავიაკომპანია Lufthansa-სა და Air France-ს მიერ მოთხოვნილი შედარებით ნაკლები სიხშირის ფრენების გამო, მათთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა აგვისტოდან განახლდება, ხოლო ფრენებს კომპანიები Air Baltic¸ Air France და Lufthansa შეასრულებენ.

„მოდით, კიდევ ერთხელ ავხსნი რატომ არის, რომ „რაინეართან“ და „ვიზეართან“ მოლაპარაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე, მაგალითად, „ლუფთჰანზასთან“ ან თუნდაც „ეარფრანსთან“ დაგვჭირდა. „ვიზეარი“ და „რაინეარი“ ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და, რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები, როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს, რადგან „ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ჩვენი დიდი მხარდაჭერით არის შემოყვანილი. ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს, რომ კვლავ მასშტაბურად აღდგეს მათი ფრენები, მაგრამ მთავარია, ძირითადი მონაპოვარი – ჯანმრთელობა დავიცვათ“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მაღალი სიხშირის ფრენების აღდგენის თარიღს, მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე უჭირს და ეს ყველაფერი საქართველოსა და სხვა ქვეყნების მზაობაზეა დამოკიდებული: „როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, ასევე, როდესაც მსოფლიო და ის ქვეყნები იქნებიან მზად, საიდანაც ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს, მაშინ დავუშვებთ ფრენებს“.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.