საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა

Photo via APM Terminals

საქართველოს სტატისტიკის სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.  დოკუმენტის თანახმად 2020 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა, ხოლო პირველი კვარტლის (იანვარი-თებერვალი-მარტი) საშუალო ზრდა 1.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კლება საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. ეს სავარაუდოდ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის და ქვეყანაში დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შედეგია. მარტის თვეში იმპორტის მოცულობა 13.4%-ით, ხოლო ექსპორტი 22%-ით შემცირდა, რაც სწორედ კორონავირუსის გავლენის გამო შემცირებული საგარეო მოთხოვნით უნდა იყოს გამოწვეული.

წინა წლის მარტთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც. 2020 წლის მარტში მხოლოდ 2,426 საწარმო დარეგისტრირდა რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის 50%-ით ნაკლებია.

კლება დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, ხელოვნების, გართობის და დასვენების, ვაჭრობის და დამამუშავებელი დარგების სექტორების შემცირება. შემცირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორიც, რაც ძირითადად ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთებიდან მიღებული შემოსავლების კლებით არის გამოწვეული.

თუმცა გამონაკლისის სახით, წინა წელთან შედარებით ზრდა შეინიშნება მშენებლობის, ინფორმაციისაა და კომუნიკაციის სექტორებში. როგორც საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე აღნიშნავს, მშენებლობაში ზრდა ძირითადად ინფრასტუქტურულმა პროექტებმა (გზები, ავტობანები, ხიდები) განაპირობა, რომლებსაც ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა კი ციფრულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის მოცულობის ზრდამ განაპირობა.

იქიდან გამომდინარე, რომ მარტის დასაწყისში ჯერ კიდევ ფიქსირდებოდა გარკვეული ეკონომიკური აქტივობა, ხოლო მეორე ნახევარში საგანგებო მდგომაროების გამოცხადების შემდეგ აქტივობა თითქმის მთლიანად შემცირდა, აპრილში საქართველოს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად შემცირებაა მოსალოდნელი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებენ.